ნატალია ჯვარიძე
21.06.2024

გენერალური პროკურორის თანამდებობა უკვე ერთი თვეა ვაკანტურია და მედიაში უკვე ჩნდება პირველი არაოფიციალური ცნობები, თუ ვისი კანდიდატურები შეიძლება განიხილებოდეს ახალ გენპროკურორად. ანალიტიკოსებს ამასთან დაკავშირებით რაიმე ვერსიებზე საუბარი უჭირთ, თუმცა მიიჩნევენ, რომ მმართველ გუნდში შესაბამისი კანდიდატურების შერჩევა ჯერ დასრულებული არ არის.

„მთავარი არხის" ინფორმაციით, გენერალური პროკურორის ვაკანტურ პოზიციაზე ქართული ოცნება ანრი ოხანაშვილის დასახელებას აპირებს. მათივე ცნობით, თავდაპირველი ვერსიით განიხილებოდა დეპუტატ მამუკა მდინარაძის გადაყვანა. სახელდებოდა კიდევ ერთი კანდიდატი - გენპროკურორის მოქმედი მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი.

თავად ანრი ოხანაშვილი კი ამბობს, რომ მისი საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„ამაზე გითხარით ერთხელ უკვე - ჩვენს კომპეტენციაში არ არის ვისაუბროთ იმაზე, რაც უნდა გადაწყვიტოს საპროკურორო საბჭომ. საპროკურორო საბჭოს გადასაწყვეტია ვის წარმოგვიდგენს. ის არავის არ სთავაზობს თანამდებობებს. მე განაცხადი არ შემიტანია, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში", - ამბობს ოხანაშვილი.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ოხანაშვილის ამ განცხადებიდან გამომდინარე, გენპროკურორად მისი დანიშვნის ვერსია უკვე არადამაჯერებელია.

„თავად ოხანაშვილმა თქვა, რომ მე ამაზე განაცხადი არ შემინატიაო, პროკურორის წარდგინებას საპროკურორო საბჭო აკეთებს და თუ კი ოხანაშვილი ამას ამბობს, რანაირად უნდა გახდეს ის? ყოველ შემთხვევაში, მე მის განცხადებებს ვეყრდნობი", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძესაც უჭირს გადაჭრით იმაზე საუბარი, თუ ვინ დაიკავებს საბოლოოდ ამ თანამდებობას: „არ ვიცი ვინ გახდება მომავალი გენპროკურორი, თუმცა ივანიშვილი ვისაც დანიშნავს, ის იქნება და ვინც არ უნდა იყოს ის, ავტომატურად მისი მორჩილია".

შოთაძის გადადგომის მიზეზი

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე 23 მაისს მოულოდნელად გადადგა თანამდებობიდან და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა. მაშინ ოპოზიციამ მისი ეს გადაწყვეტილება „უცხოური გავლენების შესახებ" კანონს და ამაზე დაწყებულ პოლიტიკურ ვნებათაღელვას დაუკავშირა - ამბობდნენ, რომ შოთაძის გადადგომა ერთგვარი პროტესტი იყო.

„ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია, ამ მიზნით, საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. სწორედ ამიტომ, უკვე მივმართე საქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით", - ნათქვამია გადადგომასთან დაკავშირებით შოთაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ეს მიზეზი სრულიად დამაჯერებელია და როგორც ჩანს, შოთაძემ ჯანმრთელობის პრობლემების გამო თავისი ფუნქციების ჯეროვნად შესრულება ვეღარ შეძლო.

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, და ეს არ არის მხოლოდ ინტერნეტით მიღებული, მას მართლაც ჰქონდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და საზღვარგარეთაც მკურნალობდა. როგორც ჩანს, იმდენად გაუარესდა მისი მდგომარეობა, რომ მისი ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას თავს ვეღარ ართმევდა, ყოველ შემთხვევაში ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს.

„ოპოზიცია შოთაძეზეც ამბობდა, რომ „მთავრობის კაცი" იყო და რას არ აბრალებდნენ, პირდაპირ ხელისუფლების მიერ მართულ გენპროკურორს უწოდებდნენ, შესაბამისად მათი ეს განცხადებები კრიტიკას ვერ უძლებს", -აღნიშნა ანჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ გეპროკურორის გადადგომის მიზეზი ალბათ უფრო პოლიტიკური იყო.

„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე და მოსალოდნელ ვითარებაზე გენპროკურორებსა და ზოგადად ძალოვან სტრუქტურებს შეიძლება მოუწიოთ არცთუ ისე სასიამოვნო და სამართლებრივად გამართლებული გადაწყვეტილებების მიღება, თან ქვეყანაში ვიათარება უფრო და უფრო იძაბება. შოთაძე თუ ავადმყოფობდა, ამის შესახებ მე არაფერი გამიგია. რა თქმა უნდა, დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მგონია, რომ ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე ჯანმრთელობის გაუარესება, რადგან სიტუაციას განერიდა და ეს მიზეზი დაასახელა. პროტესტის ნიშნად დავტოვეო არ იტყოდა. ამხელა თანამდებობას, რომ ტოვებენ, მითუმეტეს ჩვენნაირ ქვეყანაში, იქ კითხვები ყოველთვის ჩნდება, ყველა ხელისუფლების პირობებში.

„არ ვიცი შოთაძის მუშაობით იყვნენ თუ არა უკმაყოფილოები, მაგრამ სიმართლე გითხრათ მე არ მომისმენია შოთაძეს რაიმე პროტესტი გამოეხატა, ან რაღაც დავალება არ შეესრულებინა. მე ვფიქრობ, რომ ის საკმაოდ მორჩილი პროკურორი იყო. ამაზე უკეთესი თუ ჰყავთ და ამიტომ გაანთავისუფლეს არ ვიცი, თუმცა არ მგონია ამ მხრივ მასთან რაიმე პრობლემა ჰქონოდათ. შესაძლოა თავად შოთაძეს ჰქონდა მათთან პრობლემა მოსალოლდნელი გართულებების შესახებ, ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ის ვერსია, თითქოს მოიშორეს იმისათვის, რომ უფრო დამჯერი ჰყოლდათ, არადამაჯერებელია, რადგან თუ მასთან ეს პრობლემა იქნებოდა, აქამდეც მოიშორებდნენ", - ამბობს ძაბირაძე.

ოპოზიციის ვერსია

აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია შოთაძის მოულოდნელ გადადგომას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაც უკავშირებს. მათი ვერსიით, „ოცნებას" არ აქვს გარანტირებული არჩევნებში გამარჯვება და თავის დაზღვევის მიზნით ცდილობს ახალი გენპროკურორი ახალი 6-წლიანი ვადით ისევ ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს აირჩიონ. შოთაძეს უფლებამოსილების ვადა 2026 წლის თებერვალში ეწურებოდა და მისი შემცვლელი უკვე ახალ პარლამენტს უნდა აერჩია. ახალი გენპროკურორი კი, რომელსაც, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში აირჩევენ, ამ თანამდებობაზე 2030 წლამდე იქნება

ვახტანგ ძაბირაძეს ოპოზიციის არც ეს ვერსია მიაჩნია დამაჯერებლად ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული ერთი ტენდენციის გამო.

„ქართული რეალობიდან გამომდინარე, ძნელად თუ დამისახელებთ თანამდებობის პირს, რომელიც ხელისუფლბის მიმართ მუდმივი ერთგული ყოფილიყო, მიუხედავად იმისა ის არჩევნებში დამარცხდებოდა თუ არა. თუ დააკვირდებით, ყოფილი „ნაციონალების" საკმაოდ დიდი ნაწილი დღეს ხელისუფლებაშია. ეს ის ხალხია, რომლებიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს ერთგულებას ეფიცებოდა. ამიტომ იმის თქმა, რომ „ოცნება" ისეთ კაცს შეარჩევს, რომელიც წაგების შემთხვევაში მაინც მათი ერთგული დარჩება, მე საქართველოში ასეთი ადამიანი არ მეგულება. ზოგადად ასე ხდება, ვინც თანამდებობას შეუნარჩუნებს მათ ინტერესებს დაიცავს. აქ არანაირი გარანტიები არ არსებობს.

„დღეს ქართულ ხელისუფლებაში დამოუკიდებელი მოთამაშე არ არსებობს და ამ 12 წელში თუ ვინმე გამოჩნდა, ნელ-ნელა ყველა მოიშორეს - განზრახვაც თუ ჰქონდათ, ასეთი ხალხიც კი. გავიხსენოთ ირაკლი ალასანიას ამბავი - 12 წლის წინ ვიწრო წრეში უბრალოდ სურვილი გამოთქვა, რომ პრეზიდენტობა სურდა, ის მოიშორეს და მისი გუნდი სულ დაშალეს. ამრიგად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება გენპროკურორი, სანამ ივანიშვილია ხელისუფლებაში, იმას გააკეთებს, რაც მას უნდა", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×