ნატალია ჯვარიძე
20.06.2024

10 დღეში უნგრეთი ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და ამ სტატუსს წლის ბოლომდე შეინარჩუნებს. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. რას ნიშნავს ეს საქართველოსათვის და რა გავლენას მოახდენს ამ გადაწყვეტილებებზე უნგრეთის თავმჯდომარეობა?

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, გადაჭარბებული იქნება იმის თქმა, რომ უნგრეთი ჩვენს მიმართ ზედმეტად თავს გამოიდებს, თუმცა, დიდი ალბათობით, იქნება გარკვეული მცდელობები, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშრებით „ზედმეტად მკაცრი" გადაწყვეტილებები არ მიიღოს.

„მე არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებს საქართველო უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდს, თუმცა დიდი ალბათობით რაღაც გეგმა ექნებათ, რადგან ჩვენს ამჟამინდელ მთავრობასა და უნგრეთის ხელისუფლებას შორის მჭიდრო, თბილი და კარგი ურთიერთობები არსებობს. დიდი მედი მაქვს ეს ურთიერთობა არ გაფუჭდება იმ ინციდენტით, რაც ეხებოდა ოლივერ ვარჰეისა და ჩვენი პრემიერის საუბარს. ალბათ რაღაც კუთხით მცდელობები იქნება იმაზე, რომ ეს გამოიყენონ, ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით ზედმეტად მკაცრი დასკვნები არ გააკეთოს",- აღნიშნავს ანჯაფარიძე.

ემბლემა, დევიზი და გეგმა

უნგრეთი 2024 წლის ივლისიდან ექვსი თვის განმავლობაში, დეკემბრის ჩათვლით, იქნება ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა - როტაციის პრინციპით. საბჭოს სხდომების თავმჯდომარის მოვალეობას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეასრულებს.

უნგრეთს უკვე შემუშავებული აქვს თავისი თავმჯდომარეობის პერიოდის ემბლემა. ეს გახლავთ ცნობილი რუბიკის კუბიკი ევროკავშირისა და უნგრეთის დროშების გამოსახულებით.

გარდა ამისა, ასევე ცნობილია უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდის მთავარი დევიზი - „დავუბრუნოთ ევროპას ძველი დიდება". ეს ფრაზა თითქმის ერთი ერთში იმეორებს 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მთავარ სლოგანს - „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება". თუმცა, თავად უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამას უბრალო დამთხვევით ხსნიან.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი წელს შემოდგომაზე კვლავ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

რაც შეეხება წინასწარ გეგმას, თუ როგორ წარმართავს უნგრეთი თავის თავმჯდომარეობას, ამის შესახებ 18 ივნისს ჟურნალისტებთან უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა იანოშ ბოკამ ისაუბრა.

„ჩვენ ვიღებთ თავმჯდომარეობას ძალიან რთულ გარემოში: ომი ჩვენს სამეზობლოში, ჩვენი გლობალური კონკურენტებისაგან ჩამორჩენის საფრთხე, უსაფრთხოების პრობლემები, არალეგალური მიგრაცია, ბუნებრივი კატასტროფები, კლიმატის ცვლილება და დემოგრაფიული გამოწვევები.

„ამ ახალი ინსტიტუციური ციკლის დასაწყისში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა წამოვიწყოთ დებატები და ვიპოვოთ გამოსავალი ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენი პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ვიქნებით პატიოსანი ბროკერები, ერთგულად ვითანამშრომლებთ ყველა წევრ სახელმწიფოსთან და ინსტიტუტთან.

„ჩვენმა თავმჯდომარეობამ გამოკვეთა შვიდი ძირითადი პრიორიტეტი, რომელიც ფოკუსირებულია ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე, მიგრაციის მართვასა და ევროკავშირის გაფართოების მხარდაჭერაზე.

„თავმჯდომარის რანგში ჩვენ ვგეგმავთ 177 ღონისძიების ორგანიზებას. მათ შორისაა 16 არაფორმალური საბჭოს სხდომა და ერთი არაფორმალური ევროპის საბჭოს სხდომა. გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები წევრ ქვეყნებთან, კანდიდატ ქვეყნებთან და ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ჩავატარეთ 250-ზე მეტი დისკუსია. ჩართულობის ეს დონე უპრეცედენტოა თავმჯდომარეობის ისტორიაში", - აცხადებს ბოკა.

რაც შეეხება ევროკავშირის გაფართოებას, ამასთან დაკავშირებით უნგრეთის წარმომადგენელმა ბალინთ ოდორმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ბუდაპეშტი შეეცდება რაც შეიძლება მეტი მოლაპარაკება დაასრულოს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის კანდიდატ ქვეყნებთან.

„უნგრეთი, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე, თავის ამოცანად ისახავს „დააბალანსოს" ევროკავშირის გაფართოების პროცესები, კონკრეტულად კი „სამეულისათვის" - უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის - კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ფონზე ყურადღება მიაქციოს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც", - განაცხადა ოდორმა.

„დოიჩე ველეს" ცნობით, კითხვაზე, თუ როგორი იქნება ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთთან, რომელიც უკრაინასთან აგრესიულ ომს აგრძელებს, აგრეთვე უკრაინისადმი დახმარების საკითხთან მიმართებით, ბალინთ ოდორმა საკმაოდ ზოგადად უპასუხა, რომ ბუდაპეშტი ყურადღებით დააკვირდება მოვლენების განვითარებას და როცა საჭირო და აუცილებელი იქნება, დღის წესრიგში განსახილველად ყველა აუცილებელ ასპექტს შეიტანს".

„დოიჩე ველე" ხაზგასმით წერს, რომ ამ ბრიფინგის დროს ჩამოთვლილ პრიორიტეტებს შორის შესიტყვება „უკრაინისადმი მხარდაჭერა" არ გაჟღერებულა.

„ამაზე დიდი იმედების აგება გადაჭარბებული იქნება..."

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, მართალია საქართველოსა და უნგრეთს შორის ბოლო დროს საკმაოდ მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ უნგრეთი მაინც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები 24 ივნისს იქნება მიღებული და ოქტომბერში საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება, რომლის საფუძველზეც უკვე დეკემბერში გადაწყდება მისცემენ თუ არა საქართველოს ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებების ფანჯარას. მაგალითად, თუ უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე საკითხი დადგა, ამას ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა არ სჭირდება, საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობის გადაწყვეტილებაც.

„რაც შეეხება თვითონ უნგრეთის თავმჯდომარეობას, დიდი იმედების აგებაზე იმაზე, რომ უნგრეთი ჩვენს გამო თავს გამოიდებს, ცოტა არ იყოს გადაჭარბებულია. კი, მან შეიძლება თავისი სიტყვა თქვას და თავისი პოზიცია დააფიქსიროს, რომ საქართველოს მიმართ ზედმეტად მკაცრი ზომების შემოღებას არ ეთანხმება, მაგრამ ბოლო დროინდელმა პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ უნგრეთი მაინც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ამიტომ მე ამაზე მაინც და მაინც დიდ იმედებს არ ვამყარებ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×