ნატალია ჯვარიძე
29.06.2024

„ქართული ქარტია" 26 მაისს გაჩნდა, ერთიანობის დეკლარაცია კი ერთი თვის შემდე - 24 ივნისს. „ქართულ ქარტიას" 17 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს, ერთიანობის დეკლარაციას კი - 7. ანალიტიკურ წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ ერთიანობის დეკლარაცია „ქართული ქარტიის" ალტერნატივაა, რაც ამომრჩევლებში დაბნეულობას იწვევს. რამდენად შესაძლებელია, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ ამ ორ დოკუმენტს მართლაც ასეთი ეფექტი ჰქონდეს? ანალიტიკოსთა მისაზრებები ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია.

ამ ორი დოკუმენტს შორის არის ერთი არსებითი განსხვავება. „ქართულ ქარტიაში" საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ეს სულაც არ გულისხმობს მისი ხელმომწერი პარტიების ამა თუ იმ ფორმით გაერთიანებას. ერთიანობის დეკლარაციაში კი წორედ იმაზეა საუბარი, რომ მისი ხელმომწერი პარტიები წინასაარჩევნოდ უნდა გაერთიანდნენ და ეს ერთობა არჩევნების შემდეგ მომავალ პარლამენტშიც უნდა შეინარჩუნონ.

ანალიტიკოსს ზაალ ანჯაფარიძის თქმით, მისთვის გაუგებარია რისთვის იყო საჭირო ერთიანობის დეკლარაციის შექმნა და ხელის მოწერა.

„ერთი შეხედვით, შეიძლება „ერთიანობის დეკლარაცია" „ქართული ქარტიის" ალტერნატივა იყოს. მეორე მხრივ კი, შესაძლოა ეს ქარტიის განმამტკიცებელი დოკუმენტია, თუმცა მისი ხელმოწერის პოლიტიკურ საჭიროებას მე ვერ ვხედავ, რადგან ქარტიას ხელი 17 პარტიამ მოაწერა, ხოლო ამ დეკლარაციას - 6-მა. სად არის დანარჩენი პარტიები? როგორც ჩანს, იმ ქარტიის ხელმომწერები ერთიანობის დეკლარაციის მიმართ რაღაც ენთუზიაზმით განწყობილი არ არიან", - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით კი, ამომრჩეველს ოპოზიციის ჩამოუყალიბებლობა უფრო აბნევს, ვიდრე ხელმოწერილი დოკუმენტები:

„მე არ ვფიქრობ, რომ „ერთიანობის დეკლარაცია" რაღაცის ალტერნატივაა და ამომრჩეველს აბნევს. დამერწმუნეთ, რომ ამომრჩევლის ძირითადმა ნაწილმა მხოლოდ სათაურებით თუ იცის რა რა არის. ამომრჩეველს ის აბნევს, რომ ოპოზიცია ჯერ ვერ ჩამოყალიბდა როგორ და რა ფორმატით ღებულობს არჩევნებში მონაწილეობას".

რას გულისხმობს ერთიანობის დეკლარაცია

ერთიანობის დეკლარაციას 24 ივნისს მოეწერა ხელი. არსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტში „ქართული ქარტიაც" არის ნახსენები და ნათქვამია, რომ ხელმომწერთა ერთ-ერთი მიზანი სწორედ ქარტიაში გაწერილი პუნქტების შესრულებაა. მთავარი კი ისაა, რომ ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან „ერთად ყოფნაზე" არჩევნებისას და არჩევნების შემდეგ, ეს კი შესაძლოა ერთიან სიასაც გულისხმობდეს. ყოველ შემთხვევაში, დეკლარაციის ერთ-ერთ პუნქტში წერია, რომ 8 ივლისამდე ყველა ხელმომწერი საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს, თუ როგორ წარმოუდგენია ეს ერთიანობა.

„ხელმომწერები ვთანხმდებით:

- გავაძლიეროთ ძალისხმევა მოახლოებულ არჩევნებამდე, იმისათვის, რომ არ დაიკარგოს არც ერთი საარჩევნო ხმა, რადგან 5% ბარიერის გადალახვა არ წარმოადგენდეს პრობლემას;

- არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივლისამდე, მოვნახოთ ყველაზე ეფექტური კონფიგურაცია ჩვენი ერთიანობისა, რომელიც მაქსიმალური შედეგის მომტანი იქნება არჩევნებში;

- ეთიკური ფარგლების დაცვით გავაგრძელოთ ქვეყნის წინაშე მდგომი საკითხების განხილვა და მოვერიდოთ ერთმანეთზე თავდასხმებს არჩევნებამდე და მის შემდეგ;

- ერთიანი ძალისხმევით დავუპირისპირდეთ „ქართული ოცნების" პროპაგანდას;

- შევთანხმდეთ, ერთიანი მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე არჩევნების შემდგომ, „ქართულ ქარტიაში" მოცემული პუნქტების შესასრულებლად;

- ავიღოთ ვალდებულება, რომ ახალ პარლამენტში არ მივცეთ ხმა ისეთი მთავრობის ფორმირებას, რომელშიც „ქართული ოცნება" მიიღებს მონაწილეობას;

- საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი დავუჭიროთ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატს;

- სტრატეგიული პოლიტიკური მიზნებისა და საქმიანობის გარშემო გავერთიანდეთ საპროტესტო სამოქალაქო მოძრაობებთან და აქტივისტებთან, რომლებიც იბრძოდნენ და კვლავაც იბრძვიან დემოკრატიის დასაცავად და საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად;

- მოვუწოდოთ და მობილიზება გავუკეთოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ამომრჩევლების მაქსიმალურ მონაწილეობას არჩევნებში და ვთხოვოთ პარტნიორ ქვეყნებს არსებული პროცესის ხელშეწყობა;

- შევთანხმდეთ ძალისხმევის გაერთიანებაზე, რათა დავიცვათ ყველა საარჩევნო ხმა და ხელი შევუშალოთ არჩევნების გაყალბებას;

- ვთხოვოთ დასავლელ პარტნიორებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა დაიცვან საქართველოს მოქალაქეების უფლება, მონაწილეობა მიიღონ სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებში, რადგან ამის შესაძლებლობა შეიძლება გამიზნულად შეიზღუდოს „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ;

- მოვუწოდოთ OSCE/ODIHR-ს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოსა და სხვა უწყებებს, უზრუნველყონ საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვება", - წერია დოკუმენტში.

ერთიანობის დეკლარაციას 24 ივნისს 6-მა პარტიამ მოაწერა ხელი: „ნაცმოძრაობამ", „გირჩი - მეტი თავისუფლებამ", „ახალმა", „ლელომ", „დროამ" მათ „სტრატეგია აღმაშენებელმა". მოგვიანებით მათ „რესპუბლიკური პარტიაც" შეუერთდა.

რა არის „ქართული ქარტია"

„ქართული ქარტია" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შემუშავებული დოკუმენტია, რომლის პრეზენტაციაც 26 მაისს პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მოხდა. ამ მომენტისათვის ქარტიას 17 პარტია აწერს ხელს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქარტიაზე ხელისმომწერი ყველა ოპოზიციური პარტია იმ ფორმით მიიღებს მონაწილეობას, რა ფორმითაც საჭიროდ ჩათვლის. ქარტია მათ გაერთიანებას არ ავალდებულებს. ამ დოკუმენტის ხელმომწერი პარტიები მხოლოდ იმაზე თანხმდებიან, თუ რას გააკეთებენ იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული უცნება" არჩევნებზე დამარცხდება და ხელისუფლებაში დღევანდელი ოპოზიციური პარტიებისაგან შემდგარი კოალიცია მოვა.

ამ გეგმის თანახმად, ოპოზიცია ჩამოაყალიბებს დროებით მთავრობას, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებს. ამ პერიოდში ეს მთავრობა გაატარებს მნიშვნელოვან რეფორმებს ქვეყნის ევროპასთან დასაახლოვებლად. პარლამენტი კი, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობა დღევანდელი ოპოზიციური პარტიების კოალიციას ექნება, ასევ ჩაატარებს შესაბამის სამუშაოს - გააუქმებს იმ კანონებს, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას აფერხებს. ყოველივე ამის შემდეგ კი დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

„ქართულ ქარტიას" ხელს აწერს ოპოზიციური პარტიების დიდი უმრავლესობა. მას არ შეუერთდნენ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის", „გირჩი" და „ლეიბორისტული პარტია", თუმცა ამ პარტიებში აცხადებენ, რომ ქარტიის სულისკვეთებას ძირითადში იზიარებენ.

არის თუ არა დეკლარაცია ქარტიის ალტერნატივა

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს ერთიანობის დეკლარაცია პრეზიდენტის ინიციატივით გაფორმებული „ქართული ქარტიის" ალტერნატივაა და ამომრჩეველს აბნევს.

„ხელი მოაწერეს „ერთიანობის დეკლარაციას". წარმოუდგენელი რაღაცაა, პირდაპირ გეტყვით. „ქართული ქარტია" ფუნდამენტური, ისტორიული დოკუმენტია, სახელმწიფო მეთაურის გარანტიის ქვეშ შექმნილი დოკუმენტია. ახლა ადგნენ და მის ალტერნატივის შექმნა დაიწყეს, ეს აბნევს ადამიანებს. რა უნდათ, რისთვის მოაწერეს ხელი იციან?

„სხვათა შორის, იქ ერთ-ერთი პუნქტი იყო თავდაუსხმელობის შესახებ, მაგრამ გამოვარდა მეორე დღესვე ერთ-ერთ პოლიტიკოსი და ერთ-ერთი პარტნიორი პარტია გამოლანძღა ბოლო სიტყვებით. რა ფასი აქვს ამას? ამას ხომ უყურებენ ისინი, ვინც ხმა უნდა მოგცეთ? კეთილი ინებეთ და ცოტა სერიოზულად მოიქეცით. რა დეკლარაციები აუტყდათ?

„ერთადერთი ორთქლმავალი გყავთ. როგორ უნდა მოიგოთ პრეზიდენტის გარეშე არჩევნები? პრეზიდენტს უნდა ეფეროთ ახლა, რომ ჩაგიბათ იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ მარტო ვაგონები, არც რელსებზე დგახართ, „ა" პუნქტიდან „ბე" პუნქტში ვერ მიდიხართ. ერთადერთი ადამიანია პრეზიდენტი, ვისაც შეუძლია ეს ვაგონები ჩაიბას, როგორც ორთქლმავალმა და გაიყვანოს ეს ქვეყანა სამშვიდობოზე. ესენი ეკონკურენტებიან და რატომ? არ უნდა იმ ქალს, საერთოდ არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიაა და განსხვავება ამ ორ შორის ნამდვილად არის - ქარტიაში რაც არ იყო, ის ერთიანობაში პირდაპირ ითქვა.

„ეს თემა ძირითადად ექპერტების, პოლიტიკოსების და პოლიტოლოგების გარჩევის საგანია, ამომრჩევლამდე ეს ნამდვილად არ გადის. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული ძალები შეეცდებიან, რომ ეს თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ - იქ, სადაც რეალურად დაპირისპირება არ არის, წარმოშვან და ამომრჩეველს ჩააგონონ, რომ ოპოზიცია ერთმანეთში ვერ თანხმდება.

„ეს ყველაფერი წინასაარჩევნო პიარია და მეტი არაფერი. პირიქით, დეკლარაციამ აღიარა ის, რაც ქარტიაში არ იყო, ყოველ შემთხვევაში პირდაპირ ნათქვამი არ იყო. ამ დეკლარაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ მასზე ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან არა მარტო იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი, არამედ იმაზეც, რომ მათი საპრეზიდენტო კანდიდატი 2024 წლის არჩევნების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი იქნება. ეს ქარტიაში ნამდვილად არ იყო", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, წინასწარ დასკვენების გამოტანა, რომ ეს ამომრჩეველს აბნევს, ეს სუბიექტური აღქმაა. მისთვის გაუგებარია რატომ გახდა აუცილებელი ერთიანობის დეკლარაციის შექმნა, რადგან ქარტიის ხელმოწერით ერთიანობა ისედაც დააფიქსირეს.

„დაბნევა-არდაბნევაზე რა მოგახსენოთ, ეს ელექტორატის წარმომადგენლებს უნდა ვკითხოთ, თუ რის საფუძველზე კეთდება ასეთი ზეპირი დასკვნა. აბნევს თუ არა ამომრჩეველს - მგონი ეს უფრო სუბიექტური აღქმებია. იმისათვის, რომ გავიგოთ ეს დეკლარაცია როგორ აღიქვა ოპოზიციის ელექტრორატმა, უნდა ჩატარდეს რაღაც გამოკითხვა.

„ჯერ ერთი, ეს დეკლარაცია ნედლი დოკუმენტია და შესაძლოა რიგითი მოქალაქეების ნაწილს არც კი წაუკითხავს. ამიტომ ნაადრევი დასკვენების გამოტანა მთლად კომპეტენტურ მიდგომად არ მიმაჩნია.

„მე როგორ გავეცანი ამ დოკუმენტს, იქ ხაზგასმით წერია, რომ ისინი ქარტიაში ჩამოყალიბებულ დებულებებს მხარს უჭერენ. მაგრამ, მეორე მხრივ, ცოტა არ იყოს გაუგებარია ამ დოკუმენტის ხელმოწერა რაში დასჭირდათ, ქარტიის ხელმოწერით ერთიანობა ხომ ისედაც დააფიქსირეს.

„თუმცა მგონი აქ საქმე სხვა რამეშია. ამ დეკლარაციას ხელი მოეწერა იცით რატომ? ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის ზედამხედველობის თუ კურატორობის ქვეშ და როგორც ჩანს, ეს ევროპის სახალხო პარტიის ინიციატივა უფრო არის. ეს პარტიები კი, რომლებიც ხელმომწერები არიან, უბრალოდ მათ ნება-სურვილს აჰყვნენ, თორე სხვანაირად ამ დოკუმენტის შექმნის განსაკუთრებულ აუცილებლობას მე ვერ ვხედავ.

„მეორე საკითხია კიდევ ის, რომ დეკლარაციას ხელი მოაწერა 6-მა პარტიამ და აქედან ერთის გარდა ყველა „ნაცმოძრაობის" განაყოფი პარტიაა. გარდა ამისა, საინტერესო იქნებოდა, პრეზიდენტს დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება ამ დეკლარაციასთან დაკავშირებით, რაც მას ჯერჯერობით არ გაუკეთებია", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×