რეზონანსი
07.06.2024

გადაუჭარბებლად შემიძლია, ვთქვა, რომ საქართველო არის დიდი გეოპოლიტიკური თამაშის მონაწილე, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს აშშ-ის კონგრესში ჩატარებულ მოსმენაზე ჰკითხა, სადაც ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროპასთან ინტეგრაციის პროგრამების მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე და ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე სიტყვით გამოვიდნენ, რომელთა გამოსვლა პრემიერ-მინისტრმა ღალატად შეაფასა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა: „ორი მოღალატე და არცერთი მეგობარი“. ჯონდი ბაღათურიას თქმით, ასეთი ფაქტები ისტორიაში მრავლადაა.

„ხომ გახსოვთ, აღა მაჰმად ხანს რომ გაეკიდნენ და უთხრეს, ერეკლე მეფეს მეზარბაზნეები არ ჰყავს და მობრუნდითო? სავარაუდოდ, ამერიკაშიც ამ მიზნით არიან ჩასული. 37 წელიც ხომ გახსოვთ? სხვათა შორის, ბერიას ტყუილად აბრალებდნენ, რადგან ის 38-ში დაინიშნა, 37 კი ეჟოვი იყო და ასე იყვნენ მაშინაც ქართველები. ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, ასეთი ხალხი დადიოდა მაშინაც კრემლში ან აქედან წერდნენ წერილებს და აბეზღებდნენ ერთმანეთს. ძალიან ბევრი ღირსეული, უდანაშაულო ადამიანი სწორედ ასეთი ადამიანების დაბეზღებით იყო რეპრესირებული“, – განაცხადა ბაღათურიამ.

ბაღათურიას თქმით, მართალია, აშშ საქართველოს უყურებს, როგორც კოლონიას, მაგრამ ერთი, რომ საქართველო ბოლო ორი წელია, არ გამოიყურება, როგორც კოლონია და მეორე, როდესაც უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული და აგენტურაში ეჭვმიტანილები ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებს ითხოვენ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, ეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხია.

„ვფიქრობ, სახელმწიფოს ღალატის მუხლი უნდა აღდგეს. საერთოდ, არჩევნების შემდეგ ბევრ კარგ რაღაცას ველოდები, რეფორმების თვალსაზრისითაც და არა მარტო გრანტების შესახებ კანონის კუთხით, არამედ საერთოდ, ძალიან ზომიერი მეთოდებით მეხუთე კოლონის ალაგმვის იმედით“, – განაცხადა ბაღათურიამ.

ჯონდი ბაღათურიამ ასევე აღნიშნა, რომ ახლა, როცა დომინანტი კოლექტიური დასავლეთი, რომელიც თავის დომინანტობას კარგავს, დაინტერესებულია, საქართველოში ხელისუფლება არაკონსტიტუციური გზით დაემხოს, არჩევნების ექსპერიმენტით, ელექტრონული წესით ჩატარება სახიფათოა, რადგან მათ თარიღად არჩევნების შემდეგი პერიოდი აქვთ არჩეული.

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში რომ მოიყვანონ, რამდენიმე დღეში გააჩაღებს ომს რუსეთთან და ეს დღეს ჰაერივით სჭირდება აშშ-ს თავისი საერთაშორისო დიპლომატიისთვის, რუსეთის დემონიზაციისთვის, რათა შექმნას აგრესორის სახე. მეორე მხრივ, საქართველო აუცილებლად გახდება ლოგისტიკური ცენტრი არა ტვირთების გადაზიდვის, არამედ სამხედრო ტვირთების სომხეთში გადაზიდვის და შეტანის. სომხეთმა უკვე მოაწერა ხელი სომხეთის უსაფრთხოების პაქტს აშშ-სა და ევროკავშირთან, საფრანგეთთან ერთად, რითიც, პრინციპში, სომხეთი ირანზე თავდასხმის პლაცდარმად იქნება გამოყენებული, მაგრამ ამას ვერ გააკეთებენ, თუ საქართველო არ იქნა ამ სამხედრო ტვირთების გამტარი. აბა, რუკას დახედეთ. სხვა საზღვარი სომხეთს არ აქვს. მაშინ, ან აზერბაიჯანიდან უნდა შეიტანონ, ან თურქეთიდან, ან თვითონ ირანიდან და არცერთი ეს ქვეყანა ამაში არ ჩაერთვება“, – განაცხადა ბაღათურიამ.

მისივე თქმით, თავიდან აზერბაიჯანის გამოყენება სურდათ ირანზე თავდასხმის პლაცდარმად, რაშიც ძალიან აქტიურობს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ისრაელი, მაგრამ ალიევი ძალიან ძლიერი ლიდერია და ეს ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს, სომხეთის ხელისუფლებამ კი საკუთარი მოსახლეობა, პრაქტიკულად, გაწირა და მას ახლა ერთადერთი, საქართველოს ვერგაკონტროლება თუ გადაარჩენს.

„ახლა გერმანიის, საფრანგეთის და ისრაელის მხრიდან მიმდინარეობს ალიევის შანტაჟი, რომ ახლა სომხეთს შეაიარაღებენ და ძველი რიცხვით დაიწყებენ ყარაბაღის საკითხის განხილვას. გარდა ამისა, ის ხომ ფაქტია, რომ აშშ ჩინეთს ებრძვის, მისი ეკონომიკის მთავარი კონკურენტია და ეკონომიკაა მსოფლიოზე ბატონობის მთავარი ინსტრუმენტი. ჰოდა, თუ ჩინეთს ხელი შეეშლება აქ, ამხელა ლოგისტიკაში, ბუნებრივია, ამითაც დაინტერესებული არიან, მაგრამ აშშ-ს არც არაფერი გამოუვა, თუ საქართველოზე არ დამყარდება ტოტალური კონტროლი. მეორე მხრივ, აშშ-ის მიერ საქართველოზე ტოტალური კონტროლის დამყარება თავის სატკივარია თურქეთისთვის, ირანისთვის, ჩინეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რუსეთისთვის და სომეხი ერისთვის, რომელსაც თავის ხელისუფლებასთან ინტერესთა კონფლიქტი აქვს. ამიტომ აქ „მაიდანი“ სრულიად უპერსპექტივოა“, – განაცხადა ბაღათურიამ.

ამასთან, ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ეროვნულ ინტერესებს ატარებს და ამიტომ,’ ის პირადად ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელისუფლება უცხო ძალების მიერ არ იქნეს დამხობილი. „ქართული დასის“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ ქვეყნის გარეთ სტაბილურობის იმპულსები თუ გაუშვა, ქვეყანაში კეთილდღეობის ინდექსი ძალიან სწრაფად გაიზრდება და არჩევნების შემდეგ ხალხი ეკონომიკურ შვებას ძალიან მალე იგრძნობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×