ნატალია ჯვარიძე
23.06.2024

ბოლო წლებში ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა „ნაცმოძრაობასთან" ურთიერთობას რიგი მიზეზებიდან გამომდინარე ერიდებოდა. თუმცა, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს მიდგომა შეიძლება შეიცვალოს. „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ენმ სულაც არაა საშიში და მათთან ერთიან საარჩევნო სიაზეც შეიძლება საუბარი. რას ნიშნავს ეს განცხადება - ელისაშვილის პირად მოსაზრებას, თუ ზოგადად ოპოზიციაში ახალი ტენდენციის გაჩენას?

„ოპოზიციური პარტიებიდან ვინც დაინახავს, რომ „ნაცმოძრაობასთან" ურთიერთობა ხეირს მოუტანს, აუცილებლად მათ მხარეს დადგებიან", - განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ ამ თემაზე „რეზონანსთან" საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, სავარაუდოდ, მხოლოდ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" იქნება, რომელიც ენმ-სადმი თავის მიდგომას არ შეცვლის.

„გახარია „ნაცმოძრაობის" მიუკარებლობის სიაში დარჩება. ამას შეიძლება „ლელოც" შეუერთდეს, თუმცა ეს უფრო ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ადრე მამუკა ხაზარაძემ „ნაცმოძრაობის" მიმართ ძალიან ბეჯითი მხარდაჭერა გამოავლინა. შესაძლოა არც გაერთიადნენ და ეს მხოლოდ გახარიას ეხებოდეს", - აცხადებს საყვარელიძე.

„მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი კი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" და მასთან კავშირი სხვა ოპოზიციური პარტიებისათვის „საშიში" აღარ არის.

„რით არის „ნაცმოძრაობა" საშიში?! ახლა საშიშია? 4 წელია ერთად ვსხედვართ პარლამენტში, არც უკბენიათ და არც თმაზე მოუქაჩიათ. პიროვნულად და პერსონალურად საშიშები ხომ არ არიან?!", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში.

ჟურნალისტმა ელისაშვილს მისი ადრინდელი პოზიცია შეახსენა, როდესაც ის აცხადებდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" დაბრუნების საშუალება არ უნდა მიეცეს.

„არავის უნდა მისცე ძალაუფლება, იმიტომ ახლა არის სხვა მოცემულობა-თქო, მას შემდეგ, რაც ეს რუსული კანონი მეორედ შემოიტანეს და გაიტანეს, სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ", - აღნიშნა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ენმ-სთან თანამშრომლობა და მათთან ერთ საარჩევნო საიში ყოფნაც კი მისთვის აღარ არის „წითელი ხაზი".

„ჩემთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა, დიდი ხანია, აღარ არის მკაფიო წითელი ხაზი. მე ვამბობდი, რომ არც ერთიან საარჩევნო სიაში ყოფნას გამოვრიცხავდი, უბრალოდ, აწონ-დაწონა გვჭირდება, რომელი უფრო ეფექტურია „ქართული ოცნების" დასამარცხებლად. რაც უფრო ეფექტურად დაგვამარცხებინებს „ქართულ ოცნებას", მე იმის მომხრე ვარ. გარკვეული დისკუსიები მიდის და სხვადასხვა ჯგუფის გამსხვილებაზეც მიდის ლაპარაკი. აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამ - ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, არ დარჩეს 5%-იანი ბარიერის მიღმა, რადგან პარტიების ხმები, რომლებიც ვერ გადალახავენ მინიმალურ ზღვარს, გადანაწილდება ძირითადად „ქართულ ოცნებაზე", - განაცხადა ელისაშვილმა.

რამაზ საყვარელიძის თქმით, ოპოზიციური პარტიები „ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობას ერიდებოდნენ, რადგან ის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებელი იყო. თუმცა ბევრი მათგანი შანს იტოვებდა, რომ შესაბამის მომენტში ენმ-სთან მისასვლელი პირი ჰქონოდათ.

„ოპოზიცია ბევრ პარტიას მოიცავს და ბუნებრივია, „ნაცმოძრაობის" მიმართ დამოკიდებულება რომ შეიცვალოს, ეს გამორიცხული საერთოდ არ არის. ბოლო პერიოდში ბევრი ისეთი გამოჩნდა, რომლისთვისაც ეს პარტია მიუღებელი აღმოჩნდა. მე არ ვემხრობი იმ აზრს, რომ ზოგადად საქართველოში რაღაც ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვილაპარაკოთ, ამ შემთხვევაში ოპოზიციის მიმართ, რადგან ამა თუ იმ პარტიის მიუღებლობა რაღაცით უნდა იყოს განპირობებული. არ ვამბობ მაინც და მაინც პოლიტიკური მოტივით, რადგან გეოპოლიტიკის მხრივ ყველა იძახის - არიქა, ევროპაშიო. მაგალითად, მორალური თვალსაზრისით, „ნაცების" დროს ბევრი ისეთი რაღაც ხდებოდა, რომელიც მიუღებელი იყო, რამაც ხალხში საპროტესტო დამოკიდებულება გამოიწვია, მაგრამ ქართულ ოპოზიციაში რამდენჯერ შეგვხვედრია „ნაცმოძრაობის" კრიტიკა მორალური თვასაზრისით? არც ისე ხშირად, ხომ? თუ არ აკრიტიკებს, ესე იგი მისთვის მისაღებია და სათანამშრომლო გზას იტოვებს, რომ თუ გამოჩნდა სახეირო სიტუაცია, მასთან მისასვლელი პირი ჰქონდეს.

„ვინც ამბობდა „ნაცმოძრაობა" მიუღებელიაო, მათ შორის ალეკო ელისაშვილიც, ამის მიზეზი იყო ის, რომ შეამჩნიეს - მოსახლეობისთვის არ არის მისაღები და თუ არ ჩამოშორდებოდნენ, მათთან მდგომი პოლიტიკოსიც ასეთი გახდებოდა. ამ მიზეზით ძალიან ბევრი მათთან ურთიერთობას ერიდებოდა, თუმცა ეს რამდენი ხანი გაგრძელდება, კაცმა არ იცის", - აღნიშნა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა ოპოზიციაში ბევრ პარტიას ჰქონდეს ენმ-სთან მიკედლებისა და მათ ხარჯზე პარლამენტში მოხვედრის სურვილი, თუმცა მეორე საკითხია რამდენად აწყობს ეს თავად ენმ-ს.

„ვერ გეტყვით შეიცვალა თუ არა ახლა „ნაცმოძრაობის" მიმართ მიდგომა და ისიც არ მესმის რას ნიშნავს „ზოგადად ოპოციზია". რა აერთიანებს მათ გარდა იმისა, რომ „ოცნების" წასვლა უნდათ? ან საქართველოში რა პოლიტიკა უნდა გატარდეს? ალბათ წინასაარჩევნო პროგრამების პრეზენტაციებისას უფრო გამოჩნდება რატომ უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა და რომელ პარტიასთან უფრო მეტი საერთო აქვთ.

„შეცდომას ყველა უშვებს, მათ შორის ელისაშვილიც. იმის ნაცვლად, რომ იფიქრონ რითი გახადონ თავიანთი პარტია ამომრჩევლისთვის უფრო მისაღები, სანდო და სასურველი ძირითად აქცენტს აკეთებენ იმაზე, თუ ვის შეეკედლონ. ეს შეძლება მომგებიანი პოლიტიკა არ იყოს. მათთან შეკედლებით ფიქრობენ, რომ მათი ხმები მიუვათ, მაგრამ „ნაცმოძრაობა" საკმაოდ პრაგმატული პარტიაა და მათ არ სურთ, რომ ოპოზიციური ჯგუფები მათი ხმებით პარლამენტში შევიდნენ, რადგან მერე რა პოზიციას დაიკავებენ, კაცმა არ იცის.

„ასე რომ, „ნაცმოძრაობა" რაც უფრო მეტ პარტიას გადაუგდებს მაშველ რგოლს და პარლამენტში შეიყვანს, ამით იქ ის თავის მეტოქეებს უფრო გაამრავლებს, რადგან ყველას ექნება ოპოზიციონერობის სურვილი და კონკურენცია მოიმატებს. სჭირდება ვინმეს კონკურენტები? რა თქმა უნდა, არავის", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×