ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის გადატანის მცდელობა ეკონომიკაზე
გვანცა წულაია
16.05.2024

ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასი მნიშვნელოვან რყევას აღარ განიცდის. პარალელურად კი ლარი მყარდება "ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე. გუშინ საქმეში ეროვნული ბანკი ჩაერია, რომელმაც გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა. ითქვა, რომ სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევა არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და არასტაბილურობა მოკლევადიანია. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები როგოც საფინანსო ბაზარზე, ისე მთლიანად ეკონომიკურ ჭრილში?

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ორი დღის წინანდელი მკვეთრი დაცემის შემდეგ, ფაქტობრივად, დასტაბილურდა. 16 მაისს, ვაჭრობის გახსნის შემდეგ მხოლოდ მცირედით შემცირდა, როგორც „საქართველოს ბანკის“ და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე „საქართველოს კაპიტალის“.

„საქართველოს ბანკის“ აქციების ფასმა 1.34%-ით იკლო და თბილისის დროით, 14:30 საათისთვის, ერთი აქციის ღირებულება 40.50 გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

„თიბისი ბანკის“ აქციების ღირებულება 0.79%-ით დაეცა. ბანკის ერთი აქცია 25.51 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.401 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

„საქართველოს კაპიტალის” აქციების ღირებულება 3.55%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 9.50 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 420.34 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

რაც შეეხება ლარის კურსს, გუშინ დილით `ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე ამერიკული დოლარის ფასმა 2.8350-იან ნიშნულს მიაღწია. შემდეგ კი ლარმა გამყარება დაიწყო და დღის ბოლოსთვის 2.76-ზე ჩამოვიდა.

ქვეყანაში არსებული ოფიციალურ კურსით კი, ერთი ამერიკული დოლარი 2.7580 ლარი ღირს, ხოლო ევრო - 3.00 ლარი.

სანამ ოფიციალური კურსი დადგინდებოდა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 60 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიტანა და თან განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ კურსის რყევა არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და არის მოკლევადიანი.

"სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევა არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად არის მოკლევადიანი. ჯანსაღია მაკროეკონომიკური პარამეტრები - საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში აღინიშნება მაღალი ეკონომიკურ ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული", - ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ეროვნული ბანკის პოზიციას იზიარებს ეკონომისტთა ერთი ნაწილი და ისინიც მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პროცესი დროებითია. მეტიც, ექსპეტრები ამბობენ, რომ საქართველოს საფინანსო სისტემას ამ გადმოსახედიდან, არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ეკონომისტმა ირაკლი ერაძემ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის ჩარევა სრულიად ლოგიკურია.

`სავალუტო რეზერვების ნაწილის გაყიდვა ლოგიკურია, რადგან ასეთ დროს, როდესაც ეროვნული ვაულუტის გაუფასურების ძირითად მიზეზად იკვეთება არა რაიმე ფუნდამენტური ფაქტორი, არამედ მოლოდინი, მაშინ, სებ-ის ამ სახით ჩარევა ლოგიკურია. უბრალოდ, რეზერვების გაყიდვას ერთი დატვირთვა აქვს, რომ ამ გზით რაღაც პერიოდით შეძლებისდაგვარად მშვიდდება ბაზარი, მაგრამ ამას თუ არ მოჰყვა ეროვნული ბანკის სწორი კომუნიკაცია ბიზნესთან და მოსახლეობასთან, მაშინ დამოკიდებულება არ შეიცვლება და საშუალო ან გრძელვადიანად პერიოდში გაუფასურება მაინც გაგრძელდება, თუკი ის სენტიმენტი საბოლოოდ არ განეიტრალდება, რის გამოც მოხდა კურსის ცვლილება.

ლარის გაუფასურებას ვერ დავაბრალებთ რაიმე ფუნდამენტურ ფაქტორს. ვერ ვიტყვით, რომ ეკონომიკაში რაიმე შეიცვალა და კურსი ამის გამო გაუფასურდა. მოკლე მონაკვვეთში სწრაფი გაუფასურება, ძირითადად, დამოკიდებულია მოლოდინზე. ამ დროს, ე.წ. ჯაჭვური ეფექტი მოქმედებს ხოლმე, მოსახლეობა და ბიზნესი ფიქრობს, რომ ლარი უფასურდება და უნდა მოასწრონ შეძენა.

რაც შეეხება ბირჯებზე აქციების ფასის დაცემას, ზოგადად მკვეთრი ცვლილება ორი ფაქტორით არის გამოწვეული. პირველი - როდესაც კომპანიის ფინანსური მონაცემები ქვეყნდება და ის მოლოდინზე უარესია, მაშინ ინვესტორები იშორებენ აქციებს და ყიდიან. მეორე - კონკრეტული კომპანიის ირგვლივ, რომელ ქვეყანაშიც ის საქმიანობს, თუ რაიმე პოლიტიკური ან ეკონომიკური რისკი ჩნდება. ამ შემთხვევაში მიმდინარე პოლიტიკური ამბები მგონია მიზეზი და ალბათ, ინვესტორებმაც ეს მიიღეს სიგნალად, რომ პოლიტიკური რისკი გაიზარდა. ამ დროს ფინანსური მოგება მცირდება ხოლმე და ამიტომ აქციების გაყიდვა დაიწყეს, რამაც უკვე ფასების ვარდნა გამოიწვია.

ვერ ვიტყვი, რომ საფინანსო სისტემა რაიმე საფრთხის ქვეშ დგას. ასეთი მკვეთრი გაუფასურებაც კი არ მიუთითებს იმაზე, რომ თვითონ კომპანიებს რაიმე პრობლემა აქვს. საერთოდ არ ვთვლი, რომ რაიმე რისკის ქვეშ დგას სისტემა”, - განუცხადა "რეზონანსს” ირაკლი ერაძემ.

ბოლო დღეებში ეკონომიკური მიმართულებით არაფერი შეცვლილა, შესაბამისად, ლარის გაუფასურება და ქართული კომპანიების აქციების დაცემა რაიმე ეკონომიკური გარემოებით არ არის გამოწვეული, ამიტომ, როგორც ეკონომიტმა მერაბ ჯანიაშვილმა განაცხადა, ასეთი მოცემულობა ცუდმა მოლოდინმა შექმნა.

"მესმის, რომ მოსახლება შეშინებულია და ძალიან ფრთხილად ეკიდება ამ საკითხს, ბანკების აქციები ფასი დაეცა და ლარი მკვეთრად გაუფასურდა, მაგრამ ეს ყველაფერი სწორედ აჟიოტაჟით და ცუდი მოლოდინით არის გამოწვეული. თუ ავყვებით პანიკას და მაგალითად, მოსახლეობის ნაწილი დოლარი შეძენას გადაწყვეტს, მაშინ, ეს კიდევ უფრო ცუდ ზეგავლენას მოახდენს გაცვლით კურსზე. რეალურად, ასეთი ვარდნა, აქციების ფასი იქნება, თუ ლარის გაუფასურება, გამოიწვია მხოლოდ ცუდმა მოლოდინმა და არა იმან, რომ ეკონომიკური პარამეტრების კუთხით რაიმე შეიცვალა. ჯერ არაფერი არ მომხდარა, შეიძლება რაღაც მოხდეს, საუბარია სანქციებზე, მაგრამ ამ ეტაპზე არაფერი შეცვლილა, გარდა ცუდი მოლოდინის შექმნისა. 

ამ ყველაფრის ფონზე ეროვნული ბანკის ჩარევა საჭირო იყო, რადგან შეიძლება ძალიან მკვეთრად დაცემულიყო ლარის კურსი არაეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე. ამიტომ ეროვნული ბანკის ჩართვა სწორად მიმაჩნია.

გაჭირდება რაიმე პროგნოზის გაკეთება, ეს მთლიანად დამოკიდებულია პოლიტიკურ სიტუაციაზე. ტყუილია ის, რომ ეკონომიკა და პოლიტიკა ერთამენთთან კავშირში არ არის. თუ პოლიტიკური დაძაბულობა შენარჩუნდება ან კიდევ გაიზრდება, ეს, რა თქმა უნდა, არასტაბილურობის ეფექტს გააჩენს, სადაც მოსახლეობას და ბიზნესს ერთ დღეს შესაძლოა, ცუდი მოლოდინი გაუჩნდეს და კიდევ გაგრძელდეს მსგავსი პროცესი. თუ სიტუაცია დასტაბილურდა, წესით, სავალუტო ბაზარზეც გამოსწორდება მდგომარეობა”, - განუცხადა "რეზონანსს” ჯანიაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა საფრთხის ქვეშ არ დგას.

მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურნენ საქართველოს პარლამენტშიც. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, ლარს არაფერი ემუქრება და შექმნილი ვითარება ფუნდამენტურ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს.

„ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს მსოფლიოში. სავალუტო ფონდიც ადასტურებს, რომ უახლოეს 10 წელიწადში საქართველო სამეულში იქნება განვითარების კუთხით. ამიტომ არ არის იმის საშიშროება, რომ დროებითმა სიტუაციამ რაიმე ფუნდამენტური ცვლილება გამოიწვიოს.

საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ყველანაირი საშუალება, რომ ეს მცირეხნიანი დაძაბულობა განმუხტოს. ლარს არაფერი ემუქრება, არის მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციები და სარეიტინგო სიტუაციაც გაუმჯობესებულია“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

როგორც საბანკო სფეროს სპეციალისტმა და ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ აღნიშნა, მიმდინარე პროცესი ზეგავლენას ახდენს ბევრ ფაქტორზე, მაგრამ კომენტარები, რომელიც კეთდება წამყვანი ბანკების აქციების ვარდნასა და სავალუტო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, სპეკულაციურია.

„6 თვის წინანდელთან შედარებით, საქართველოს წამყვანი კომერციული ბანკების აქციების ფასი გაზრდილია ამ ვარდნის პირობებშიც კი, თუ კაპიტალიზაციაზეა საუბარი, 20%-ით მეტი აქვთ ბანკებს კაპიტალიზაცია დღესაც, ვიდრე ჰქონდათ 6 თვის წინ.

რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ეს მოკლევადიანი ვარდნაა, რაღაც ფაქტორების გამო, ამან შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს აქციების ღირებულებაზე, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამას მოჰყვება ზრდაც, რადგან დაბალ ფასად გამოტანილი აქციები მიმზიდველია“, - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ და დასძინა, რომ ვარდნა მოხდა პიკურ პერიოდში და არა წინა პერიოდში, შესაბამისად კრიზისული ფაზა ფაქტობრივად, გადავლილია.

„როდესაც ინვესტორი ინფორმაციას იღებს, რომ ქვეყანაში რაღაც ხდება, წარმოიქმნება უარყოფითი ფაქტორი, რაც ზემოქმედებს აქციების ფასზე.  ეს იყო დროებითი ვარდნა, რამაც მოახდინა გაუფასურება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოში მიდის სტაბილიზაციისკენ, მალე ვნახავთ ფასის აწევასაც“ - განაცხადა ცუცქირიძემ.

კიდევ ერთი ეკონომისტი, „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს" დამფუძნებლის გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, სავალუტო ბაზარზე აჟიოტაჟური ვითარებაა.

"დღეს ლარის კურსის გარშემო არსებული ვითარება არანაირი ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორით (ინვესტიციები, წმინდა ექსპორტი, გადმორიცხვები, ტურიზმი) არ არის გამოწვეული. შესაბამისად, ეს არის აჟიოტაჟური და ნაწილობრივ პანიკური. რა თქმა უნდა, აჟიოტაჟი და პანიკაც ფაქტორია, თუმცა არანაირად ფუნდამენტური. ამიტომ, პანიკური ქცევა და მისგან მომდინარე ეფექტები სტაბილური საფინანსო სისტემის პირობებში (პლუს რეზერვების ისტორიული მაქსიმუმი) მოკლე ვადაში მილევადია - ეს საქართველოში არაერთხელ დამტკიცდა და დამტკიცდა ისიც, რომ აჟიოტაჟის აყოლით, ძირითადად, სწორედ ფიზიკური პირები ზარალდებიან. ამასთან, არ ვფიქრობ, რომ ზოგადი ინფლაციური მოლოდინი სრულად გამქრალია”, - დაწერა აბაშიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×