თამთა ჩაჩანიძე
18.06.2024

25 ივნისს ბრიუსელში ჩატარდება ევროკავშირის სამთავრობათაშორისო კონფერენცია, რითაც ოფიციალურად სტარტს აიღებს უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკება. უნგრეთმა, რომელიც ამ ინიციატივას ბლოკავდა, თანხმობა განაცხადა, ქვეყნის საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ მიაღწიეს ბუდაპეშტის პირობის ჩართვას მოლაპარაკებების ჩარჩოში, უკრაინაში ეროვნული უმცირესობების უფლებების პატივისცემის შესახებ.

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი 14 ივნისს შეათანხმეს. 7 ივნისს კი ევროკომისიამ ამ ქვეყნების მიმართ ევროინტეგრაციის რეფორმებთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცა. იგივე ევროკომისიისგან 9 რეკომენდაციაზე დასკვნას საქართველო ამა წლის დეკემბერში ელოდება, თუმცა იმის გამო, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის დამტკიცების შემდეგ, ევროკავშირისგან დიდი კრიტიკა წამოვიდა, ანალიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ, რომ დეკემბერში გაისხნას საქართველოსთვის მოლაპარაკებების ეტაპი.

მანამდე, ევროკომისიამ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომ ვეტოს დაძლევა „გავლენების კანონზე", „კომისიის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯიდან მინიმუმ სამთან დაკავშირებით უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე".

საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეფასებები

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დღეს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის თემა არის აბსოლუტურად გაცვეთილი, „როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი".

„ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. როგორც გაუცრუვდათ იმედები დღემდე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისე გაუცრუვდებათ იმედები მომავალშიც. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას, კანონის ინიცირებამდე შანსი იყო ნული, ახლა არის 20-30%. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი ამოცანაა, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ მიზანს მივყვებით თანმიმდევრულად, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელდება შანტაჟი, რაც კონკრეტული ძალები თავიდან უკავშირებდნენ კანდიდატის სტატუსს, ახლა უკავშირებენ მოლაპარაკებების გახსნას.

„ეს არ არის ევროკავშირი. ეს არის ე.წ გლობალური ომის პარტია, რომელსაც სამწუხაროდ აქვს თვისებრივი გავლენა ევროკავშირზე. გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა დღეს მოლაპარაკებების გახსნის თემა არის აბსოლუტურად გაცვეთილი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი. შესაბამისად, არავითარი ფასი ამ საკითხს არ აქვს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია ორგანიზაციებთან, ადამიანებთან, გვარებთან დაკავშირებით, ვინც არის წარმომადგენელი გლობალურ ომის პარტიაში. მათ შორის, გვარებით ვიცით, ევროპარლამენტარები, სენატორები.

„სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის ამ ყველაფრის დაკონკრეტება, მაგრამ ვინც აშანტაჟებდა კანდიდატის სტატუსით საქართველოს, თქვენ ხომ გახსოვთ2022 წლის ივნისში საქართველოს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ეთქვა უარი კანდიდატის სტატუსზე. ვინ გვაშანტაჟებდა, ევროკავშირი? არ იყო ეს ევროკავშირი. ესენი იყვნენ ის ძალები, რომლებსაც, სამწუხაროდ, თვისებრივი გავლენა აქვს ევროკავშირზე", განაცხადა პრემიერმა.

ოპოზიცია კი კობახიძის განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს, ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს შანსი, გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, „ნულის ტოლფასია". მისი თქმით, „ოცნების" ხელისუფლების პირობებში ევროკავშირთან მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლა წარმოუდგენელია.

„ეს არის მორიგი ტყუილი და დეზინფორმაცია ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. „რუსული კანონის" მიღების შემდეგ, საქართველოს შანსი, რომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სამწუხაროდ ამ ხელისუფლების პირობებში არის ნულის ტოლფასი, ამიტომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რასაც დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის ძალისხმევით, ჩვენ საერთო ძალებით შევძლებთ, 26 ოქტომბრის არჩევნებზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რა შანსი აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველო უკრაინას და მოლდოვას ყველა პარამეტრით წინ უსწრებს და თუ დეკემბერში მოლაპარაკებები არ გაიხსნა, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. მისი თქმით, ამის მიუხედავადაც საქართველო კვლავ გააგრძელებს ევროინტეგრაციისკენ სვლას, რადგან ეს პროცესი მრავალწლიანია, ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში დაუსრულებელიც კი.

„ბრიუსელიდან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც უსამართლო გადაწყვეტილება ვნახეთ, როცა დამსახურებულად მისაღები სტატუსის მონიჭება რამდენიმე თვით შეაყოვნეს. ამჟამად ქართული სუვერენიტეტისტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონის გამო ამ მოლაპარაკებების გადადებითა და გარკვეული სავიზო საქნციების შერჩევითად დაწესებით გვემუქრებიან, რაც აბსოლუტურად უსამართლოა.

„თუმცაღა, როცა ომში მყოფ უკრაინასა და დსთ-ს წევრ მოლდოვაზე ვლაპარაკობთ, აქ ნიშნისმოგებით და ქედმაღლობით კი არ უნდა ითქვას, არამედ, პირდაპირ უნდა აღინიშნოს ის მონაცემები და მაჩვენებლები, რასაც პერიოდულად თავად ევროკომისია აქვეყნებს ამ სამი ქვეყნის რეფორმებსა და მიღწევებზე. ფაქტია და ეს თავად ბრიუსელელი ანალიტიკოსების მხრიდან არაერთხელაა დადასტურებული, რომ საქართველო, უკრაინას და მოლდოვას ყველა პარამეტრით წინ უსწრებს.

„მოლდოვასა და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ე.წ. საშინაო დავალების შესრულებას არ ეფუძნება, რაც საქართველომ წარმატებით შეასრულა, როგორც კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, ასევე ახლაც - ფორსირებული რეფორმები ხორციელდება.

„პარადოქსია, როცა სირტყვით ერთს ამბობ და საქმით სხვა რამეს აკეთებ - პროდასავლურად პოზიციონირებადი რადიკალური ოპოზიცია შესაბამის საპარლამენტო განხილვებში არ მონაწილეობს. თუმცა, გარე და შიდა რყევების მიუხედავად, საქართველო ევროინტეგრაციულ გზას არ გადაუხვევს, ერთგულად გააგრძელებს იმ პირობებისა და რეკომენდაციების შესრულებას, რაც არაერთხელ დაფიქსირდა ბრიუსელისა და თბილისის მოლაპარაკებებზე.

„დეკემბერში გაიხსნება თუ არა მოლაპარაკებების კარი, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ფართო საზოგადოებამ ისედაც იცის, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები მრავალწლიანია, ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში დაუსრულებელი. იმედი ვიქონიოთ, რომ ბრიუსელსა და სხვა დედაქალაქებში, საღად მოაზროვნე პოლიტიკური აქტორები, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ჯეროვნად შეაფასებენ",-განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ჯიპას ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ იგივე გაგრძელდა შიდაპოლიტიკური თვალსაზრსით, არანაირი შანსი არ აქვს საქართველოს, რომ დეკემბერში მოლაპარაკებების გახსნაზე დადებითი რეკომენდაცია გაიცეს ევროკომისიის მხირდან. მეტიც, მისი თქმით, 25 ივნისის სამიტზე საქართველოს საკითხი ნეგატიურ კონტექსტშია შეტანილი და არაა გამორიცხული, რომ კანონის საპასუხოდ გარკვეული ღონისძიებებიც კი გაატარონ.

„თუ ასე გავაგრძელებთ, როგორც ახლა ვაგრძელებთ, არანაირი შანსი იმისა არ გვაქვს, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას და ამის შესახებ ევროკავშირიდან ჩვენმა მეგობრებმა არაერთხელ ძალიან ნათლად გაგვაფრთხილეს. ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ბოლო პერიოდში ჩვენ მივიღეთ, ეწინააღმდეგება ევროკავშირის იდეალებს და იმ გზას, რასაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჰქვია.

„მიუხედავად ამისა, ჩვენი ხელისუფლება იგივეს იძახის, რასაც აქამდე ამბობდა, ეს კი მხოლოდ იმ მიზანს გვაცილებს, რაც კონსტიტუციაში გვიწერია. იქით კვირას ევროკავშირის საბჭოა და საქართველოს საკითხი ძალიან ნეგატიურ კონტექსტშია შეტანილი, სუბარია იმ ღონისძიებებზე, რომლებიც შეიძლება გატარდეს „ქართული ოცნების" აგენტებთან დაკავშირებული ცნობილი კანონის მიღების საპასუხოდ.

„მთავარია ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს დაუბრინდეს, დღეს სამწუხაროდ ამ დღის წესრიგს ჩვენ ავცდით",- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×