რეზონანსი
25.06.2024

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კვლავ ფინანსურ თაღლითობაში ადანაშაულებენ. საუბარია კომპანია "იმერეთი გრინერის" საქმეზე, რომელშიც წილს ხაზარაძე-ჯაფარიძის "ჯორჯიან ფრეშ ჰოლდინგი" ფლობდა. ადვოკატი, რომელიც დაზარალებულ ქართველ ბიზნესმენს წარმოადგენს, ამბობს, რომ მისი დამკვეთი შეცდომაში მიზანმიმართულად შეიყვანეს. საუბარია 1 400 000 დოლარის ობლიგაციების შესყიდვაზე, რომელიც, ბეჟან ნემსაძის თქმით, მის კლიენტს "თიბისი" ბანკმა შესთავაზა. ნემსაძე ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს და ამბობს, რომ "ლელოს" ლიდერებმა კომპანია "იმერეთი გრინერის" ფინანსურ მდგომარეობაზე ინფორმაცია საკუთარ მფლობელობაში არსებულ "თიბისი კაპიტალს" დაათვლევინეს, რა დროსაც რეალური ხარვეზები დაიმალა.

"იმერეთი გრინერის" საქმეზე მოკვლევა რომ დაწყებულია, ამას "კურიერს" ეროვნული ბანკშიც უდასტურებენ. მთავარმა საფინანსო ინსტიტუტმა ახლა უნდა გაარკვიოს, რეალურად, იყო თუ არა საქმეში ინტერესთა კონფლიქტი, რამაც ინვესტორი დააზარალა.

რატომ არ გახდა პოტენციური ინვესტორებისთვის წინასწარ ცნობილი, რომ კომპანია "იმერეთი გრინერის" ფინანსური პრობლემები და სახელმწიფო დავალიანება ჰქონდა - ამ კითხვაზე პასუხი დღეს თავად ხაზარაძე-ჯაფარიძეს არ გაუციათ. ლიდერების პოზიცია "ლელოს" წევრებმა დაიცვეს. თქვეს, რომ ბიზნესი სოლიდური იყო და მის გაკოტრებაზე პასუხისმგებლობა ყოფილ ბანკირებს არ ეკისრებათ.

ხაზარაძის თანაგუნდელებისგან განსხვავებით, მმართველ გუნდში ყოფილი ბანკირების სავარაუდო ფინანსურ თაღლითობას არ გამორიცხავენ. სახელისუფლებო პარტიაში დღეს "ლელოს" ლიდერების წინააღმდეგ თაღლითობის სასამართლოს მიერ დადასტურებული საქმეც გაიხსენეს. თქვეს, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, პოლიტიკის მსგავსად, ბიზნესშიც აკრძალული წესებით ოპერირებდნენ. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ყოფილმა ბანკირებმა პოლიტიკაში წასვლა სწორედ მსგავსი დანაშაულებისგან პასუხისმგებლობის არიდების მიზნით გადაწყვიტეს.

გახდება თუ არა "იმერეთი გრინერის" საქმე სამართალდამცავი უწყებების მოკვლევის საგანი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ეროვნული ბანკი სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ საბოლოო დასკვნას დადებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×