
ეს ათწლიანი გამოსაცდელი ვადა თავიდან ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების გაუფასურებას ნიშნავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ევროკავშირის მიერ ახალი წევრებისათვის ათწლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას გამოეხმაურა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება, იმის ნიშანია, რომ „ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებს“.
„ძალიან მძიმე რამაა, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებას მთლიანად აუფასურებ. ეს 10 წლიანი გამოსაცდელი ვადა თავიდან ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების გაუფასურებას ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებს, სხვა ახსნა ევროკავშირში გაწევრიანების სრულ გაუფასურებას არ შეიძლება ჰქონდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს ახალი წევრებისთვის ათწლიანი გამოსაცდელი ვადის შემოღებას და პროცესი მონტენეგროთი დაიწყება. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამ პერიოდში, „ორბანის სტილის“ დარღვევების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მათთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერება.
მოსალოდნელია, რომ მომავალი კვირის დასაწყისში მხარეები ხელშეკრულების შესაბამისი ნაწილის პროექტთან დაკავშირებით პირველ ტექნიკურ განხილვას გამართავენ.