ვახტანგ იობაშვილი: "მოწოდების კუთხით არანაირი პრობლემა არ არის, ბაზარი მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია"
ქეთო გოგოხია
27.05.2024

გლობალურ ბაზრებზე განვითარებული პროცესებისა და ასევე საქართველოში სავალუტო რყევის მიუხედავად, ნავთობპროდუქტების ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს. ბოლო პერიოდში საწვავის ღირებული ცოტათი კი გაიზარდა, მაგრამ ქვეყანას საწვავის მარაგის კუთხით პრობლემა არ აქვს და როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, დეფიციტი არ იქნება. ამის პირობას ბაზრის დივერსიფიცირება იძლევა, რასაც ამყარებს ის გარემოებაც, რომ რუსეთიდან დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა და შედარებით იაფ საწვავზე წვდომა კიდევ უფრო გამარტივდება.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა აღნიშნა, ნავთობპროდუქტების ბაზარი დღესდღეობით იმდენად  არის დივერსიფიცირებული და საიმედო, რომ მარაგის კუთხით პრობლემა ქვეყანას არაფერი ემუქრება. რაც შეეხება ფასს, ჯერჯერობით ტენდენცია ზრდისკენაა, რასაც ლარის გაუფასურებამაც შეუწყო ხელი, თუმცა როგორც კი სავალუტო ბაზარზე სიტუაცია ჩაწყნარდება და ლარი დასტაბილურდება, შედეგი საწვავის ფასზეც აისახება.

,,საქართველოში საწვავი ბაზარი არის ერთ-ერთი სტაბილური სეგმენტია, რასაც საფრთხე არ ემუქრება. არც მიწოდების კუთხით არის პრობლემა, ამ მხრივ ვითარება დამაიმედებელია. მით უმეტეს, 1-ლი ივნისიდან რუსეთიდან მოწოდება გააქტიურდება და გავლენას ეს ფაქტორიც მოახდენს. ცხადია,  ბიზნესი, სადაც იაფად იპოვის პროდუქტს, აქვს უფლება, იქიდეან მოახდინოს შესყიდვა. შესაბამისად, საიდანაც რენტაბელური, მომგებიანი იქნება შემოტანა, გადაწყვეტილებასაც ანალოგიურად მიიღებს. ევროპულ ფასებთან შედარებით, დიდი სხვაობა არ უნდა იყოს.

ერთი მომგებიანი ფაქტორი კი რუსულ მიმართულებას ნამდვილად აქვს, შესაძლებელია საწვავის შემოტანა მცირე პარტიებად. ეს ეხება არაბრენდირებულ კომპანიებს, რაც მათთვის დიდი შეღავათია. დღევანდელი მოცემულობის საფუძველზე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საწვავის დეფიციტი არ შეიქმნება არასდროს, ბევრი სანავთობო ქვეყანაა, საიდანაც ჩვენ შემოგვაქვს და ბაზარი ამ მიმართულებით მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია. თუკი მსოფლიოში რაიმე გლობალური კატაკლიზმები არ მოხდა, არაფერი გვემუქრება“, - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" ვახტანგ იობაშვილმა.

რაც შეეხება ფასს, მისი შეფასებით, ადგილობრივ ბაზარზე სტაბილურობაა და მნიშვნელოვან მერყეობას ადგილი აღარ აქვს. მსოფლიო სანავთობო ბაზარი გეზს კლებისკენ თუ აიღებს და ტენდენცია შენარჩუნდება, საქართველოშიც გადაიხედება ფასი, თუმცა ჯერ ეს მოცემულობა არ იკვეთება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ბაზრის დივერსიფიცირების პარალელურად, საწვავის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ერთ-ერთი აუცილებელი გადასადგმელი ნაბიჯია ეფექტური კონტროლის განხორციელება.

,,არსებობს მედლის ერთი მხარე, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია და მომავალშიც განისაზღვრება საწვავის ხარისხი, მაგრამ ერთია სტანდარტი და მეორეა, რა იყიდება საცალო ქსელში რეალურად. მნიშვნელოვანია შეიქმნას ეფექტური კონტროლის სისტემა ქვეყნის შიგნით, საწვავის ხარისხთან დაკავშირებით. უნდა დაიწყოს კონტროლი ქვეყნის საზღვრიდან და უნდა გაგრძელდეს მუდმივი სისტემური კონტროლი როგორც საცალო ქსელში, ისე ბაზებზე.

დღეს გარემოს დაცვის სამინისტრო ახორციელებს კონტროლს, მაგრამ აუცილებელია უფრო მკაცრი მონიტორინგი დაწესდეს და ყველა საკითხი გაწერილი იყოს დეტალურად, სადაც ხარისხის ნებისმიერი კომპონენტი იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

რაც შეეხება ბაზრის სტაბილურობის საკითხს, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი მდგრადი სეგმენტი ქვეყანაში სწორედ ნავთობპროდუქტების ბაზარია, სადაც დეფიციტი არასდროს შექმნილა და არც იქნება. ამასთან დაკავშირებით ,,ბიზნეს-რეზონანსთან“  ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ დღეს საწვავის ბაზარზე საგარეო შოკების გავლენა არ იგრძნობა.

,,ნავთობპროდუქტების ბაზრის სტაბილურობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, რაც უფრო დივერსიფიცირებულია  ბაზარი, მით ნაკლებია საგარეო შოკების ზეგავლენა, მათ შორის, ფასის ზრდის გავლენა. ჩვენთან ნავთობპროდუქტები, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოდის, ასევე აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. ყველაზე იაფი საწვავი კი რუსულია.

როგორც ვიცით, რუსეთს, ომიდან გამომდინარე, ნავთობპროდუქტებზე შეზღუდვა ჰქონდა დაწესებული. ახლა ამ მხრივ  მეტ-ნაკლებად დარეგულირდა სიტუაცია. რაც შეიძლება დანამდვილებით ითქვას, ევროპული ქვეყნებიდან არანაირი შეზღუდვა არ გვემუქრება.

ბოლო წლებია, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტები ძვირდება, რაც ადგილობრივ ბაზარზეც აისახება. მეორე პრობლემა იყო რუსეთიდან დაწესებული შეზღუდვა, რის გამოც იაფი საწვავი არ მოგვეწოდებოდა. ახლა ეს ორივე მიმართულება სტაბილურდება. რაც არ უნდა იყოს, დეფიციტი არ გვემუქრება, არც ოდესმე ყოფილა.

რაც შეეხება ფასს, როცა ნავთობპროდუქტები მსოფლიოში ძვირდება, აქაც იწევს ფასი. ლარის გაცვლითი კურსი დოლართან კიდევ ერთი ფაქტორია, რაც ფასზე მოქმედებს. მართალია, ლარის გაუფასურების პირობებში საწვავი მცირედით გაძვირდა, მაგრამ მთავარია, ლარი მაინც ინარჩუნებს სტაბილურობას. ბაზრები დივერსიფიცირებულია და ჩვენ ამ კუთხის არანაირი საფრთხე არ გვემუქრება", - დასძინა გიორგი ცუცქირიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×