
ხმას როცა არ ამოიღებ საქართველოში ძალადობაზე, ამ ძალადობას ზუსტად იმავე მეთოდებით შენს დედაქალაქებში მიიღებ. მანამდე გაგრძელდება, ვიდრე საქართველოში ძალადობაზე თვალს დახუჭავენ. ეს ის კანონზომიერებაა, რომელიც ამ შემთხვევაში მოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის დედაქალაქებში აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის სივრცეში დღეს იდენტობის კრიზისია, რის გამოხატულებასაც ვხედავთ.
„ვხედავთ, რომ ეს არ არის შემთხვევითი, სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში პარალელური პროცესები მიმდინარეობს. მგონი, საჭიროა ამ საკითხის გაანალიზება და ხელისგულზე დევს პასუხიც, რატომ არის ეს პროცესები და ძალადობები. ეს არის იდენტობის ის კრიზისი, რომელიც დღეს ევროკავშირის სივრცეშია. ევროკავშირი ევროპას ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიაქანებს. ეს არის შედეგი ბრიუსელის შიდა პოლიტიკის, მათ შორის საგარეო პოლიტიკის, რომელმაც იდენტობის კრიზისამდე მიიყვანა სხვადასხვა საზოგადოებები და ქვეყნები. ეს აქციები სწორედ ამის გამოვლინებაცაა. შეიძლება, ეს ძალადობები შეწყდეს, მაგრამ ყველაფერი დროებითი იქნება, ვიდრე ევროკავშირი ძირეულად არ გადაიაზრებს, ვინ არის, რა არის, რა იდენტობაზე დგას, რა არის მისი ღირებულებები და მისი ევროპული მომავალი. რაზეც ვსაუბრობდით, ცივილიზაციურ უფსკრულზე, რომლისკენაც მიაქანებს ევროკავშირი ევროპას, სწორედ ამ პროცესს ვუყურებთ დღეს. გვინდა, ევროპას ავარიდოთ ის ბედი, რომ ევროპული ცივილიზაცია უფსკრულში აღმოჩნდეს. ამიტომაც ვაკრიტიკებთ ბრიუსელს და ევროკავშირს, რადგან მათი ხელით ხდება ევროკავშირის, ევროპის ცივილიზაციური დასამარება. ეს არის მთავარი პრობლემა. კომენდანტის საათი, აქციის წინააღმდეგ რაღაც ძალის გამოყენება მთავარ საკითხს არ წყვეტს. მთავარია ცივილიზაციური საკითხი, ევროპული ღირებულებითი იდენტობის საკითხი. იდენტურ ძალადობასაც ვხედავთ, რაც საქართველოში იყო. ესთეტიკაც კი იგივეა, მეთოდები მეორდება. ისიც ვნახეთ, მაშხალებს ტყვიამფრქვევად როგორ იყენებენ. ერთი ერთში ამ ძალადობას ვხედავთ. ვხედავთ, ბრიუსელი ამ ძალადობას გმობს. ქართველი მოძალადეები კი, ვინაიდან ევროპულ დროშას ატარებენ, ბრიუსელისთვის მოძალადეები არ არიან. ამის შედეგია, რომ სწორედ ამ ძალადობას იღებენ. საქართველოში ძალადობას როცა თვალს დაუხუჭავ, ამ ძალადობას შენს დედაქალაქში მიიღებ. პაველ ჰერჩინსკი დღემდე არ გმობს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, იმ კონსტიტუციურ ორგანოზე, რომელთანაც ის არის აკრედიტებული, რომელიც მისი მასპინძელი ქვეყნის მეთაურია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.