ელზა პაპოშვილი
25.05.2024

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ბრალი წაუყენეს. ფემიციდის ეს კიდევ ერთი შემზარავი ფაქტი ზუგდიდის სოფელ კორცხელში მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 51 წლის გოჩა ჩოხაძეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, მან საკუთარ მეუღლეს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. მამაკაცი ქალს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი თავში ჩაქუჩი ჩაარტყა. 

დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან ნათესავს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო. თვითონ კი ადგილიდან მიიმალა და ის სამართალდამცველებმა სოფლის მიმდებარედ, ტყეში დააკავეს. 

ფემიციდის მსხვერპლი 58 წლის ფატიმა კოდუაა. თავის არეში ჩაქუჩით მიყენებული ჭრილობები 2 შვილის დედისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. ქალი მეზობლებმა  და ნათესავმა  მძიმე დაზიანებებით ნახეს, სასწრაფოში დარეკეს, თუმცა  ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს. ფატი კოდუა კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს, მაგრამ რამდენიმე საათში დაიღუპა. 

ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება მთავარი კითხვა - რატომ გაიმეტა 30 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გოჩა ჩოხაძემ მეუღლე სიკვდილისთვის. მოტივზე  „რეზონანსთან“ ადგილობრივებს საუბარი უჭირთ. მათ არ იციან რა მოხდა 23 მაისს ღამე ცოლ-ქმარს შორის. ისინი სახლში მარტო იყვნენ და კონფლიქტის შემდეგ კაცმა ცოლს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.  

„არაფერი არ ვიცით რა მოხდა ამ ორ ადამიანს შორის. რამე კონფლიქტი ჰქონდათ თუ რა სიტუაციაში იყვნენ, არ ვიცით. უკარგესი ქალი, წყნარი და მშვიდი... რა დაუშავა, რა უნდოდა - წარმოდგენა არ გვაქვს. 

„ღამე მოხდა ეს უბედურება. ნათესავისთვის დაურეკია - ცოლთან ჩხუბი მომივიდა და ძალიან ცუდად არისო. მოდი მოხედეთო და თავად ტყეში გაქცეულა. ამ ნათესავმა დარეკა მერე მეზობლებთანაც და შველა ითხოვა. დავრეკეთ სასწრაფოში და ქალი იყო გათიშული. თავში ჰქონდა ჩაქუჩი ნარტყამი. ჯერ უცემია და მერე ჩაქუჩი ურტყია. 30 წელია ერთად ცხოვრობენ. რანაირად გაიმეტა ასე ქალი, ვერ ამოგვიხსნია. რა მდგომარეობაში იყო ასეთში, რომ ამ დონემდე მიაყენა დაზიანებები“, - ყვება მეზობელი „რეზონანსთან“ 

ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალის დაზუსტებას, წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელოდებოდა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის გოჩა ჩოხაძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

ბოლო 8 დღის განმავლობაში, ეს ფემიციდის ნიშნით ჩადენილი მკვლელობის უკვე მესამე შემთხვევაა და 4 ქალია მოკლული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×