თამთა ჩაჩანიძე
22.05.2024

რუსეთის ხელისუფლება აპირებს ბალტიის ზღვაში თავისი ტერიტორიული წყლები გააფართოოს ლიეტუვის და ფინეთის საზღვრებთან - ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დოკუმენტი მოამზადა, რომელიც საკუთარ ხელისუფლებას ბალტიის ზღვაში საზღვრების შეცვლას სთავაზობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, საზღვრების შეცვლის მცდელობა იგივე ნატოსთან დაპირისპირების მცდელობას ნიშნავს. ამასთან, არაა გამორიცხული, რომ ეს საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის ნაწილიც იყოს.

ამასთან, მათივე შეფასებით, დიდი ალბათობით რუსეთს ბალტიის ზღვაში ტერიტორიული წყლების გაფართოება ნეიტრალურის ხარჯზე სურს, თუმცა, ესეც შეთანხმების ნაწილია და ცალმხრივად ამის გაკეთება შეუძლებელია, დღეს ფაქტიურად ბალტიის ზღვა არის ნატოს ზღვა, როცა შვედეთი და ფინეთი საბოლოოდ ალიანსში გაწევრიანდნენ.

21 მაისით დათარიღებული რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ბალტიის ზღვაში რუსეთის ტერიტორიული წყლების საზღვრების გადახედვა უნდა მოხდეს, რაც რუსეთის კუნძულების ირგვლივ ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში და კალინინგრადის გარშემო საზღვრების კორექტირებას გულისხმობს, კერძოდ, კორექტირება გაუკეთოს კოორდინატებს ექვს კუნძულთან და მდინარე ნარვის ჩრდილოეთ კონცხის მახლობლად, ხოლო ლიეტუვასთან საზღვარზე კურშის ზონასა და ტარანის კონცხის რაიონებში.

აღნიშნულ ინფორმაციას „მოსკოვ თაიმსი" ავრცელებს, რუსეთის სამართლებრივი აქტების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილების პროექტზე დაყრდნობით. „ზღვაზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი შეიცვლება", - ნათქვამია გამოქვეყნებულ პროექტში.

ცვლილებების საჭიროების დასასაბუთებლად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ 1985 წელს საბჭოთა კავშირის საზღვრების გასაზომად მე-20 საუკუნის შუა წლების საზღვაო რუკები გამოიყენებოდა, რაც თანამედროვე კარტოგრაფიულ კოორდინატებს სრულად არ შეესაბამება. დადგენილება დამტკიცების შემთხვევაში ძალაში 2025 წლის იანვრიდან შევა.

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი საგარეო პოლიტიკის საკითხებში კორნელი კაკაჩია „რეზოანსთან" აცხადებს, რომ დიდი ალბათობით რუსეთს ბალტიის ზღვაში ტერიტორიული წყლების გაფართოება ნეიტრალურის ხარჯზე სურს, თუმცა ესეც შეთანხმების ნაწილია და ცალმხრივად ამის გაკეთება შეუძლებელია, დღეს ფაქტიურად ბალტიის ზღვა არის ნატოს ზღვა, როცა შვედეთი და ფინეთი საბოლოოდ ალიანსში გაწევრიანდნენ.

„არის ტერიტორიები, რომლებიც წინასწარ შეთანხმებულები არიან ქვეყნები და ამასთან ნეიტრალური წყლებიც იყო და ეტყობა რუსეთს უნდა, რომ გააფართოვოს ნეიტრალურის ხარჯზე, მაგრამ, ამაზეც ხომ შეთანხმება უნდა იყოს, ასე ცალმხრივად არ შეიძლება. მითუმეტეს, რომ ბალტიის ზღვა ფაქტიურად ნატოს ზღვა გახდა, რადგან ამ ზღვაში ყველა სახელმწიფო ნატოს წვერია და ბუნებრივია, რომ ამ ქვეყნებთან შეთახმების გარეშე, ამის გაკეთება ადვილი ნაბიჯი არაა.

„შესაძლოა ამას სპეციალურადაც აკეთებდნენ, რომ დაძაბულობა შემოიტანონ რეგიონში და განსაკუთრებით ფინეთს და შვედეთს ახალ წევრებს რაღაცა მიანიშნონ, თან მითუმეტეს, პუტინი დაემუქრა ამ ქვეყნებს, რომ ნატოში გაწევრიანებას პასუხი ექნებოდა და შეიძლება უნდა, რომ მუდმივ დაძაბულობაში ამყოფოს, რომ ამითი ნატომ გააკეთოს კონცენტრაცია არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ სხვა სცენარებზეც იფიქროს.

„არაა გამორიცხული, რომ ამ პატარა პროვოკაციით, მუდმივი დაძაბულობის კერა შეიქმნას. თუმცა ახლა რუსეთს ნატოსთან დაპირისპირების რესურსი არ აქვს, რომ მეორე ფრონტზე დაიწყოს მოქმედება, ამისი არც ადამიანური, არც ინტელექტუალური და არც სამხედრო-პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია", -განაცადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საზღვრების შეცვლის მცდელობა იგივე ნატოსთან დაპირისპირების მცდელობას ნიშნავს, მისი თქმით, არაა გამორიცხული, რომ ეს საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის ნაწილიც იყოს.

„რუსეთის სამხედრო დოქტრინაში ერთ-ერთი პუნქტია, სადაც რუსეთს შეუძლია, სამხედრო ძალა თავისი ეკონომიკური ინტერესების რეალიზებისთვის გამოიყენოს, როცა დიპლომატიური შესაძლებლობები ამოწურულია. როგორც ჩანს, რუსეთმა უკვე ამის რეალიზაცია დაიწყო. ბალტიის ზღვაში საზღვრების შეცვლის შეთავაზება უკვე ნიშნავს, რომ რუსეთს-ბალტიის სახელმწიფოებზე ზეწოლის მორიგი სამხედრო გეგმა აქვს. ნატოს გაფართოების საწინააღმდეგოდ.

„საზღვრების შეცვლის მცდელობა იგივე ნატოსთან დაპირისპირებაა, რუსეთი ცდილობს, რომ სამხედრო პროვოკაცია შექმნას და ამით ნატო აიძულოს, რომ საპასუხო აქტიური ღინისძიებები მიიღოს რუსული აგრესიის შესაკავებლად და არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი დიდ სამხედრო დაპირისპირებაზე წავიდეს.

„ამით რუსეთი აჩვენებს, რომ არაფერს არ შევეგუებით, ჩვენ შეგვიძლია სამხედრო კონფრონტაციაზე წავიდეთ და უშუალოდ ნატოს დავუპირისპირდეთო. რა თქმა უნდა, ეს მომენტი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის კონტექტშიც განიხილება, მაგრამ როგორც ჩანს, პუტინს კიდევ უფრო შორს წასვლა უნდა, რომ ნატოს თავისი სამხედრო მუსკულები აჩვენოს და ალიანსის პოტენციალიც მოსინჯოს.

„პროვოკაციები მოსალოდნელია არა მხოლოდ კალინინგრადის ოლქიდან, არამედ ბალტიისპირეთიდან, რუსეთმა მოსკოვისა და ლენინინგრადის სამხედრო ოლქები აღადგინა, რასაც ოპერატიულ-სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, მათ განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსი აქვს.

„ლენინგრადის სამხედრო ოლქი სტალინმა 1937 წელს შექმნა და ის იყო პრელუდია ფინეთის ომთან მიმართებაში. ამ ოლქიდან მოხდა ბალტიის სახელმწიფოების ოკუპაცია 1940 წელს. აქედან გმომდინარე, როგორც ჩანს პუტინი სტალინის ნაბიჯს იმეორებს, ოღონდ ახლა დაშინების პოლიტიკის კონტექსტში უნდა რომ განახორციელოს. თუ საჭიროდ ჩათვლის, ალბათ სამხედრო კონფრონტაციაზეც წავა.

„აქვს თუ არა რუსეთს ახლა ნატოსთან დაპირისპირების თავი, ეს ცალკე საკითხია, ნათქვამია, რომ რუსეთს თავისი არსით ვერავინ ვერ გაუგებსო და მართალია, პუტინი არალოგიკურ ნაბიჯებს დგამს და ცდილობს დაშინების პოლიტიკა დააფიქსიროს. თუმცა, რუსეთმა თავისი თავდაცვის ხარჯები გაზარდა - მას ასეთი მიდგომა აქვს, რომ ის თავდაცვის რეალურ ხაჯებს ოფიციალურად არ აფიქსირებს.

„რუსეთი მეოთხე ქვეყანაა, რომელსაც ოფიციალურად დიდი სამხედრო ბიუჯეტი აქვს, 90 მილიარდზეა საუბარი, მაგრამ ის ამასთანავე ჩრდილოვან ეკონომიკას იყენებს თავდაცვის ბიუჯეტის გასაზღდელად. ესაა კორუფციული თანხები და კორუფციული სქემები და ამ შავ ფულს იყენებს თავდაცვის სფეროს გასაძლიერებლად. ეს თანხები სამჯერ აღემატება ოფიციალურად აღრიცხულ ბიუჯეტს.

„აქ ერთი მომენტია, რომ ჩრდილოვან ეკონომიკიდან მიღებულ თანხებს თავად სამხედრო სფეროს წარმომადგენლები ითვისებენ, იმ დღეს ორი მაღალჩინისანიც დააპატიმრეს, არმიის გენერალი პოპოვი და ტიმურ ივანოვი. ისინი სწორედ ამ კორუფციულ თანხებს იპარავდნენ. სამხედრო კორუფციასთან ბრძოლა, ესეც ერთ-ერთი მიმანიშნებელია, რომ პუტინი რაღაცისთვის ემზადება და სულ უფრო ამუქებს ნატოსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირების კონტურებს",-განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×