რეზონანსი
04.07.2024

"აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა უკვე 33 წელზე მეტს ითვლის, მაგრამ გარკვეული კონკრეტული შედეგები ამას არ მოუტანია. ალბათ ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ კონკრეტულ შედეგებზე იყოს გათვლილი ეს პარტნიორული ურთიერთობა", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, უახლოეს დღეებში ნატოს სამიტია და რა გზავნილებით წარდგება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალიანსის სამიტზე იმ ფონზე, როდესაც აშშ-თან საქართველოს მთავრობა გადატვირთვის პოლიტიკაზე საუბრობს და პარალელურად ვაშინგტონიდან სანქციებთან დაკავშირებული მუქარები ისმის, ქადაგიშვილი განმარტავს, რომ აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ აქვს.

„საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა მოიცავს უკვე 33 წელიწადს და ამ ხნის განმავლობაში მართლაც სერიოზული თანამშრომლობის კაპიტალია დაგროვებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის კაპიტალი, რომელიც არა მხოლოდ ქართულ-ამერიკული, არამედ საქართველო-ნატოს ურთიერთობაში არის ასახული, მათ შორის საქართველოს თავსებადობით ნატოსთან და ამავე დროს საქართველოს უდიდესი კონტრიბუციით ნატოს ეგიდით ჩატარებულ სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში. ეს არის ფაქტები, რომლის უგულებელყოფა არანაირად არ შეიძლება. თუმცა, როგორც წესი საერთაშორისო ურთიერთობებში ხშირად ხდება ხოლმე, გარკვეული წინააღმდეგობები, კონკრეტული პოლიტიკური მომენტიდან გამომდინარე სახელმწიფოებს შორის წარმოიშობა ხოლმე, რომელიც მე ვფიქრობ დროებითი გაუგებრობის საკითხს და ფორმას ატარებს. ხანგრძლივ პერსპექტივას თუ შევხედავთ, შორს მიმავალი გეგმები რა გააჩნიათ ამ ქვეყნებს, რა არის გეოპოლიტიკური მოცემულობა თუ ამ გადმოსახედიდან შევაფასებთ ვითარებას, რა თქმა უნდა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ ურთიერთობას და თანამშრომლობას ალტერნატივა არ გააჩნია. რაღაცნაირად ეს ვითარება იყო შეიძლება ითქვას მიტოვებული, იმიტომ, რომ ეს ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა უკვე ათეულ წელზე მეტს ითვლის. მაგრამ გარკვეული კონკრეტული შედეგები ამას არ მოუტანია. ალბათ ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ კონკრეტულ შედეგებზე იყოს გათვლილი ეს პარტნიორული ურთიერთობა.

ამავდროულად ქვეყანას გააჩნია თავისი ეროვნული დღის წესრიგი. ქვეყანას გააჩნია თავისი გეოპოლიტიკური გამოწვევები, მათ შორის ოკუპაციის შედეგი, რომელიც ჩვენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაგვიდგა. აქედან გამომდინარე ჩვენ გაგვაჩნია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი ამ საფრთხეებიდან და ამ პრობლემებიდან გამომდინარე სპეციფიკური მიდგომები. ამიტომ აქ ურთიერთგაგება და საერთო პოზიციის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენი ხელისუფლება, მთავრობა საუბრობს ამ ურთიერთობების ახალ ეტაპზე აყვანაზე, რა თქმა უნდა მთელი ეს კომპლექსი საკითხებისა არის გასათვალისწინებელი",-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×