რეზონანსი
20.06.2024

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კონსტიტუციური კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

ცვლილებების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია".

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები საკონსტიტუციო ღირებულებების დონეზე იქნება აყვანილი და სწორედ ამას ემსახურება საკონსტიტუციო პროექტის შემუშავება", - განაცხადა მომხსენებელმა, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, კონსტიტუციური კანონის პროექტით, ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი განისაზღვრება.

„აღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტის მიზანია ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერება", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის შემდეგ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვასთან დაკავშირებით პოლიტიკური და სამოქალაქო კონსენსუსი არსებობს.

„კონსენსუსს ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების" ამომრჩევლის პოზიციები არ ყოფილა დაფიქსირებული. ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკური პლატფორმის ამომრჩევლის ინტერესს წარმოადგენს ამ ინიციატივების მიღება და დამტკიცება პარლამენტის მიერ", - აღნიშნა მომხსენებელმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში გამართული შეხვედრების მონაწილეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტები დადებითად შეაფასა და აქედან გამომდინარე, ამ პროექტების შემდგომ განხილვას საზოგადოების მხრიდან მაღალი ლეგიტიმაცია აქვს.

კანონპროექტების ინიციატორია საპარლამენტო უმრავლესობის 83 დეპუტატი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×