თამთა ჩაჩანიძე
19.06.2024

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსები 20-30%-მდე გაიზარდა. ჰერჩინსკი საპასუხოდ ამბობს, რომ პირიქით, ამან ევროინტეგრაციის პროცესი ფაქტიურად გაყინა.

განცხადებას მყისიერი შეფასება მოჰყვა პოლიტიკოსებისგან - საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, „ამ ზაფხულში ვერაფერი გაიყინება" მათ შორის პოლიტიკური ურთიერთობები. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის განცხადება სამწუხარო რეალობას ასახავს, რაც „ქართული ოცნების" „მიზანმიმართული მავნებლური პოლიტიკის შედეგად დადგა".

ანალიტიკოსთა შეფასებით კი, თუ ევროინტეგრაციის პროცესი მართლაც გაიყინა და დეკემბერში უარყოფითი დასკვნა მოვა ევროკომისიისგან, ეს შესაძლოა დროებითი მოვლენა იყოს.

ამასთან, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების შესახებაც იასუბრა, რომ საქართველომ და ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელ სახელმწიფოსთან როგორი ურთიერთობა სურთ. ასევე, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და ჩინეთს ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა აკავშირებთ.

რას ამბობს ევროკავშირის ელჩი

როგორც პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, არაერთხელ განაცხადეს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვაზე უარყოფითად იმოქმედებდა.

„ჩემს დიდი ხნის პოლიტიკას წარმოადგენს ის, რომ რაიმე კონკრეტულ განცხადებებზე კომენტარი არ გავაკეთო, მაგრამ რადგან თქვენ დამისვით შეკითხვა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, დიდი სინანულით უნდა გითხრათ, რომ ამჟამად ჩვენ ურთიერთობაში რთულ პერიოდს გავდივართ. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ „უცხოური გავლენის შესახებ" კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვაზე უარყოფითად იმოქმედებდა და სამწუხაროდ, ეს მოხდა.

„მომავალ კვირას ევროკავშირი შედეგებს განიხილავს. ეს დისკუსია ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რამდენიმე დღის შემდეგ კი ლიდერების დონეზე გაიმართება, ასე რომ პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები განიხილავენ და ჩვენ გადავწყვეტთ რა ზომებს მივიღებთ საქართველოში განვითარებულ ამ მოვლენებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საქართველოს წინსვლის პერსპექტივებზე უარყოფითად იმოქმედა.

„პრინციპში, ამ კანონის მიღებამ, როგორც ამას მე ვხედავ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გაყინა. მოგეხსენებათ, ევროკავშირში ინტეგრაცია ერთსულოვნებას მოითხოვს და ჩვენ უკვე მოვისმინეთ, რომ რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ საჯაროდ განაცხადა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ისინი საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის წინააღმდეგი იქნებიან, ეს კანონი მიღებულია და შედეგების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მომავალ კვირას მოხდება", - განაცხადა პაველ ჰერჩინკსიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის სამსახურებმა და საგარეო ქმედების სამსახურმა საპასუხო ღონისძიებების ვარიანტები მოამზადეს და იგი წევრ სახელმწიფოებს გადაეგზავნა.

„ეს ხმამაღლა და გარკვევით თქვეს ჩემმა უფროსებმა, თავად ევროკომისიის პრეზიდენტმა, ასევე უმაღლესმა წარმომადგენელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ევროკომისიის სამსახურებმა და საგარეო ქმედების სამსახურმა, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტები მოვამზადეთ. ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან იქნა გაზიარებული და წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ, თუ რომელი ვარიანტი განახორციელონ ამ მენიუდან.

„ეს გადაწყვეტილებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ორშაბათს ლუქსემბურგში, შემდეგ კი ევროპული საბჭოს დონეზე 27 ივნისს უნდა იქნას მიღებული, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, რომელიც ყველაზე მაღალი დონეა ევროკავშირში.

„მინდა დავამატო, ეს ხდება, მომავალ კვირას უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის კონტექსტში. ასე რომ, ნამდვილად გული მწყდება იმის დანახვით, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია, პრაქტიკულად გაყინულია და ამავდროულად, უკრაინასთან და მოლდოვასთან ჩვენ წინ მივიწევთ", - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

მისივე თქმით, საპასუხო ზომებს მიღება ევროკავშირის უმაღლეს დონეზე მოხდება.

„მე დისკუსიას, რომელიც მომავალ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრებსა და პრეზიდენტებს შორის გაიმართება, წინ ვერ გავუსწრებ. ჩვენ უნდა დაველოდოთ, რომელ ზომებს აირჩევენ წევრი სახელმწიფოები და რომელი ღონისძიებები განხორციელდება. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, როგორც ევროკომისიამ და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა, წევრ ქვეყნებს მენიუ გადავეცით და წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, ამ მენიუდან რომელი ღონისძიებების შერჩევა მოხდება", - განცხადა პაველ ჰერჩინკსიმ.

პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების შესახებ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ საქართველომ და ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელ სახელმწიფოსთან როგორი ურთიერთობა სურთ. ასევე, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და ჩინეთს ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა აკავშირებთ.

„რა თქმა უნდა, ჩემი ამერიკელი კოლეგის განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ. შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირს ჩინეთთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა აქვს. ეს ურთიერთობა ვრცელდება არა მხოლოდ ვაჭრობაზე, არამედ ბევრ სხვა სფეროზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება.

„ჩვენ ჩინეთს განვიხილავთ, როგორც მსოფლიო ასპარეზზე ძალიან მნიშვნელოვან და შეუცვლელ პარტნიორს, მაგრამ ამავდროულად, ჩინეთის გავლენიდან გამომდინარე რისკების შემცირებას ვცდილობთ, რათა ჩვენი ეკონომიკა ჩინეთზე დამოკიდებული არ იყოს. საქართველომ და ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ ის, თუ რომელ სახელმწიფოსთან როგორი ურთიერთობა სურთ", - აღნიშნა პაველ ჰერჩინკსიმ.

რა შეფასებები მოჰყვა ევროკავშირის ელჩის პოზიციას

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის ელჩის განცხადება შესაძლოა არ წარმოადგენდეს მთლიანი ბლოკის პოზიციას და თუ დეკემბერში მაინც ვერ მივიღეთ ევროკომისიისგან მოლაპარაკებების ეტაპის გადასვლაზე დადებითი დასკვნა, შესაძლოა ესეც დროებითი უარი იყოს.

„ევროკავშირს ჯერ თავის საერთო გზავნილი ჩამოყალიბებული არ აქვს, ამიტომ ერთ გენერალურ ხაზად მაინცდამაინც არ მივიჩნევდი ამა თუ იმ განცხადებას. ჯერ ერთი, ევროპა უზარმაზარ ორომტრიალშია მოყოლილი - უკრაინის ომი, ამერიკა-ჩინეთის დაპირისპირება და ა.შ. ამავე დროს, თვითონ ევროპისთვის რუსეთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ ყველაფრის ფონზე, თვითონ ევროპას აქვს ჯერ ბევრი რამ დასალაგებელი.

„ის პრეტენზიები, რაც ევროპას საქართველოს მიმართ აქვს, გაუგებარია, პრეტენზიულობა აშშ-დან გასაგებია, რადგან ჩინეთი მისთვის კონკურენტია და ჩვენ პეკინთან ურთიერთობას გვსაყვედურობს, მაგრამ, ევროპას რატომ აქვს ეს პრეტენზიები, როცა ჩინეთიდან საქონელი შენზე უნდა გამოვიდეს და ევროპას შენი კეთილგანწყობის ინტერესი უნდა ჰქონდეს. ეს ცოტა გაუგებარია და მისი ახსნა ცოტა ძნელია თუ არ დაუშვებ, რომ ეს ამერიკის გავლენით ხდება.

„თუ ეს აშშ-ს გავლენით ხდება, ეს უკვე ევროპული კი არა ამერიკული პოლიტიკაა, რომელსაც ევროპა მხარს უბამს და არავინ არ იცის ასე როდემდე გაგრძელდება. საკმარისია ამერიკული პოლიტიკა ევროპამ გადახედოს და ამ კურსში თავისი ინტერესები ჩადოს, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება.

„თუკი დეკემბერში ევროკომისიისგან დადებითი დასკვნა არ მოვა, ეს არ ნიშნავს რომ დავიღუპეთ. შესაძლოა ეს დროებითი მოვლენა იყოს",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

"ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე ისაუბრა, მისი თქმით, საქართველო თავსებადობით და მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნების შესაბამისად, ასე ახლოს ევროკავშირთან არასდროს ყოფილა.

„ამ ზაფხულში ვერაფერი, მათ შორის, ვერც პოლიტიკური ურთიერთობები ვერ გაიყინება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო თავსებადობით, მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნების შესაბამისად, ასე ახლოს არასდროს არ იყო [ევროკავშირთან].

„ევროკავშირის ელჩმა ეს განცხადება რის საფუძველზე გააკეთა, გაუგებარია, იმიტომ, რომ ევროპის საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებით ჩვენ არამხოლოდ კანდიდატ ქვეყნებზე, არამედ წევრ ქვეყნებზე წინ ვართ. ამიტომ, თუ რაიმეს გაყინვაზეა საუბარი ერთადერთი შეიძლება ჩვენ გავყინოთ ლგბტ პროპაგანდა, რადიკალური ოპოზიციის ქმედებები.

„მე კითხვა მაქვს ევროკავშირის ელჩთან: იმ ათეულობით მილიონმა ევროპელმა ჩვენს მსგავსად უარი რომ უთხრა, ლგბტ პროპაგანდასა და ულტრა ლიბერალურ ფაშისტურ პოლიტიკას, მათაც ურთიერთობების გაყინვის სურვილი აქვთ?

„ათეულობით მილიონმა ევროპელმა და წამყვანი ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობამ დააფიქსირა პოზიცია, რომ ისინი არ ეთანხმებიან ულტრა ლიბერალურ და ფაშისტურ მიმდინარეობებს. გამომდინარე იქიდან, რომ „საქართველო არსად არ აპირებს წასვლას - საქართველო იცხოვრებს აქ, ქართულად, ევროპულად და ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად. თუ ვინმეს რამე ურთიერთობის გარკვევა უნდა, დახედოს რუკას, ეკონომიკურ მდგომარეობას, შუა დერეფანს, რომელიც ჩინეთიდან იწყება და ევროკავშირში საქართველოს გავლით მთავრდება.

„როგორ შეიძლება აქ რაიმე გაყინვაზე იყოს საუბარი? აქ საუბარი ურთიერთობების გალღობაზე, მეგობრობაზე უნდა იყოს. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და მე დარწმუნებული ვარ, მოიძებნება ევროკავშირში ის ძალები, როგორც საზოგადოებაში მოიძებნა, რომლებმაც თქვეს, რომ ურთიერთობების გაყინვა კი არ უნდათ, არამედ პარტნიორული ურთიერთობა, ოჯახური ტრადიციები და ა.შ", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი კი აცხადებს, რომ როდესაც „ქართულ ოცნებას" კოალიციური მთავრობა ჩაანაცვლებს, საქართველოს ევროკავშირის გზაზე პროგრესი დაუყოვნებლივ მოხდება.

„სამწუხაროდ, ის რაც ევროკავშირი ელჩმა განაცხადა, სამწუხარო რეალობას ასახავს, რომელიც საქართველოში „ქართული ოცნების", ამ რუსული კოშმარის მიზანმიმართული მავნებლური პოლიტიკის შედეგად დადგა, რომ საქართველო მოწყდეს ევროკავშირს და დასავლური განვითარების ვექტორს. პირველ რიგში, ამაზე პასუხი უნდა ჩვენგან და ამას არ უშველის „რუსული კანონის" წაღება, ამას უშველის 26 ოქტომბერს ძალადობრივი რუსული რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოცილება.

„რაც შეეხება ევროკავშირს, ძალიან რთული არჩევანის წინაშე დგას და მან ისე უნდა განსაზღვროს თავისი პოლიტიკა, რომ ერთის მხრივ, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში უნდა უპასუხოს „ქართული ოცნების" ძალიან დამაზიანებელ და მავნებლურ პოლიტიკას და მეორეს მხრივ, ევროპული განვითარების პერსპექტივა ქართველ ხალხს შეუნარჩუნოს.

„დარწმუნებული ვარ, როდესაც ამ ძალადობრივ რეჟიმს კოალიციური მთავრობით ჩავანაცვლებთ, დაუყოვნებლივ პროგრესი ევროკავშირის გზაზე მოხდება, ამიტომ ევროკავშირის პოლიტიკა იქნება ისეთი, რომ „ქართულ ოცნებას" უპასუხოს, მაგრამ ქართველი ხალხს ევროპული პერსპექტივა შეინარჩუნოს", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მანამდე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ევროინტეგრაციის საკითხზე კომენტარებისას თქვა, რომ კანონის დამტკიცების მერე, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსები 20-30%-ით გაიზარდა.

„ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. როგორც გაუცრუვდათ იმედები დღემდე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისე გაუცრუვდებათ იმედები მომავალშიც. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას, კანონის ინიცირებამდე შანსი იყო ნული, ახლა არის 20-30%. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი ამოცანაა, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ მიზანს მივყვებით თანმიმდევრულად, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელდება შანტაჟი, რაც კონკრეტული ძალები თავიდან უკავშირებდნენ კანდიდატის სტატუსს, ახლა უკავშირებენ მოლაპარაკებების გახსნას. ეს არ არის ევროკავშირი.

„ეს არის ე.წ გლობალური ომის პარტია, რომელსაც სამწუხაროდ აქვს თვისებრივი გავლენა ევროკავშირზე. გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა დღეს მოლაპარაკებების გახსნის თემა არის აბსოლუტურად გაცვეთილი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი. შესაბამისად, არავითარი ფასი ამ საკითხს არ აქვს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია ორგანიზაციებთან, ადამიანებთან, გვარებთან დაკავშირებით, ვინც არის წარმომადგენელი გლობალურ ომის პარტიაში.

„მათ შორის, გვარებით ვიცით, ევროპარლამენტარები, სენატორები. სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის ამ ყველაფრის დაკონკრეტება, მაგრამ ვინც აშანტაჟებდა კანდიდატის სტატუსით საქართველოს, თქვენ ხომ გახსოვთ 2022 წლის ივნისში საქართველოს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ეთქვა უარი კანდიდატის სტატუსზე. ვინ გვაშანტაჟებდა, ევროკავშირი? არ იყო ეს ევროკავშირი. ესენი იყვნენ ის ძალები, რომლებსაც, სამწუხაროდ, თვისებრივი გავლენა აქვს ევროკავშირზე", განაცხადა პრემიერმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×