რეზონანსი
06.07.2024

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ინციდენტი სრულად იყოს გამოძიებული, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპული პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჩიქოვანი აღნიშნავს, თავდაცვის სამინისტრო დაღუპული ვიცე-პოლკოვნიკის ოჯახს გვერდში დაუდგება.

„მინდა სამძიმარი ვუთხრა ოჯახს, ახლობლებს, რა თქმა უნდა, ოფიცრებს, ჯარისკაცებს, ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძალიან დიდი ტკივილია, ის დანაკარგი, რომელიც თავდაცვის ძალებში გვაქვს. ეს ტრაგედია უმძიმესია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ინციდენტი სრულად იყოს გამოძიებული. მეორეს მხრივ, იმასაც ვიტყვი, რომ თავდაცვის ძალები ერთი დიდი ოჯახია და რა თქმა უნდა, ჩვენ გვერდში დავუდგებით დაღუპული ვიცე-პოლკოვნიკის ოჯახს", - განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ-25 ტიპის საფრენმა აპარატმა კატასტროფა გეგმური სწავლების დროს, 2 ივლისს განიცადა. კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.

შემთხვევის ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შემდგომ, დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, დაგეგმილია ქიმიური, ბალისტიკური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×