ნატალია ჯვარიძე
26.06.2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში 25 ივნისს ძლიერი ქარიშხალი იყო, რომელსაც თან ახლდა ქარბორბალა. რის შედეგადაც დაზიანდა ალავერდის ტაძარი და ასევე ტაძრის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურა. განადგურებულია ტაძრის ეზოში მრავალწლიანი ნარგავები. „მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამას კლიმატის ცვლილებას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ასეთი გამოკვეთილი ქარბორბალა პირველად დაფიქსირდა.

„გასულ წელს მსგავსი ქარბორბალა სამცხე-ჯავახეთში მოხდა, ოღონდ ამხელა მასშტაბის არ იყო. ალბათ საქართველოში ასეთი ქარიშხალი ოდესმე იქნებოდა, თუმცა ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა და ასეთი რაღაცები არ ფიქსირდებოდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად მოხდა ასეთი გამოკვეთილი ქარიშხალი და კიდევ კარგი, რომ უფრო დიდი მასშტაბის არ იყო", - აღნიშნა ჩხობაძემ.

ალავერდი უკვე მოინახულეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა. მათი ცნობით, დაზიანებები საკმაოდ მასშტაბურია.

„სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

„ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქარიშხლის დროს ტაძარში ტურისტები და მომლოცველები არ იმყოფებოდნენ. მოგლეჯილია ხეები. ლიერმა ქარმა დააზიანა ავტომანქანებიც. ერთ-ერთ მათგანში. მათ დაზიანებები არ მიუღიათ, თუმცა სასწრაფო დახმარების ექიმებმა ერთ-ერთი პროფილაქტიკის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.

„დაზიანდა ალავერდის როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ჩართულობით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა", - ნათქვამია კახეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ ამასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში.

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის ინფორმაციით, ალავერდის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ვითარება საგანგებოა და სპეციალისტების დასკვნას საჭიროებს. როგორც მან აღნიშნა, დაზიანებულია ალავერდის ტაძრის სამეუფო რეზიდენცია და სიძველეთსაცავიც.

„დილით, მონასტრის დათვალიერების შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა საგანგებოა. ქარბორბალას ძალიან ძლიერი დარტყმა იყო გუმბათზე, ამიტომ სპეციალისტებმა უნდა ნახონ, ხომ არ არის თვალით უხილავი ბზარები.

„დაზიანებულია სამრეკლოც, მონასტრის შიგნით ინფრასტრუქტურაც. ეს ეხება მონასტრის ყველა ნაგებობას, ისტორიულსაც და ძველს. სპეციალისტებისგან საჭიროა დასკვნის გაკეთება, რათა შემდეგ დაინიშნოს სარესტავრაციო სამუშაოები", - ამბობს მეუფე დავითი.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც სამონასტრო კომპლექსში ვითარებას ადგილზე ეცნობიან. სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ნინო ჩხობაძის თქმით, ეს მოულოდნელი შემთხვევა იყო, თან აქამდე თუ ტორნადოები ზღვაზე ხდებოდა, ახლა კახეთში დაფიქსირდა.

„ეს ბუნებრივი პროცესია. ტემპერატურა მაღალი იყო. როგორც სპეციალისტები ხსნიან, ასეთი რაღაცები ხდება, მაგრამ ეს უკვე გარკვეულწილად კლიმატის ცვლილების შედეგიც არის ალბათ, რადგან მანადე ასეთი რაღაც არ ფიქსიდებოდა. კლიმატი იცვლება და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ტორნადოები აქამდე თუ ზღვაზე ფიქსირდებოდა, ახლა უკვე კახეთში მოხდა. ნუ, ეს ცოტა მოულოდნელი იყო", - განაცხადა ნინო ჩხობაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×