"ყოველ წელს 20%-იანი მაჩვენებელიც რომ გვქონდეს, მოსახლეობის ფართო ფენის მდგომარეობაზე დიდად არ შეიცვლება"
გვანცა წულაია
01.07.2024

საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში დამაჯერებლად იზრდება. სტატისტიკური ციფრები, რომელიც სწორედ ამ ყველაფერს ასახავს, მართლაც კარგად გამოიყურება, მაგრამ საინტეროა, რამდენად გრძნობს ქვეყნის მოსახლეობა მშპ-ს ზრდას ან როდის იგრძნობენ ციფრებში გამოხატულ წინსვლას უშუალოდ მოქალაქეები?

კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა ფეხზე მყარად დადგა. მას შემდეგ ყოველთვიურად ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება და ხშირ შემთხვევაში ორნიშნა მაჩვენებლითაც. ქვეყანამ 2023 წელი პოზიტიური შედეგით ჩახურა და რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის იმიჯის შენარჩუნება მოახერხა. სხვადასხვა საერთაშორისო ორგნიზაციის პროგნოზით, სამომავლოდაც ფართო რეგიონის მასშტაბით საქართველოს ყველაზე სწრაფი წინსვლა ექნება. 

მართალია, 2021 და 2022 წლებთან შედარებით, გასულ 2023 წელს ეკონომიკური ზრდა შენელდა, მაგრამ მაჩვენებელი მაინც საკმაოდ პოზიტიური იყო. 2021-2022 წლებში საქართველოს ორნიშნა მაჩვენებელი ჰქონდა - 10.5% და 10.4%, 2023 წელს კი ზრდის ტემპი 7%-მდე შემცირდა, თუმცა ეკონომისტები ამბობენ, რომ ეს შედეგიც კარგია. 

სტატისიკა მართლაც პოზიტიურად გამოიყურება, მაგრამ საინტერესოა, ციფრებში გამოსახული ეკონომიკური განვითარება როგორ აისახა თითოეულ ოჯახზე და რამდენად იგრძნო მოსახლეობამ მშპ-ს ზრდა.

როგორც სტატისტიკოსმა გივი მომცელიძემ აღნიშნა, მოსახლეობამდე თანაბრად არ მიდის ეკონომიკური სიკეთე.

„ეკონომიკური წინსვლა ეჭვს არ იწვევს. კორონავირუსის შემდეგ, მართლაც იზრდება ქვეყნის მშპ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება დადებითი შედეგები მოსახლეობაზე. შეუძლებელია, რომ საერთო ჯამში არ მოქმედებდეს, მაგრამ თანაბრად რამდენად ნაწილდება მოქალაქეებზე, ესაა მნიშვნელოვანი. ეს ჩანს ხოლმე ჯინის ინდექსში, რომელსაც თუ ადრე კლების ტენდენცია ჰქონდა, ახლა სამწუხაროდ, გაჩერდა და ცოტა ზრდაც დაიწყო. ამის შესაბამისად უნდა ვთქვათ, რომ მოსახლეობამდე თანაბრად არ მიდის ეკონომიკური სიკეთე. ბევრი მიზეზის გამო მგონია, რომ მოსახლეობის იმ ნაწილის შემოსავლები უფრო მეტად მატულობს, რომელსაც აქამდეც ნაკლებად უჭირდა ან უფრო მეტიც შეძლება ჰქონდა.

რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდის და სოციალური პროგრამების გამო, საშინელი სიღარიბე აღარ გვაქვს, მაგრამ სიღატაკის კლება არ არის საკმარისი და გვინდა უფრო სწრაფად განვითარდეთ და იზრდებოდეს საშუალო ფენა. 

ყველამ ვიცით, რომ მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს და ეს გარემოება ნამდვილად არ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, ამით ბევრი რამ დასტურდება“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ გივი მომცელიძემ. 

ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა 2024 წელსაც პოზიტიურად გამოიყურება. იანვარში მშპ - 5.8%-ით გაიზარდა, თებერვალში  - 9.5%-ით, მარტში - 8.2%-ით, აპრილში - 11.8%-ით, ხოლო მაისში - 9.2%-ით. პირველი 5 თვის განმავლობაში კი, ქვეყნის მშპ 9.3%-ით გაიზარდა. 

ასეთი სტატისტიკური მონაცემები რომ ყველაზე თანაბრად არ ნაწილდება, ამაზე საუბრობენ სხვა ეკონომისტებიც. ისინი პირდაპირ მიუთითებენ, რომ მოსახლეობის ფართო ფენა განვითარების შედეგებს ვერ გრძნობს. როგორც ანალიტიკოსმა მერაბ ჯანიაშვილმა განაცხადა, თუ ხელისუფლებამ არ შეცვალა მიდგომა, წარმოუდგენელია, ოდესმე სიღარიბე დაიძლიოს, საშუალო ფენა შეიქმნას და საქართველოს განვითარებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს.  

„საქართველოს ეკონომიკური სტრუქტურა ისეთი ცუდია და ისე საშინლად არის მოწყობილი, რომ ფაქტობრივად, გამორიცხულია, ქვეყანაში საშალო ფენა შეიქმნას და ეკონომიკური ზრდისგან სარგებელი მოსახლეობის ფართო მასამ მიიღოს. ყოველ წელს 20%-იანი მაჩვენებელიც რომ გვქონდეს და ერთ სულზე მშპ-ს ზრდით წამყვან ქვეყნებს დავეწიოთ, ეს მაინც არანაირად არ აისახება იმაზე, რომ მოსახლეობის ფართო ფენისთვის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. სამწუხაროდ, ბოლო 30 წელია, საქართველოს ეკონომიკური სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ მხოლოდ ერთეულები შოულობენ დიდი ოდენობით ფულს და მოსახლეობის უმრავლესობა სიაღარიბის ზღვართან ახლოსაა. საშუალო ფენა კი, რომელმაც უნდა შექმნას ეკონომიკური კეთილდღეობა, ძალიან მცირე. 

ეკონომიკის უმრავლეს სექტორში არის ოლოგოპოლური ან მოლოპოლური მდგომარეობა შექმნილი. საქართველოში ვიღაცებს, უბრალოდ, ჰქვიათ ბიზნესმენები, თორემ მე მათ ბიზნესმენს ვერ ვუწოდებ, რადგან ისინი უფრო ე.წ. "ცეხავიკები" არიან და ხელისუფლებასთან ტკბილად ყოფნით აკეთებენ ფულს და არა საკუთარი ნიჭის ან კონკურენციის ხარჯზე. ხშირად გვესმის ინფორმაცია იმის შესახებ,  რომ ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც საქართველოსთან შედარებით გადასახადი 3-ჯერ უფრო მაღალია, პირველადი მომხარების პროდუქცია 2-ჯერ უფრო იაფია. ეს იმიტომ ხდება, რომ ზოგიერთი ჩინოვნიკი ხელს აფარებს და ბიზნესს აძლევს იმის საშუალებას, რომ ასეთი გიჟური პოლიტიკა გაატაროს. უამრავი სფერო შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ არაფერი იცვლება. 

ფინეთის და შვედეთის ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ფართო ფენაზე რომ გავლენას ახდენს, ასე არ ხდება საქართველოში. კეზერაშვილი რომ მილიარდელი გახდა და „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა, მოსახლეობის ფართო ფენამ იგრძო კეთილდღეობა? არა, რა თქმა უნდა. ახლაც დაახლოებით იგივე მდგომარეობა გვაქვს. 

არ არის მართებული იმის მოლოდინი, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ეკონომიკური ზრდისგან გაუმჯობესდება. რა თქმა უნდა, 10 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით, მოსახლეობის მდგომარეობა შეიძლება მცირედით უკეთესია, მაგრამ ეს იმის გამო, რომ ადამიანები უფრო მეტს შრომობენ და ქართველების ნაწილი ემიგრაციაშია წასული. სწორედ მათგან გადმორიცხვებზეა ჩვენი ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებული. 

თუ ხელისუფლებამ (მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მმართველი პატრია) არ შეცვალა ეკონომიკური პოლიტიკა და მიდგომა, წარმოუდგენელია, საქართველოში ოდესმე სიღარიბე დაიძლიოს, საშუალო ფენა შეიქმნას და განვითარებულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ“, - განუცხადა მერაბ ჯანიაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსს“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×