კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყანამ, რომელიც არ არის მყარი პარტნიორი, ბევრი პრობლემა შეიძლება შექმნას - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განაცხადა.
თუმცა, მისი თქმით, რუსული ბაზრისგან ჩახსნა ამ ეტაპზე წარმოუდგენელია და ეს რომ მოხდეს, ქვეყანა სულ სხვა დონეზე უნდა იყოს.
„როცა თავისუფალ ბიზნესზე ვსაუბრობთ, იმდენად მაღალია დამოკიდებულება პირველად პროდუქტებზე რუსეთიდან ან თურქეთიდან, რომ ჩვენ რომ ამას ჩავეხსნათ, ქვეყანა სხვა დონეზე უნდა იყოს. ამ მომენტისთვის ეს ნამდვილად არ შეგვიძლია. ამ ეტაპზე ამისი წარმოდგენაც კი რთულია. 2008 წელსაც კი, როდესაც პირდაპირ ომის პროცესში ვიყავით, იმპორტი არ შეწყვეტილა, იმიტომ, რომ არ შეგვიძლია.
უბრალოდ, კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყანამ, რომელიც არ არის მყარი პარტნიორი, ბევრი პრობლემა შეიძლება შექმნას. სანამ ევროკავშირის წევრი არ გავხდებით, სანამ მაღალი ხარისხის პროდუქციის მოყვანის შესაძლებლობა არ გვექნება, სანამ გასაღების სტაბილური ბაზარი არ გვექნება, ეს პრობლემა მოუგვარებელი იქნება" - განაცხადა ჭყონიამ გადაცემაში „საქმე".