რეზონანსი
19.06.2024

მზად ვართ აშშ-სთან პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობებისთვის და არა ვასალური დამოკიდებულებისთვის, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის ერთ-ერთი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუზე, სადაც მან აღნიშნა: „შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და ვისაც არ აქვს ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას".

„შეგვიძლია, მივმართოთ ქართულ ანდაზას - რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნით მტკიცდება, რომ მაშინ, როცა ამბობდნენ, რუსეთი სანქციების ქვეშ ჰყავდათ და ქართველი ხალხის გვერდით იყვნენ, აღმოჩნდა, რომ 2023 წელს რუსეთის მოქალაქეების 39 პროცენტს უთხრეს ვიზაზე უარი, საქართველოს მოქალაქეებიდან კი ყოველ მეორეს ვიზა არ მისცეს. ეს არის რეალობა. ხალხი დაასანქცირეს და ხელისუფლებას ემუქრებიან, ვიზას არ მიგცემთო? - ცოტა მეტი სერიოზულობა გვინდა. ელჩი ვიზის არმოცემით გვემუქრება და სახელმწიფო დეპარტამენტი დასკვნას დებს, რომლის მიხედვით, საქართველოს ყოველ მეორე მოქალაქეს ვიზა არ მისცეს და დაასანქცირეს. მზად ვართ პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობებისთვის და არა ასეთი ვასალური დამოკიდებულებისთვის", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×