თამაშის დაწყებამდე დორტმუნდის სტადიონზე დაძაბული ვითარება იყო, რა დროსაც ქართველ და თურქ გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოგვიანებით ფანებს შორის გერმანული სპეცრაზმი ჩადგა და ვითარებაც განიმუხტა. ერთი ტაიმის შემდეგ კი ორივე მხარეს მყოფი გულშემატკივრები დააკავეს.
ფოტომ, სადაც ვალერი ბოჭორიშვილის მოღერებული მუშტი ჩანს თურქი გულშემატკივრის მიმართ, ორი დღის განმავლობაში მსოფლიო მედიები მოიარა. რა მოხდა გულშემატკივართა რიგებში და რატომ დაიწყო ჩხუბი, მთავარი გმირი "ამებებს" ესაუბრა.
„თელავიდან-გერმანიაში მატჩზე დასასწრებად ხუთი მეგობარი მანქანით წავედით. 13-ში ღამე 12 საათზე გამოვედით და 17-ში უკვე გერმანიაში ვიყავით, ქალაქ ესენში. აქ დავბინავდით, იქამდე კი გამოვიარეთ თურქეთი, ბულგარეთი, სერბეთი, უნგრეთი, ავსტრია და შემოვედით გერმანიაში. 18-ში დილას, თამაშის დღეს დორტმუნდში მატარებლით წავედით, აქედან დაახლოებით 30 კილომეტრია.
როდესაც სტადიონზე შევედით, ის სექტორი, სადაც ქართული სპორტის ქომაგები უნდა ვყოფილიყავით, რამდენიმე ადგილი თურქებს ჰქონდათ დაკავებული. რაც შეცდომა იყო, არ ვიცი, ვისი მხრიდან, უეფასი თუ ვინმემ გადაყიდა ბილეთი და თურქებს მიყიდა, ვერ გეტყვით. ფაქტია იქ იყვნენ. რამაც თავიდან პატარა დაპირისპირება გამოიწვია.
აღმოჩნდა, რომ გვერდით სექტორზეც მთლიანად თურქები იყვნენ, სადაც როგორც წესი, რეგლამენტით და ბილეთებით იქაც ქართველები უნდა ყოფილიყვნენ. მეზობელი სექტორიდან ჩვენი მისამართით იგინებოდნენ, თუმცა ჩვენც არ დავაკელით. იყო შეურაცხყოფები, რაღაცებს ისროდნენ, ლუდის ქილებს, დროშის სამაგრ პატარა ჯოხებს. ჩვენც აქედან ვაყენებდით შეურაცხყოფას. მერე უცებ ერთ-ერთმა თურქმა ჩვენს პატარა დროშას შეურაცხყოფა მიაყენა. კონკრეტულად ზედ დააფურთხა. რამაც გამოიწვია ეგ ყველაფერი.
მანამდე თუ თავს ვიკავებდით და შორიდან მიდიოდა ეს ყველაფერი, მერე უკვე ვეღარ მოვითმინეთ და ვერც ვერავინ მოითმენდა. ახლოს მივედით და დაიწყო ჩხუბი. სიმართლე რომ გითხრათ, დიდი ჩხუბი არც ყოფილა. მარტივად დაწყნარდა იქაურობა. რობოკოპები შემოვიდნენ და ჩვენს შორის ჩალაგდნენ და ახლოს აღარ გვიშვებდნენ ერთმანეთთან. პირველი ტაიმი რომ დასრულდა, შესვენების დროს სტადიონის ფოიეში გამოვედი, იქ იდგნენ რობოკოპები, წამავლეს ხელი და წამიყვანეს, დამიჭირეს.
ყველას სურათი და ვიდეო ჰქონდათ, ვინც ჩხუბში მონაწილეობდა. ამომიცნეს და წამიყვანეს. ჯერ სტადიონის პატარა განყოფილებაში ვიყავით ჩაკეტილები. პოლიციელები საკმაოდ კარგად გვექცეოდნენ. არანაირი უხეშობა არ ყოფილა. ასევე ქართველებსაც გვიჭერდნენ და თურქებსაც. უბრალოდ, თურქებს ძალიან მარტივად უშვებდნენ.
სადღაც ერთ საათში ყველა თურქი გაუშვეს, ჩვენ რვა ცხრა საათი მაინც ვიყავით. შემდეგ განყოფილებაში გადაგვიყვანეს, სადაც სხვადასხვა პროცედურები გაგვატარეს. უამრავი კითხვა დაგვისვეს, მოგვიყვანეს თარჯიმანი, რაღაცებზე ხელი მოგვაწერინეს და პროცესი ძალიან გაიწელა. საბოლოოდ, ღამის ორი სამი საათისკენ გამოგვიშვეს განყოფილებიდან.
ჩვენი ქომაგები ბიჭები შუაღამემდე გარეთ გველოდებოდნენ, სანამ ყველა არ გამოგვიშვეს" - განაცხადა ვალერი ბოჭორიშვილმა.
ambebi.ge
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე