ელზა პაპოშვილი
20.06.2024

არსებობს თუ არა რეალურად ამერიკული სანქციები და რატომ არ სჯერა ამის „ქართულ ოცნებას“? სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ აშშ-დან არცერთ დეპუტატს სანქციებთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცი არ მიუღია. სანქციების არარსებობის მაგალითად კი მათ დეპუტატ რატი იონათამიშვილის ამერიკაში ვიზიტი მოჰყავთ. 

„პირადად მე გასულ კვირაში ნიუ იორკში ძალიან მაღალი დონის შეხვედრები მქონდა, შეერთებულ შტატებში შშმ პირთა საკითხებზე არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართე, რომლებზეც საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და მხოლოდ პროგრესი იყო ნახსენები“, -ამბობს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი. 

საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა კი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, მას ვეღარ მიიღებენ. 

ანალიტიკოსების აზრი „რეზონანსთან“ საუბრისას ორად იყოფა. ერთის მხრივ ფიქრობენ, რომ რეალურად ამერიკული სანქციები მხოლოდ პოლიტიკური თამაშის ნაწილია, მეორეს მხრივ კი არ გამორიცხავენ, რომ „ოცნება“ რეალურ ვითარებას მალავს. ეს სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკის ნაწილია, რათა ამით საკუთარი ამომრჩეველი დაამშვიდოს.  

პოლიტიკური შეფასებები 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სანქციები მხოლოდ ვაშინგტონის რეპუტაციაზე მოქმედებს და რელურად არ არსებობს. მისი თქმით, „ოცნების“ არცერთ დეპუტატს ვიზის გაუქმებასთან დაკავშირებით შეტყობინება არ მისვლია. 

„აშშ-მა დააწესა ე.წ. სავიზო შეზღუდვები. თვითონ არ უწოდებენ ამას სანქციებს, ეს არის სავიზო შეზღუდვები. რეალურად, ეს სავიზო შეზღუდვები დაწესდა გვარების გასაჯაროების გარეშე და უფრო მეტიც, ჩვენ გადავამოწმეთ - დღემდე არც ერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე. 

„აქედან გამომდინარე, ის აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ოპოზიციაში, არის აბსოლუტურად გადაჭარბებული. თვითონ ის გადაწყვეტილებაც, რაც გახმოვანდა, არის შეურაცხმყოფელი ქართული სახელმწიფოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის. იმიტომ, რომ ასე არ შეიძლება ელაპარაკებოდე პარტნიორ ქვეყანას.

„რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების პრაქტიკულ დატვირთვას, პრაქტიკული დატვირთვა არის რეალურად ნულოვანი. როცა გვარების დასახელების გარეშე წესდება სავიზო შეზღუდვები, მას ერთადერთი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს - ეს არის შეურაცხყოფის მიყენება სხვა სახელმწიფოსთვის. ეს არ შეესაბამება პარტნიორულ სულისკვეთებას, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენი მხრიდან იმისათვის, რომ მომავალში პარტნიორული ურთიერთობები გამყარდეს. ეს არის ჩვენი სურვილი“, - ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, არავითარი პრაქტიკული დატვირთვა ამ საქციებს  არ აქვს. 

„თქვენ გახსოვთ, რომ თავის დროზე მოსამართლეების მიმართაც დაწესდა ასეთი სავიზო შეზღუდვები, თუმცა ამას არანაირი ფორმით არ უმოქმედია სასამართლოს საქმიანობაზე. არ შეუზღუდავს სასამართლოს დამოუკიდებლობა. ამერიკის რეპუტაციაზე იმოქმედა. როდესაც სავიზო შეზღუდვებს აწესებ ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულებების გარეშე, ეს რა თქმა უნდა, შენი ქვეყნის რეპუტაციაზე მოქმედებს. ამერიკულმა მხარემ დააწესა მოსამართლეების მიმართ სავიზო შეზღუდვები ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულებების გარეშე“, - განაცხადა პრემიერმა. 

ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება საქმის რეალურ ვითარებას მალავს. „ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თქმით, საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დაადასტურა, რომ სანქციების შესახებ ინფორმაცია „ქართულ ოცნებას“ მიუვიდა.

„ქართული ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ მათზე სანქციები არ დადებულა. ელჩმა დანიგანმა დაადასტურა, რომ სანქციების შესახებ მათ ინფორმაციაც მიუვიდათ. მალავენ იმ შედეგს, რისიც მათ ეშინოდათ. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან დაანონსებულია, რომ სანქციების მომდევნო ტალღები იქნება, რომლებიც არა მხოლოდ სამგზავრო შეზღუდვებში გადაიზრდება, არამედ ფინანსურ სანქციებში, რისიც „ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად ეშინია“, - განაცხადა კუპრაძემ.  

„სანქციები არ არსებობს“

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ  სანქციები არ არსებობს; რეალურად ეს არის ოპოზიციის ნარატივი და მათთვის შემოტანილი ილუზიური სანქციები, რომლითაც საკუთარი ამომრჩევლის გამოკვებას ცდილობენ. 

„თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები იმ ქართველ კანონმდებლებზე დააწესა, რომლებმაც  „გამჭვირვალობის  კანონს“ მხარი დაუჭირეს, როგორ და რანაირად გაემგზავრნენ მაშინ ეს ხალხი  ამერიაკაში?  ფაქტი სახეზეა, რომ პარლამენტარი რატი იონათამიშვილი, რომელმაც ამ კანონს მხარი დაუჭირა, ამერიკაში ჩვეულებრივად იმყოფებოდა. მასთან ერთად იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც. ასევე ამერიკაში იმყოფებოდა საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელშიც  სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები იყვნენ. ეს ადამიანები კი გამჭვირვალობის კანონს მხარს ღიად უჭერენ. 

„გარკვეულ წილად ადგილი აქვს ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებს და რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის გამოგონილი სანქციები. რაც შეეხება ევროკავშირის სანქციებს, აქაც  საქმე მხოლოდ პოლიტიკურ მანიპულაციებთან გვაქვს“, - ამბობს აბაშიძე. 

მიისვე თქმით, არ არის გამორიცხული ევროკავშირი წავიდეს იმაზე, რომ დაასანქცირონ დეპუტატები, რომლებმაც კანონს მხარი დაუჭირეს. ანუ უვიზო მიმოსვლის პრობლემა შეექმნათ.  

„თუმცა, ამასაც, როგორც ავხსენი, ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერა სჭირდება. ხოლო თუ ისიც იკადრეს, რომ ვიზალიბერალიზაციას შეეხნენ და საქართველოს მოსახლეობას ევროპაში გადაადგილებაზე პრობლემები შეუქმნეს, ეს იქნება პირდაპირი სიგნალი იმისა, რომ ისინი საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას და ქვეყანაში პროცესების არევას მხარს უჭერენ.

„ბალტიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციებზე იდგნენ. აქ არის აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი სურათი, რადგან ევროკავშირში ცალკეულ ქვეყნებს შორის სერიოზული დაპირისპირებაა. თუ ევროკავშირი ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ ფართო სახის სანქციებს შეიმუშავებს, ეს იქნება სიგნალი, რომ პატარა ქვეყანას ომი ნაცრადიკალების გამო გამოუცხადეს“, - ამბობს აბაშიძე.  

„ოცნება“ თავს იტყუებს...“

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ „ოცნება“ ცდილობს სანქციების თემას მნიშვნელობა დაუკარგოს. ანალიტიკოსი „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ, დიდი ალბათობით, მმართველ გუნდში შიდა მოლაპარაკება აქვთ და არცერთი მათგანი ვიზის  გაუქმებას არ ამხელს. 

„მემგონი ეს „ოცნების“ პოლიტიკის ნაწილია - ვითომ და აი, სანქციები არ მუშაობს და ყველაფერი ტყუილია. არადა რეალურად მოლაპარაკება აქვთ, რომ საჯაროდ ამაზე არ ისაუბრონ. ამით საკუთარი ამომჩევლის დარწმუნებას ცდილობენ, რომ ვითომ და არაფერი, რეალურად სანქციები არ არსებობს. არადა შესაძლოა ქვეყანა ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს. 

„მე მაინც ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე გარკვეულწილად უფრო  რადიკალური ზომებისგან ამერიკაც და ევროკავშირიც თავს იკავებს. დაელოდებიან არჩევნების ჩატარებას და შემდეგ უფრო  მკაცრად იმოქმედებენ. ალბათ ევროკავშირდანაც პერსონალური სანქციები იქნება ჯერ, შემდეგ კი უფრო სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამენ, თუკი ისევ „ოცნება“ გაიმარჯვებს და ეს ნარატივი დარჩება, რასაც ახლა ვხედავთ. 

„ოცნება“ ცდილობს სანქციები არ შეიმჩნიოს, არადა რეალურად იმდენს იზამენ, რომ საბოლოო ჯამში საერთოდ იზოლაციაში აღმოჩდებიან. ამიტომ ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. არ მგონია შიგნით ასე მშვიდად იყვნენ, როგორადაც მედიასთან უჭირავთ თავი. ალბათ ივანიშვილი მათ სიაში ჩასმას ჰპირდება და ამიტომც ეს მდიდარი დეპუტატები, რომლებსაც რეალურად ყველაზე მეტად ეშინიათ დასანქცირების, ჯერ არაფერს იმჩნევენ“, - ამბობს ჩიტაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×