რეზონანსი
17.06.2024

კარგად ხვდებიან, რომ მათ ბარიერის მარტო გადალახვის შანსი არ აქვთ. შესაბამისად, მზად არიან, მთავარ „მოსისხლე მტერთანაც" კი წავიდნენ გარიგებაზე, რათა პარლამენტში მოხვდნენ, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძემ კომენტარი გააკეთა პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მათთვის ყველაზე ახლო პოლიტიკური ძალა „ლელოა".

„ყველაზე მეტად გახარია დაპირისპირებული იყო ხაზარაძესთან და ჯაფარიძესთან. ან მაშინ იტყუებოდნენ და არანაირი დაპირისპირება არ ჰქონდათ, ან დღეს სრულიად მიუღებელი, გაუგონარია, როდესაც ადამიანები, რომლებიც ასეთ შეურაცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს, დღეს ერთ ბანაკში იქნებიან და საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ფაქტია, ყველაფერზე მიდიან, რათა პარლამენტში მოხვდნენ, მაგრამ ამას ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს. „ლელოსაც" უჭირს ბარიერის გადალახვა, თუმცა მათ კარგად აქვთ გააზრებული, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მიუღებელია ქართველი ხალხისთვის, შესაბამისად, ცდილობენ, შორს დაიჭირონ თავი „ნაციონალური მოძრაობისგან", თუმცა პარლამენტში თუ მოხვდებიან, ამბობენ, რომ კოალიციას შექმნიან. აქაც იგივე ამბავია, რაც გახარიასა და „ლელოს" შორის. თითქოს წარმოდგენას ქმნიან, რომ ერთმანეთთან არ ითანამშრომლებენ, თუმცა ასევე ამბობენ, რომ პარლამენტში რომ მოვხვდებით, შემდეგ ვითანამშრომლებთო. ფაქტია, ამ მოწვევის პარლამენტშიც ძალიან კარგად თანამშრომლობენ „ლელო" და „ნაციონალური მოძრაობა" და მომავალ პარლამენტშიც კარგად ითანამშრომლებენ. რეალურად, ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, მათ შორის პოლიტიკურად თვისობრივად არანაირი განსხვავება არ არ არის", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძეს ასევე კითხვა დაუსვეს „ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებაზე, სადაც ბოკერიამ აღნიშნა: „ალტერნატივა არ არის „ნაციონალური მოძრაობა", სააკაშვილის გარემოცვა, სადაც ბელადი სააკაშვილი და დონორი კეზერაშვილი თავიანთი ახირებით წყვეტენ, როდის და ვინ იქნება ლიდერი".

სამხარაძის თქმით, სინამდვილეში პატარ-პატარა პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის" წიაღიდან წარმოიშვნენ, დღესაც იმავე მეთოდებით იბრძვიან და იგივე იდეოლოგია აქვთ.

„ყველა ის ადამიანი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" დროს ზენიტში იყო, სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე, და დღეს პატარ-პატარა პარტიები აქვთ შექმნილი, ემიჯნება „ნაციონალურ მოძრაობას", რადგან ხვდებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არის ტოქსიკური გაერთიანება, რომელიც ქართულ საზოგადოებას არ უნდა. ახალა ისინი ცდილობენ, თავად წარმოადგინონ თავი, ვითომ „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი არ არიან. სინამდვილეში, ყველა ეს პატარ-პატარა პარტია, რომლებიც ამ წიაღიდან წარმოიშვნენ, დღესაც იმავე მეთოდებით იბრძვიან, იგივე იდეოლოგია და მსოფლმხედველობა აქვთ. ამიტომ ჩვენთვის ისინი ისევ „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი არიან", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის საერთო სიას, საკითხის კომენტირებისას სამხარაძემ აღნიშნა, რომ არ ჰგონია, ოპოზიციამ ერთიანი სიის ფორმირება შეძლოს.

„არ მგონია, მათ ერთიანი სიის ფორმირება შეძლონ, რადგან უპრინციპო ძალების გაერთიანებაა და ყველას ამბიცია აქვს, იყოს პირველი ნომერი. რეალურად, არავინ ფიქრობს, რა გამოწვევები და პრობლემები აქვს სახელმწიფოს. ამიტომ ერთიან სიაზე ვერ შეთანხმდებიან. რაც შეეხება მათ პერსპექტივებს, მგონია, რომ საარჩევნო პერსპექტივები ძალიან ბუნდოვანი აქვთ. სულ რომ ერთ ქვაბში იყოს ყველა მოხვედრილი, „ქართულ ოცნებასთან" კონკურენციაში შემოსვლა გაუჭირდებათ", - განაცხადა სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×