ნატალია ჯვარიძე
17.05.2024

„ვფიქრობ, რომ პროცესები კიდევ უფრო გააქტიურდება. საპროტესტო აქციები არჩევნებამდე გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ ისე განვითარდეს მოვლენები, რომ ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგეს. ხელისუფლების თავის გადარჩენის ერთადერთი გზაა, რომ დასხდნენ და მოლაპარაკების გზით გადაწყვიტონ საკითხი," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

იგორ კვესელავა: ხელისუფლებამ და ოპოზიციამ პოლიტიკური პროცესები კრიზისულ მდგომარებამდე მიიყვანეს, თუმცა ამ შემთხვევაში რადგანაც მთავრობაში „ქართული ოცნებაა" და ისინი პარლამენტში უმრავლესობით არინ წარმოდგნილი, მათ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ხალხის წინაშე. მათ თმენის ვალდებულება ეკისრებათ არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ევროპის და ამერიკის შენიშვნების მიმართაც, რაც არ უნდა კრიტიკული იყოს.

პროცესი, რომელიც უკვე დაიწყო, ასე მარტივად ვერ შეჩერდება. დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ სანქციების დაწესება არაოფიციალურად უკვე დაწყებულია. მათი ლიდერების გამოსვლა ნიშნავს, რომ კონკრეტულ ამ საკითხში ამ კანონის მიღებას არ ეთანხმებიან და ეს გამოიწვევს ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა ურთიერთობების შეჩერებას. მე არ ვამბობ, რომ სულ გაუქმდება, აქ ლაპარაკია დროებით შეჩერებაზე, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობზე. ეს კანონი, რომელსაც ხელისუფლება იღებს, სოციალურად გააუმჯობესებს მოსახლეობას? თუ ასეა, მაშინ ამას უნდა მოყვებოდეს კონკრეტიკა და არ უნდა იყოს ზოგადი.

ვფიქრობ, რომ პროცესები კიდევ უფრო გააქტიურდება და ამას ხელისუფლების სუსტ მმართველობას ვუკავშირებ. საპროტესტო აქციები არჩევნებამდე გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ იქამდე პროცესები ისე გაიზარდოს და ისე განვითარდეს მოვლენები, რომ ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგეს. ხელისუფლებას ერთადერთი გზა თავის გადასარჩენად აქვს, რომ დასხდნენ და მოლაპარაკების გზით გადაწყვიტონ საკითხი.

ის, რომ „ოცნებას" ამ საკითხში 80%-იანი მხარდაჭერა აქვს, ეს არის სრული სიცრუე. ეს დაადასტურა ამდენი ხალხის გამოსვლამ, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარობს. თუ ამდენი ადამიანი უჭერს მხარს, მაშინ ესენი ვინ არიან? რომელ პროცენტებში შედიან?

„რ": პრეზიტენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ფაქტობრივად რეფერენდუმი იქნება და აპირებს წინ წაუძღვეს პროდასავლურ ფრონტს. რა როლი შეიძლება ჰქონდეს მას ამ პროცესებში?

ი.კ: პრეზიდენტმა ბოლო წლებში პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით საქართველოს მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. თავიდან არავინ იცნობდა და ყველა სკეპტიკურად უყურებდა. ხელისუფლებაში დაშვებულმა შეცდომებმა მის მიმართ განაპირობა პრეზიდენტის ავტორიტეტის სწრაფი გაზრდა. ახლა უკვე მას მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მხარდაჭერა გამოუცხადა.

მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ პრეზიდენტი ოპოზიციის სახალხო მოძრაობის ლიდერი გახდეს. მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რადგან „ოცნებამ" მასთან საერთო ენა ვერ გამონახა. საოცარი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. მგონი ძაღლი და კატა არ არიან ერთმანეთთან ისე, როგორც ხელისუფლება არის პრეზიდენტთან.

დასაველთს უნდა, რომ საქართველოში კოალიციური მმართველობა იყოს. ბუნებრივია, ამაში მონაწილებას მმართველი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა" და ის პარტიები მიიღებენ, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. თუ ამაზე ხელისუფლება უარს იტყვის, უმძიმესი შედეგი მოჰყვება.

„რ": რას უნდა ველოდოთ დასავლეთისგან?

ი.კ: ქვეყანაში მიმდინარე პროცესები არ შეიძლება ეს სპონტანურად წარმოშობილიყო. მე მაინც მგონია, რომ ეს დაკავშირებულია დასავლეთთანაც. რადგან ჩვენ ვერ გადავწყვიტეთ საკითხები, ის ჩაერია. მათ ფარულად თუ აშკარად გამოიწვიეს ეს პროცესები, მათაც აქვთ გარკვეული როლი. საპროტესტო აქციებისთვის საჭირო აღჭურვილობა, ის საწვიმრები თუ ნებისმიერი ინვენტარი ვისგან მოდის? მათი ჩარევა მართებულია, რადგან როცა ქვეყანაში განუკითხაობაა და ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. ასეთ დროს ვიღაც ძალა მოდის და ამბობს, რომ მოდი, დაგეხმარებით. სწორედ ასეთ პერიდებში ჩნდებიან ისინი და ამბობენ, რომ თუ გინდათ, ევროპა მაშინ ჩვენც მოგვისმინეთ.

როდესაც ევროპის პოლიტიკის ლიდერებიღიად ამბობენ, რომ მხარს არ უჭერენ ამ კანონს, ამას უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ევროპაში პროცესები დაწყებულია სანქციების გამოცხადების შესახებ. რა სანქციები იქნება და ვის მიმართ, ეს უკვე სხვა საკითხია.

ადრე ხომ ვთქვი, რომ მაისი რთული თვე იქნება-მეთქი. სამწუხაროდ, ეს გაგრძელდება და საქართველოს ხელისუფლების მიმართ მკაცრი სანქციები იქნება, რადგან იქნებ გონს მოეგონ. ყველანაირი კონფლიქტების გარეშე გადადგამენ ნაბიჯებს, რომლებიც ქუჩაში გამოსულ ხალხზე კი არ აისახება უარყოფითად, არამედ თავად „ოცნებაზე". მე როგორც ინფორმაცია მაქვს, თავად ხელისუფლებაში დაიწყო რხევები და მათი ნაწილი არ ეთანხმება ამ კანონს. ვიცით, რომ ზოგიერთი თანამდებობიდანაც გადადგა კიდეც.

ამ ორი კვირის განმავლობაში ევროპა მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც საქართველოსთან დამოკიდებულებებს შეეხება. ეს იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, დიპლომატიური, იდეოლოგიური და სხვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×