თამთა ჩაჩანიძე
03.06.2024

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ძალაშია - დოკუმენტს პარლამენტის თვამჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმოწერა უკვე აქვს და 3 ივნისიდან 60 დღის შემდეგ, დადგება დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების დარეგისტრირების ვალდებულება, რა დროსაც მათ 2023 წელს მიღებული შემოსავლები უნდა დაადეკლარირონ. მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ისინი კანონს არ დაემორჩილებიან, რის საპასუხოდაც პაპუაშვილი ამბობს, რომ „ყველამ იცის, რა შედეგები მოჰყვება, თუ არ იქნება დეკლარირება".

საკითხზე, რა პროცესებია მოსალოდნელი კანონის მიღების შემდეგ, „რეზონანსთან" ანალიტიკოსთა მოსაზრებები ასეთია - გია აბაშიძე გვეუბნება, რომ შესაძლოა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადონ კანონს, თუმცა „საქმე საქმეზე რომ მივა", რეგისტრაციის არ გავლის შემთხვევაში, დაკისრებულ ჯარიმას გადაიხდის, ან დაიხურება. ანალიტიკოსი საუბრობს იმაზეც, რომ ეს შეეხება მათ შორის მედიის ნაწილსაც, რომლებსაც უცხოური დაფინასება აქვთ 20%-ზე მეტი.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსს" ეუბნება, რომ„ქართულ ოცნებას" „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი სწორედ არჩევნებისთვის სჭირდებოდა და არჩევნებამდე მთელი სიმძლევრით აამოქმედებს, რასაც მთელი რიგი პროცესები მოჰყვება - არარეგისტრირებულ ორგანიზაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში არ გაატარებს და უფლებას არ მისცემს, რომ ოფიციალურად დააკვირდეს არჩევნებს. მისი თქმით, ოპერირება გაუჭირდება არარეგისტრირებულ მედიებსაც.

კანონი ძალაში შევიდა - რა ვალდებულება ეკისრებათ არასამთავრობოებს

პაპუაშვილის თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდება და გამოქვეყნებულად ხვალიდან ჩაითვლება. მისი თქმით, 4 ივნისიდან 60 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს შეიმუშავებს, ასევე შექმნის ელექტრონულ პორტალს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის. 60 დღის შემდეგ დადგება უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების დარეგისტრირების ვალდებულება, რა დროსაც მათ 2023 წელს მიღებული შემოსავლები უნდა დაადეკლარირონ.

„ორგანიზაციების განცხადება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით არის არადემოკრატიული ქცევა, რაც კანონის უზენაესობის სულისკვეთებასა და მათივე დეკლარირებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება - კანონი მიღებულია და ყველამ იცის, რა არის გასაკეთებელი! ყველამ იცის, რა შედეგები მოჰყვება, თუ არ იქნება დეკლარირება.

"როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების აცხადებენ კანონის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, თუკი მათ კანონის ტექსტი არ მოსწონთ, თავად რატომ არ იღებენ ვალდებულებას ხალხის წინაშე, რომ ნებაყოფლობით, პროაქტიულად იყვნენ გამჭვირვალე? რატომ არ იღებენ ამ ვალდებულებას? ეს აჩვენებს, რომ მათ პრობლემა აქვთ არა კანონის მიმართ, არამედ პრობლემა აქვთ იმისა, რომ ხალხისთვის მათი ფინანსები ცნობილი გახდება.

„გახდება ცნობილი, თუ სად მიდის უცხოური დაფინანსების ნაწილი, რომლის თაობაზეც შიგა და შიგ შევიტყობთ, რომ იხარჯება რადიკალიზმში, იხარჯება მათ შორის ისეთ ორგანიზაციებში, რომელიც ბოლო პერიოდში ტერორით და მუქარით არიან დაკავებული. სამწუხაროა, რომ დღეს დღეს უცხოური დაფინანსება ასეთ ორგანიზაციებთან ასოცირდება.

„ყველას მოვუწოდებ, მიყვნენ კანონის ნორმებს და სულისკვეთებას და იმოქმედონ კანონის შესაბამისად", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადონ კანონს, თუმცა, „საქმე საქმეზე რომ მივა", რეგისტრაციის არ გავლის შემთხვევაში, დაკისრებულ ჯარიმას გადაიხდის, ან დაიხურება. ანალიტიკოსი საუბრობს იმაზეც, რომ ეს შეეხება მათ შორის მედიის ნაწილსაც, რომლებსაც უცხოური დაფინასება აქვთ 20%-ზე მეტი.

„წინასაარჩევნოდ, რადიკალთა მხრიდან ბუნებრივია იქნება პოლიტიკური მანიპულაციების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები, რომ ისინი თითქოსდა მებრძოლ-დაუმორჩილებელ ძალას წარმოადგენენ, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მივა, დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში, დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ. ეს იგივეა ვთქვათ, რომ საგზაო მოძრაობის წესებში რაღაც მუხლები ე.წ. რუსულია და „არ უნდა დავემორჩილოთ". ამაში ხომ ლოგიკა არაა?!

„ისევე, როგორც ლოგიკაში არ ჯდება, გამჭვირვალობისა და დემოკრატიის სადარაჯოზე მყოფი არასამთავრობოების განცხადება, რომ მათ ურჩევნიათ იყვნენ გაუმჭვირვალენი და დემოკრატიულ სახელწიფოს კანონებს არ დაემორჩილონ. არჩევნები იმიტომ ვახსენე, რომ როცა კოლექტიური „ნაცმოძრაობა" მორიგ წარუმატებლობას მიიღებს და დღის წესრიგში დადგება აწ უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდის საკითხი, დიდი ალბათობით, ნაწილი არასამთავრობოებისა გარე დაკვეთით დახურებიან, ან ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში, მოუწევთ დაკისრებული სხვა საჯარიმო საქციების გადახდა.

„ეს ყველაფერი არჩევნებამდე ნაცრადიკალების მხრიდან პოლიტიკური ცირკის ელფერით იქნება წარმოდგენილი. გარე დაკვეთა იმიტომ ვახსენე, რომ როცა საქართველოში აყირავების მსურველი გარე პოლიტიკური აქტორები ნახავენ, რომ მათ დასპონსორებულ არასამთავრობოებს რა ჩალის ფასი აქვს ქართული მოსახლეობისთვის, მიხვდებიან, რომ დაფინანსების გამოყოფა აღარ ღირს.

„მე, ისევე, როგორც ჩემს თანამემამულეებს დიდი შეკითხვები მაქვს ძებნილი კრიმინალ კეზერაშვილის „ფორმულაზე" - გააგრძელებს კი ავაზაკი კეზერაშვილი „ფორმულას" დაფინანსებას, როცა კოლექტიური ნაცები წააგებენ?! გაგრძელდება თუ არა დაფინასება „მთავარი არხის", „ტვ პირველის", რომლის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი მამუკა ხაზარაძეა?! ეს შესაძლოა არ უკავშირდებოდეს გარე სპონსორობას, მაგრამ შიდა მედიაბაზარზე ძალიან საინტერესო იქნება ამის აღმოჩენა და ბუნებრივია ეს ტენდენციები არსად დაიმალება.

„ველოდები, რომ არჩევნებამდე იქნება ფსევდოქულების დაწერის მცდელობა, რომ ვითომ დაუმორჩილებელი და მებრძოლი პერსონაჟები არიან. მოახლოვდება არჩევნები და მერე რაღაც პერიოდი ისევ იხმაურებენ ე.წ. გაყალბებაზე და მიტაცებაზე, მაგრამ შემდეგ „ნაცების" რაღაც მინიმალურ ნაწილს, რომ მოუწევს პარლამენტში შესვლა, სულ სხვანაირად გადალაგდება ვითარება საქართველოს ცხოვრებაში", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, „ქართული ოცნება" „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არჩევნებამდე მთელი სიმძლევრით აამოქმედებს, რასაც მთელი რიგი პროცესები მოჰყვება.

„ქართულმა ოცნებამ" ამხელა რისკი, ამდენი წინააღმდეგობა და ამდენი ლანძღვა-გინება იმისთვის გადაიტანა, რომ მას ამ კანონის ამოქმედება არჩევნებისთვის სჭირდება. ამიტომ რა თქმა უნდა, ისინი კანონს მთელი სიმძლავრით აამოქმედებენ. „ოცნებას" კანონის ამოქმედებით იმედი აქვს, რომ არჩევნების პერიოდში ოპოზიციურ მედიას გააჩერებს და ასევე არასამთავრობო სექტორს საშუალებას არ მისცემს, რომ საარჩევნო პროცესს დააკვირდეს.

„ოცნება" ამისკენ მიდის და რა თქმა უნდა, აამოქმედებს და შეასრულებს კიდეც, მაშინ სხვაგვარად რა აზრი ჰქონდა მთელს ამ ორომტრიალს. მართლა იმისთვის ხომ არ გაუკეთებიათ ეს, რომ გამჭვირვალობა აინტერესებთ?! მათ არ უნდათ ზედმეტი თვალი, ზედმეტი ყური, ზედმეტი მოლაპარაკე ამ არჩევნების დროს, რომ იმუშაონ და იმოქმედონ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან.

„ადვილია თქვა, რომ ამ კანონს არ დავემორჩილებით და მუშაობას გავაგრძელებთო. გასაგებია არ დაემორჩილებიან, მაგრამ მუშაობას როგორ გააგრძელებენ?! ყველაფერი ბოლომდე უნდა იქნას გათვლილი, თუ ორგანიზაცია რეგისტრაციას არ გაივლის. აქ მარტო ფინანსებზე რომაა დღეს გადატანილი ყურადღება, სხვა რამეც არის - არარეგისტრირებულ ორგანიზაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგოსტრაციაში არ გაატარებს და უფლებას არ მისცემს, რომ ოფიციალურად დააკვირდეს არჩევნებს, სამოყვარულო დაკვირვება კი ბატონო შეეძლება, მაგრამ აქ მთავარი ისაა, არსებობს კი ამის გვერდის ავლის გზა?! ტელევიზიებს ძალიან მეეჭვება, რომ რაიმე შეძლონ.

„ძალიან გაჭირდება, რომ მათ შეძლონ ოპერირება ამ არჩევნების პროცესში თუ ამ რეგისტრაციას არ გაივლიან, მაშინ სამეთვალყურო კომუნიკაციები მიიღებს გადაწყვეტილებას და ისინი გაუუქმებენ რეგისტრაციებს ამ ტელევიზიებს",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

„ომის ქარტია"

„დღეს მე მოვაწერე ხელი კანონს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოში რადიკალიზაციის შემცირება, პოლარიზაციისა და დეზინფორმაციის შემცირება, ხოლო სალომე ზურაბიშვილთან დღეს რადიკალური პარტიები მოაწერენ ხელს ქარტიას, რომელსაც სამართლიანად დაერქვა ომის ქარტია",- თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ერთ მხარეს არის ომის ქარტია და იქ გაერთიანებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყველა თავისი ნამსხვრევით, მეორე მხარეს კი არის მშვიდობის, დერადიკალიზაციისა და დეპოლარიზაციის წამხალისებელი კანონი.

„ქარტია თავის თავში აერთიანებს ყველა იმ რადიკალურ ჯგუფს, რომელიც ორი წელია საქართველოს სხვადასხვა მექანიზმებით ექაჩებოდა ომში. ამ პარტიებს მისხალი ძალაუფლებაც რომ ჰქონოდათ და შესაძლებლობა გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების, მათი ჭკუით რომ ემოქმედა საქართველოს ხელისუფლებას, საქართველო გახვეული იქნებოდა ომში, საქართველო იქნებოდა ეკონომიკურად კოლაფსის წინაში.

„აი, ამ პარტიების ომის ქარტიას ეწერება დღეს ხელი. ასე რომ, ცალ მხარეს არის ომის ქარტია და იქ გაერთიანებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყველა თავისი ნამსხვრევით, მეორე მხარეს არის მშვიდობის, დერადიკალიზაციის და დეპოლარიზაციის წამხალისებელი კანონი."- განაცხადა პაპუაშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტის ქარტიას თავად „ქატოს ქარტიას" ეძახის, რადგან მისი თქმით, ესაა „ნულჯამოვანი" პოლიტიკური სვლა.

„ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამას „ომის ქარტიას", ხოლო მე პირადად „ქატოს ქარტიას" ვეძახი, რომელიც არაფერს წარმოადგენს. ნაცოპოზიციას იმდენად გაუჭირდა, რომ მის მიერ უწინ ნაგინებ-გალანძღული, რუსულ აგენტად შერაცხული სალომე ზურაბშვილი ვითომ ახალ ლიდერად დაიყენეს. ისევ ნულჯამოვან პოლიტიკურ სვლებთან გვაქვს საქმე. შესაძლოა გარკვეულ პროცენტებს მიაღწიონ, მაგრამ ის, რომ ისინი კოალიციურად მმართველობაში მოვლენ, ეს ზღაპარია, რისიც თავადაც არ სჯერათ",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ „ოცნება" ტერმინის - „ომის ქარტიის" დამკვიდრებას ცდილობს.

„ქართულ ქარტიას" ახლა ომის ქარტია დაარქვეს და ამ ტერმინის დამკვიდრებას ცდილობენ. თუ შევხედავთ რა რეზონანსი მოჰყვა იმ კანონს, რასაც პაპუაშვილმა ხელი მოაწერა, „ქართული ქარტია" ომის ქარტიაა და მიღებული კანონი მშვიდობის?! რომელმაც სტაბილური ქვეყანა არია, სიტუაცია გაამწვავა და ლამის სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მივყავართ.

„თუ ამ ქვეყანაზე ასეთ გულუბრყვილო ამომრჩეველი ვინმე არსებობს, მან შეიძლება დაიჯეროს, არ ვიცი, მაგრამ ნორმალური ადამიანი, ვისაც რაღაც წაკითხულიდან, ან მოსმენილიდან აზრის გამოტანა შეუძლია, რა თქმა უნდა, ამ სისულელეს არ დაიჯერებს, მაგრამ „ქართული ოცნება" ახლა ხომ პროპაგანდაზეა გადასული? მისთვის მომგებიანია, რომ პროპაგანდისტულად ასეთი შეეფერილობა მისცეს ამ ქარტიას და ილაპარაკოს, რომ ომისკენ და დესტაბილიზაციისკენ სხვას მიჰყავს ქვეყანა, თუმცა რეალურად „ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა სამოქალაქო დეპირისპირებამდე მიიყვანოს",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×