"ქვეყანაში 300 უნვერსიტეტია და 5000 იურისტი იღებს ყოველწლიურად დიპლომს - ეს არანორმალურობაა"
ირმა ჩიტაია
24.06.2024

ახალგაზრდების განათლების დონე და დასაქმების შესაძლებლობები შრომის ბაზარზე დიდი პრობლემაა. ბოლო წლებში ნეგატიური ტენდენცია გლობალური მასშტაბისაა, თუმცა საქართველოს სურათი ევროპასთან შედარებით გაცილებით მძიმეა. პრობლემა სისტემის გაუმართაობაშია, რადგან დღევანდელი განათლების სისტემა ორიენტირებულია საბაზრო ეკონომიკაზე და ამ გზით ქვეყანა შორს ვერ წავა. 

დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ სტატისტიკა ახალგაზრდებში უმუშევრობასა და უსწავლელობაზე არ არსებობს. ჩარიცხვიდან ბევრი უარს ამბობს სწავლის გაგრძელებაზე, მაგრამ ვინც უარს არ აცხადებს, მისი დიპლომიც ფარატინაა. მათ უკან სრული გაუნათლებლობა და უცოდინრობაა. 

აკადემიკოსი ზურა ვახანია არსებულ ფუნდამენტურ პრობლემებზე საუბრობს და ადასტურებს, რომ ახალგაზრდების დასაქმებისა და განათლების კუთხით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა. 

,,მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ათი ათასობით სტუდენტი ამთავრებს, ისინი არავის სჭირდება და რჩებიან უსამსახუროდ. 5000-მდე იურისტი ყოველწლიურად საქართველოში კი არა, დიდ სახელმწიფოშიც კი ვერ დასაქმდება. პარალელურად, საჭირო სპეციალისტებში მწვავე ნაკლებობაა და ამიტომ დედაქალაქში უცხოელებს ასაქმებენ. ჩვენთან დიპლომიანები არიან, მაგრამ თუ მართლა სპეციალისტი გჭირდება ამა თუ იმ დარგში, ყველაფერში უმდაბლესი დონეა. კვლავ ჭურშია ჩვენი საზოგადოება. ჰგონიათ, რომ ფარატინა დიპლომის აფრიალებით რამე მიიღწევა. 

უნივერსიტეტები განათლება გახდა დიპლომების სავაჭრო დახლი. სფეროში ვაჭრობაა, სხვა არაფერი. გამოცდები თითქმის არ ტარდება, რადგან ბოლოს ყველას გადაალახვინებენ, რომ შემოსავალი არ დაკარგონ. დაუშვებელია განათლებას, მეცნიერებას, კულტურას საბაზრო პრინციპით უდგებოდე", -განუცხადა ,,ბიზნეს- რეზონანსს" ზურაბ ვახანიამ. 

ცალსახაა, რომ პრობლემა გლობალურია. ამის ხელშემწყობი მიზეზი კი, აკადემიკოსის აზრით, ციფრული ტექნოლოგიების დამკვიდრებაა.

,,ახალგაზრდების განათლება და დასაქმება მსოფლიო პრობლემაა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ციფრული ტექნოლოგიის შემოსვლაა, რამაც პირდაპირ გაანადგურა ინტელექტი. ჩვენთან მდგომარეობა გაცილებიტ მძიმეა, ვიდრე უცხოეთში. იქ რაღაც მეთოდებით ებრძვიან კიდევაც და ცდილობენ შეზღუდონ. აქ კი ამით არავინ ინტერესდება. ამას თან ერთვის ისიც, რომ განათლების სისტემაც საშინელი გვაქვს, ამიტომ ის რაც მსოფლიო ტენდენციაა, ჩვენთან ორმაგად და სამმაგად უფრო მძიმედაა. 

ჩვენთან სტუდენტების, ალბათ 5-10% სწავლობს. უმეტესობა არც კი დადის. დაიანგარიშა ვინმემ გაცდენების პროცენტი რამდენია? ვინც დადის, ისინიც აუდიტორიაში სხედან და პროცესში ჩართული არა არიან, მობილურებს არიან მიჯაჭვული. მოკლედ, გაყალბებულია ყველაფერი.

უნივერსიტრეტები იმას კი არ ასწავლიან რაც სტუდენტს მომავალი სპეციალობისთვის სჭირდება. ისინი აწვდიან იმას, რაც პროფესურისთვის მოსახერხებელია. სტუდენტებზე არ ფიქრობენ", - განაცხადა ვახანიამ და აქვე დასძინა, რომ როდესაც ასეთ პატარა ქვეყანაში 300-მდე უმაღლესი სასწავლებელია, ცხადია ხარისხი და სწავლის დონეც დაბალი იქნება. თუ სახელმწიფომ გონივრული ნაბიჟები არ გადადგა კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი გაიზრდება, მათ ადგილას უცხოელებს ჩაანაცვლებენ და ჩვენი ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი შავი მუშა იქნება.

,,300 უმაღლეს სასწავლებელში წესიერი სწავლება ვერ იქნება. კომუნისტების დროს 2-ჯერ მეტი ახალგაზრდა იყო ქვეყანაში, ვიდრე დღესაა და სტუდენტი მხოლოდ 8000 ხდებოდა. დღევანდელი პროპორციით 4 ათასი სტუდენტი უნდა გვყავდეს და წლიურად 40 000 სტუდენტი ირიცხება. მოკლედ, 10-ჯერ გაბერილია რაოდენობა. ზოგან პირველ კურსზე მე-6-7 კლასის პროგრამით გვიწევს დაწყება. ანი-ბანი არ იციან.

მთლიანობაში ამდენი პრობლემაა და შემდეგ უკვე დაუსაქმებელი ახალგაზრდები გარბიან საზღვარგარეთ. იქ ფიზიკურად შრომეობენ და საშინელ მდგომარეობაში ვარდებიან. ჩვენთან კი მუშახელის დეფიციტი იქმნება. 

არ შეიძლება ამდენი სტუდენტი, არანორმალურობაა. სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომელ სპეციალობაზე რამდენი ადგილი სჭირდება. კოლეჯების ფართო სპექტრი პირდაპირ  პროფესიებზე უნდა იყოს მორგებული. არ უნდა მისცენ აკრედიტაცია ამდენ უნივერსიტეტს. ეს ახალგაზრდებისთვის და ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. ოჯახები ბანკის ვალით "ყიდულობენ დიპლომს" და ღატაკედებიან.

ჩვენთან გაბატონებულია ნეოლიბერალური დოგმები. ამბობდნენ, რომ თავისუფალი ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებდა,  მაგრამ ამან დაღუპვამდე მიგვიყვანა. მდგომარეობა თუ არ გამოსწორდა მალე ქართველი შავი მუშა გახდება. სამუშაო ადგილებს კვალიფიციურად დაიკავებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები", - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ზურაბ ვახანიამ.

არსებულ პრობლემას აღიარებს განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლეიშვილი, თუმცა დეფიციტი და სწავლის დაბალი ხარისხი, მისი აზრით,  სტუდენტების დაფინანსების სიმწირითაა გამოწვეული.  

,,საქართველოში სწავლის მსურველთა რაოდენობა დიდია, მაგრამ სამწუხაროდ, განათლება ხარისხი დაბალია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.ახალგაზრდობის დიდი ნაწილი დასაქმებულია, მაგრამ სპეციალობით ვერა, ძირითადად, დაბალი რანგის პოზიციაზე კონსულტანტებად, დამლაგებელებად და ა.შ. მუშაობენ. ამას  განათლება არც სჭირდება. 

რაზე უნდა ვისაუბრო, როდესაც 2250-ლარია თითოეული სტუდენტის დაფინანსების ნორმატივი და 15 წელზე მეტია არ გაზრდილა. ბოლო წლები ყველაფერი ძვირდება და ამას იმიტომ არ ეხებიან, რომ ფინანსები, ძირითადად, სტუდენტის გადასახდელია. თავს არიდებენ, ეშინიათ ახალგაზრდობის უკმაყოფილების. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე ვერ გეტყვთ. მაგალითისთვის, მინიმუმ 25-30 ათას ლარამდეა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტის დანახარჯი. ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებში კი წლიურად ათეულ ათასობით ევრო და დოლარია ერთ სტუდენტზე ფინანსური დანახარჯი. იქ უმეტესწილად სახელმწიფო აფინანსებს. ჩვენთან სხვა საგნები და მეცნიერებებია?" - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას. 

მისივე განცხადებით, საქართველოში რაც არის სწავლის საფასური, ისაა განათლების ხარისხიც. ცოდნას ფინანსები განსაზღვრავს და როდესაც, ყველა დარგი ერთმანეთთან გათანაბრებულია, სწორედ ეს აგდებს განათლების ხარისხს. 

ცნობისთვის, ევროსტატის კვლევების მიხედვით, ყოველი მეათე ახალგაზრდა არც სწავლობს და არც მუშაობს. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ახალგაზრდების 11,2%. ეს მაჩვენებელი 0,5%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით.

აღნიშნულია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში შემცირდა ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც არ იღებენ განათლებას და არ მუშაობენ. 2013 წელს ეს მაჩვენებელი ევროკავშირში 16.1% იყო და მას შემდეგ მუდმივი კლებაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×