როგორც ავტოსადგურებმა, ისე ავტომფლობელებმა მნიშვნელოვანი ხარჯი უნდა გასწიონ, რაც შემდეგ მომსახურებიდან უნდა ამოიღონ
ირმა ჩიტაია
23.05.2024

ავტოსადგურების ახალი რეგულაცია მომსახურების ტარიფებზე არ აისახება. როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, მკაცრი ადმინისტრირება ე.წ. "ხიშნიკების" საკითხს საბოლოოდ მოაგვარებს და არსებულ ხარვეზს მოაწესრიგებს, რაც მგზავრობის საფასურზე გავლენას გავლენას ვერ მოახდენს.

როგორც ცნობილია, მთავრობამ ახალი დდგენილება „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ შესახებ მიიღო. რეგლამენტში შესული ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. აღნიშნული ცვლილებებით განისაზღვრა მოთხოვნები, რომელიც ავტოსადგურმა და ავტოსადგომმა უნდა დააკმაყოფილონ.

დადგენილების მიხედვით რეგულაციები გამკაცრდა. ძალაში შევიდა ავტოსადგურებისა და ავტომობილების  მოწესრიგება. განისაზღვრა ავტოტრანსპორტის საშუალებებით მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადატანის შესაბამისი წესები. ამავე რეგლამენტით რეგულირდება, როგორ უნდა იყოს აღჭურვილი მგზავრთა გადაყვანისთვის ტრანსპორტი და რა უფლება-მოვალეობები აქვთ მძღოლებსა და გადამზიდველებს.

რეგლამენტის მიხედვით, სავალდებულოა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებისას მგზავრებისა და ავტოსადგურის პერსონალის უსაფრთხოების დაცვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილება და ავტოსადგომებზე ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა/

მრავალი ჩამოთვლილი საკითხების მოწესრიგება დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან, რომლის გაღება მოუწევს ავტოსადგურებს და მძღოლებს. ამიტომაც, შესაძლოა, ამ ყველაფერომა გავლენა მოახდინოს მგზავრობის საფასურზე. მგზავთა გადაყვანის ასოციაციის თავმჯდომარე ტრისტან სულაძე დარწმუნებულია, რომ შემოღებული დადგენილება აღკვეთს ე.წ. ,,ხიშნიკების" საკითხს და მგზავრობის  არ გააძვირება.

 ,,შემოღებულმა დადგენეილებამ არა მგონია მგზავრთა გადაადგილებაზე უარყოფთი გავლენა მოახდინოს და გაძვირება გამოიწვიოს. მოწესრიგებისკენ ხომ უნდა წავიდეს ყველაფერი. ახლა რაც ავტოსადგურებში ხდება, არის სრული ქაოსი. ამ დადგენილებით, ე.წ. ,,ხიშნიკები" გაქრებიან. ეს ფასების დასტაბილურებას გამოიწვევს.

კანონმდებლობა ითხოვს, რომ ,,ხიშნიკები" შევიდნენ მოწესრიგებულ სატრანსპორტო კვანძში. ელემენტარულად, მათ უნდა მოეთხოვოს კანონის ჩარჩოებში ჩაჯდომა. როგორც ტაქსების შემთხვევაში მოხდა თბილისში და მძღოლები დაწესებულ სტანდარტებში მოექცნენ, ასეთ სტანდარტებში უნდა ჩაჯდნენ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო გადაზიდვებზეც. მათ დღეს არავინ აკონტროლებს. ამიტომაც, უნდა შესრულდეს ყველა ის მოთხოვნა რასაც კანონი ავალდებულებს.

ფაქტია, ამ კუთხით, ავტოსადგურებში უკონტროლო მდგომარეობაა. მე რომ არ მივიღო ისინი ჩემს კუთვნილ სივრცეში, გვერდით გადგებიან და უარსს აკეთებენ. ამიტომაც იძულებული ვარ დავუშვა სადგურზე. როცა კანონით ძალაში შევა დებულება, მაშინ ყველანი ვალდებული ვიქნებით დავემორჩილოთ წესებს და ისინიც კანონის ჩარჩოებში მოექცევიან", - განუცხადა "რეზონანსს" სულაძემ.

ახალი დებულება არარეგისტრირებულ მანქანებს სპეციალური ნებართვის გარეშე უზღუდავს მგზავრთა გადაყვანას. სწორედ აქედან გამომდინარე, ფიქრობენ სადგურები მგზავრთა ნაკადის გაზრდას. თუმცა, რაიონებში სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. იქ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოშლილია და სეროიზული ხარჯების გაწევა მოუწევთ დადგენილი დებულების შესაბამისად ავტოსადგურებისა და ავტოტრანსპორტის სტანდარტებში მოსაქცევად.

ამ ყველაფერმა შესაძლოა, სწორედ მგზავრობის საფასურზე სერიოზული გავლენა მოახდინოს. სულაძის განცხადებით, აუცილებელია რეგიონებში შეიქმნას მინიმალური სტანდარტები და მოწესრიგდეს მგზავრთა გადაყვანის პრობლემა ისე, რომ ამან მგზავრობის საფასურზე გავლენა არ მოახდინოს.

,,მუნიციპალიტეტები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი ერთ ადგილას შეკრიბონ მგზავრები და რიგიანად მოემსახურონ. ეს ხელს შეუწყობს სფეროს განვითარებასაც. გაჩნდება სავაჭრო ცენტირები, ობიექტები, რომლებმაც  უნდა მისცეს შემოსავალი ვიღაცას და იმ ვიღაცამ უნდა იზრუნოს, რომ ადგილი მინიმალურად მოწესრიგებული გახდეს და აკმაყოფილებდეს სტანდარტებს.

ორთაჭალის ავტოსადგურში დმანისის რეისები გვაქვს და მძღოლები გვეუბნებიან, რომ პირდაპირ ქუჩიდან გამოვდივართო. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. მგზავრებს კომფორტი უნდა შეუქმნან და ამაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ჩაერთონ. მათ ისედაც  ევალებათ, რომ თავიანთ მოქალაქეების მომსახურება უზრუნველყონ. პატარა სადგურებისა და მოსაცდელების მოწყობა სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.

დებულებამ გამართულად, რომ იმუშაოს საჭიროა ჩაერთოს ტრანსპორტის ადმინისტრაციის სამსახური. მოკლედ, საჭიროა ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეუწყონ ხელი ამ ყველაფერს", - განაცხადა სულაძემ.

მგზავრობის გაძვირებას კატეგორიულად გამორიცხავს ავტოსადგურ ,,დიდუბის" დირექტორი ნესტორ მიქატაძე. იგი ვარაუდობს, რომ დებულების ამოქმედება მგზავრთა ნაკადს გაზრდის, რადგან არარეგისტრირებული მანქანები სპეციალური ნებართვის გარეშე მგზავრებს ვეღარ გადაიყვანენ, რაც ავტოსადგურის შემოსავლების მატებას შეუწყობს ხელს. 

,,ჩვენ არ ვგეგმავთ მომსახურების გაძვირებას, რადგან ამ კანონის ბოლომდე ძალაში შესვლის პირობებში მგზავრთა ნაკადი მოიმატებს, რაც ავტომატურად გაზრდის ავტოსადგურების შემოსავლებს. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სპეციალური ნებართვის გარეშე არსებული მანქანები მგზავრებს ვეღარ გადაიყვანენ. ე.წ. ,,ხიშნიკები" რომ მოგვშორდებიან, რეისების რაოდენობაც გაიზრდება, რაც შემოსავლის ზრდას გამოიწვევს. ეს ყველაფერი ერთიანობაში, ბილეთების გაძვირებას არ გამოიწვევს.

ცხადია, რეგულაციების ამოქმედება გარკევეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჩვენ ვართ პირველი კატეგორიის ავტოსადგური და ახალი დადგენეილებით გაწერილი რეგულაციების 95% შესრულებული გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სრულ შესაბამისობაში ვიყოთ 1-ლი კატეგორიის ავტოსადგურთან", - განაცხადა ,,რეზონანსთან" მიქატაძემ.

ცხადია, ამ კუთხით რეგიონებში არსებული მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. არარსებული ან სრულიად გაუმარტავი ავტოსადგურების აღდგენა და რეაბილიტაცია საკმაოდ დიდი ფინანსურ ხარჯს მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში რამდენად შესაძლებელი გახდება ფასების დასტაბილურება ამაზე საუბარი ნესტორ მიქატაძეს უჭირს. თუმცა, ხაზგასმით ამბობს, რომ ტარიფების ცალმხრივი ზრდა შეუძლებელი იქნება.

,,დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გაძვირების ინიციატორი არ ვიქნებით. რაც შეეხება რაიონებს და რეგიონებს, ეს ერთობლივად თუ არ იქნება შეთანხმებული, ფასების ცალმხრივი გაძვირება იქედანაც ვერ მოხდება. უნდა იყოს ორმხრივი თანხმობა. თამამად ვაცხადებ, რომ ჩვენ თუ განსაკუთრებული რაიმე არ მოხდა, საფასურის გაზრდას არ დავთანხმდებით.

რეგიონებში არსებული ყველა ავტოსადგური კერძო საკუთრებაშია. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელი იქნება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მოსაზრება იმის შესახებ, რომ თავიანთ მოსახლეობას არ გაუძვირონ მგზავრობის ღირებულება. ვფიქრობთ, ისინი აუცილებლად ჩაერთვებიან ამ საკითხში, რადგან საქმე ეხება სწორედ რეგიონებში მცხოვრები მგზავრების გადაყვანას", - განუცხადა "რეზონანსს" მიქატაძემ.

აღნიშნული დოკუმენტი საკმაოდ მრავლისმომცველია. ავტოსადგომები კლასიფიცირდა პირველი, მეორე და მესამე კლასის მიხედვით. პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურებს უნდა გააჩნდეს: საბილეთო სალარო, მგზავრების მოსაცდელი დარბაზი, სანიტარიულ-ჰიგიენური ბლოკი, მძღოლების დასასვენებელი ოთახი, ბაქანი (ბაქნები), სადისპეტჩერო, რეისებს შორის ავტობუსების/მინივენების სადგომი მოედანი, საინფორმაციო სამსახური, ელექტროენერგიის ავტონომიური წყარო და ა.შ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×