
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოაქვეყნა. ის სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდა, რომელზეც ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს პროექტის ტექსტის წაკითხვა და საკუთარი წინადადებების წარდგენა შეეძლება.
დოკუმენტში აღარ არის მითითება 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, რომლის პრეამბულაშიც ნახსენებია სომხეთის სსრ-ისა და მთიანი ყარაბაღის დადგენილება „გაერთიანების შესახებ“. ამ მითითების ამოღება აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო შეთანხმების დასადებად წამოყენებული ერთ-ერთი პირობა იყო.
კონსტიტუციის პროექტის რეფერენდუმზე გასატანად ფაშინიანს ხმები არ ჰყოფნის: მმართველ პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ 105-ადგილიან პარლამენტში 64 მანდატი აქვს, რეფერენდუმს კი სულ მცირე 70-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი.
20 ნოემბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფაშინიანმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, რეფერენდუმისთვის საჭირო მხარდაჭერა უზრუნველყონ და განაცხადა, რომ თანამდებობას ერთი კვირის ვადაში დატოვებს, თუ ამომრჩევლები ახალი კონსტიტუციის წინააღმდეგ მისცემენ ხმას. დოკუმენტის მიღების შემთხვევაში კი მან პირობა დადო, რომ 2031 წელს ახალი ვადით კენჭს აღარ იყრის.
ოპოზიცია ახალი კონსტიტუციის წინააღმდეგ გამოდის და მას აზერბაიჯანისთვის დათმობად მიიჩნევს. ორივე ოპოზიციურმა ფრაქციამ - „ძლიერმა სომხეთმა“ და „ჰაიასტანმა“, რომლებსაც პარლამენტში ჯამში 41 ადგილი უკავიათ, ფაშინიანის წინადადება უკვე უარყო.