თამთა ჩაჩანიძე
20.06.2024

უკრაინის ფრონტზე სახმელეთო შეტაკებების ინტენსივობამ იკლო, არცერთ ლოკაციაზე დიდი შეტაკებები არ შეინიშნება, თუმცა მაინც რჩება 6-7 წერტილი, სადაც მუდმივად მიდის ბრძოლა. ანალიტიკოსთა შეფასებით, დიდი ალბათობით მხარეებს ოპერატიული პაუზა აქვთ აღებული, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში ის, რომ არცერთ მხარეს შეუზღუდავი რესურსი არ აქვს როგორც ცოცხალი ძალის, ისე იარაღის მხრივ. რუსეთ-უკრაინის ომის მესამე ზაფხული ისე დაიწყო, რომ არცერთი მხრიდან რაიმე მასშტაბური ოპერაცია დაანონსებული არ არის.

ანალიტიკოსთა შეფასებით, გენერალური შეტევისთვის მზადება არცერთი მხრიდან არ ჩანს, თუმცა არაა გამორიცხული, რომ „საერიოზული დაპირისპირება" ივლისის შუა რიცხვებამდე დაიწყოს.

ამასთან, სარაკეტო იერიშებით და უპილოტიო საფრენი აპარატებით თავდასხმებით ორივე მხარე აქტიურობს. რუსეთს მიზანში უკრაინის ენერგოობიექტები აქვს ამოღებული, უკრაინას კი - რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.

ამის პარალელურად მზარდია იმ ქვეყნების სია, რომელიც უკრაინასთან უსაფრთხოების შესახებ შეთამხმებას აფორმებს და იარაღით ეხმარება. რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა, ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა კი ამ დღეებში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთდახმარებას ერთ-ერთი ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში. შემდეგ კი პუტინი მოლაპარაკების გასამართად ვიეტნამში ჩავიდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, კრემლის ლიდერს ახალი კოალიციის შექმნა სურს.

ოპერატიული პაუზა ზაფხულში

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ფრონტზე 6-7 ცხელი წერტილია, თუმცა ბრძოლის ინტენსივობა დაბალია და გენერალური შეტევა არ ჩანს.

„საბრძოლო აქტივობა ფრონტის ხაზის 6-7 მონაკვეთზე ისედაც მუდმივად მიმდინარეობდა და არც შეჩერებულა. საბრძოლო ინიციატივას რუსეთის საოკუაციო ძალები ფრლობენ. შეტევის ადგილებია ჩრდილოეთით ხარკოვი, ჩრდილო-აღმოსავლეთით კუპიანსკი და ქვემოთ - ჩასოვ იარი და ავდეევკა. შეტევები არის, თუმცა გენერალური შეტევა არ ჩანს.

„ასეთ გენერალურ შეტევას დიდი ძალები და მომზადება უნდა, რუსეთის საოკუპაციო ძალებიც არაა ისეთი, რომ რესურსები გამუდმებით ჰქონდეს. მასაც შეზღუდული აქვს და უჭირს, რომ ეს განახორციელოს. არაა გამორიცხული, რომ სცადოს და ერთ, ან ორ მიმართულებაზე გენერალური შეტევა წამოიწყოს. ეგონათ, რომ ეს ხარკოვი იქნებოდა და ასე არ აღმოჩნდა. ეს ყველა ვარიანტში იქნება დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა სლავიანსკი-კრამატორსკის დაპყრობის მცდელობით. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე სულ ცოტაღა აქვს დარჩენილი და იქაც. პლიუს შეიძლება იყოს ზაპოროჟიეს ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლის მცდელობა.

„ახლა ცხელი წერტილი ვოლჩანსკთანაა. კუპიანსკთან მიდიან რუსები ახლოს და ეს ძალიან საშიშია. ავდეევკასთან თუ ძირითადი გზა გადაჭრეს, რომელიც კონსტანტინოვკისკენ მიდის, ესეც პრობლემაა. პრობლემა ბევრგანაა, თუმცა დღეს დიდი შეტევა არაა. ამ ეტაპზე უკრაინას ამის ძალა და თავი არ აქვს და გასაგებიცაა. არაა გამორიცხული, რომ ამისთვის რუსეთი ემზადებოდეს, მაგრამ ასეთი დიდი მზადება არ გამოეპარება არც უკრაინის და არც დასავლეთის დაზვერვას", - განაცხადა ალადაშვილმა „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ სახმელეთო შეტაკებების ინტენსივობამ იკლო და დიდი ალბათობით ორივე მხარეს ოპერატიული პაუზა აქვს აღებული, რაც ასევე უკრაინასაც და რუსეთსაც აწყობს.

„არც ერთი და არც მეორე მხარის აქტიურობა არც საშუალო და არც დიდი ინტენსივობით არ გამოირჩევა. ამის მიზეზი რამდენიმეა. პირველი ფაქტორია გადაღლა. ასევე მხარეები საბრძოლო მასალებისა და ცოცხალი ძალის შევსებას ელოდებიან. ამასთან იქმნება სტაბილური რეზერვები და მე ვიტყოდი, რომ ოპერატიული პაუზაა აღებული. ალბათ სერიოზული დაპირისპირება ივლისის შუა რიცხვებამდე დაიწყება.

„ახლა ფრონტზე სერიოზული არაფერი ხდება. რუსები ცდილობენ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ფრონტზე წინ წაიწიონ", - გნაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვის აქვს უპირატესობა საჰაერო შეტევებში

„უკრენერგო" იტყობინება, რომ უკრაინის ოთხ - ვინიცას, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის და კიევის ოლქში, საოკუპაციო ძალების თავდასხმის შედეგად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა.

ამასთან, უკრაინის ენერგოკომპანია „დტეკ"-ის ცნობით, რუსული ძალები 20 ივნისის ღამეს თავს დაესხნენ თბოელექტროსადგურს, რის შედეგადაც სამი ენერგეტიკოსი დაშავდა და სადგურის ტექნიკა სერიოზულად დაზიანდა.

„კიდევ ერთი რთული ღამე უკრაინის ენერგოსექტორისთვის. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს „დტეკ"-ის ერთ-ერთ თბოელექტროსადგურს. ჩვენი სამი კოლეგა დაჭრილია. ექიმები ყველა შესაძლო დახმარებას უწევენ. ასევე სერიოზულად დაზიანდა სადგურის ტექნიკა", - აცხადებენ კომპანიაში.

რუსეთმა ამავე ღამეს უკრაინაზე კიდევ ერთი კომბინირებული დარტყმა განახორციელა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 5 რაკეტა და ყველა „კამიკაძე დრონი" გაანადგურა. საჰაერო თავდაცვა მუშაობდა დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ნიკოლაევის, ხერსონის, ხარკოვის, კიევის, ჩერკასის, პოლტავისა და ვინიცას ოლქებში.

„20 ივნისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინას რაკეტებისა და „შაჰედის" ტიპის დრონების გამოყენებით დაარტყეს. მთლიანობაში, მტერმა გამოიყენა სხვადასხვა ტიპის 9 რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი.

მეორეს მხრივ კი, რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა პრაქტიკულად ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები, განსაკუთრებით ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ბაზები. რუსეთი თავდასხმებში უკრაინას ადანაშაულებს, ოფიციალური კიევი კი თავდასხმებთან დაკავშირებით ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს.

20 ივნისს დრონებით თავდასხმა დაფიქსირდა ტამბოვის ოლქში მდებარე ნავთობბაზაზე, რამაც ხანძარი გამოიწვია. ეს დაადასტურა ოლქის გუბერნატორმა მაქსიმ ეგოროვმა, მისი ინფორმაციით, მსხვერპლი არაა. ამავე დღეს, გამთენიისას, დრონებით შეტევა იყო რუსეთის ადიღეს რესპუბლიკის დაბა ენემში მდებარე ნავთობის ბაზაზეც. ესეც დადასტურებულია რუსული მხარისგან.

ორი დღით ადრე კი როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბოვმა განაცხადა, რომ ქალაქ აზოვში უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა.

„არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ორივე მხარე საჰაერო იერიშებს აგრძელებს, თუმცა რუსეთს მეტი საჰაერო შემტევითი შეიარაღება აქვს.

„ისეთი დიდი სტაციონალური ობიექტების ჰაერიდან დაცვა, როგორიცაა ნავთიბბაზები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ურთულესია. ისინი დიდ ფართობზეა გადაჭიმული და მათი მწყობრიდან გამოყვანა ძალიან რთული არაა. თუ რუსები უკრაინელებს ერთ-ორ დრონსაც ჩამოუგდებენ, უფრო მეტს გააგზავნიან და შედეგს მიაღწევენ.

„ამასთან, რუსეთს მეტი შესაძლებლობა აქვს. იყენებს ჰაერი-მიწა ტიპის ფრთოსან რაკეტებს, რომელსაც სტრატეგიული ბომდამშენებიდან უშვებს. იყენებს ზღვა-ხმელეთი ტიპის „კალიბრებს", რომელსაც ხომალდებიდან, ან წყალქვეშა ნავებიდან უშვებს. ასევე იყენებს გადაკეთებულ „ს-300" ტიპის საზენიტო რაკეტებს მიწა-მიწა ტიპის სახით და პლიუს „შაჰედის" კამიკაძე დრონებს", - განაცხადა ირაკლი ალადაშვლმა „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს რომ საჰაერო დარტყმების მხრივ მხარეების ძალები თანაბარია.

„საჰაერო დატყმების მხრივ სიტუაცია 50/50-ზეა, ორივეს თანაბარი პირობები აქვს. ახლა, როცა პუტინმა ჩრდილო კორეასთან გაფაორმა ხელშეკრულება, არ გამოვრიცხავ, რომ იქიდან იარაღი და სამხედრო ნაწილები უკრაინისკენ დაიძრეს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×