"კურსი ასე გაუფასურებული ერთი კვირა მაინც თუ დარჩება, საკვების ფასზე აუცილებლად აისახება"
გვანცა წულაია
12.06.2024

ლარის კურსის საგრძნობლად გაუფასურებამ ინფლაციის ზრდის დიდი რისკი წარმოშვა, ამიტომ მოლოდინია, რომ მომდევნო თვეებში მისი მაჩვენებელი მიზნობრივზე (3%) მაღალი იქნება. კურსის გაუფასურების გამო, საქართველოში პროდუქციის გაძვირებისთვის საფუძველი და საფრთხე აშკარად არსებობს. პირველადი მოხმარების საკვებზე, როგორიცაა შაქარი, ფქვილი, ზეთი და სხვა, ფასმა უკვე მოიმატა, თუმცა მცირედით, მაგრამ შემდგომ თვეებში ეს უფრო შესამჩნევი იქნება. 

ლარის ახალი წონასწორობის ნიშნული ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული და შესაძლებელია, კურსი 2.90-იან ზღვარს მიუახლოვდეს. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი მოცემულობით, ასეთი შედეგი საკმაოდ რეალურია. ნეგატიური მოცემულობის და უფრო რთული მოლოდინის მიუხედავად, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძე მაინც იმედიანადაა. მისი თქმით, საშუალო ინფლაცია იქნება უფრო დაბალი, ვიდრე მიზნობრივი მაჩვენებელია. 

„საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას აქვს საკმარისზე მეტი რეზერვი იმისთვის, რომ ასეთი ერთჯერადი ოპერაციები სრულყოფილად დააფინანსოს. კონკრეტული კომპანიებისგან არის დიდი მოთხოვნები, რომელიც დასაკმაყოფილებელია. ამიტომ ეროვნული ბანკისგან არის სწორი ინტერვენცია. 

რაც შეეხება ფასების ზრდას, ჩვენ უკვე ახალი პროგნოზი წარმოვადგინეთ. საშუალო ინფლაცია იქნება უფრო დაბალი, ვიდრე ეს არის მიზნობრივი მაჩვენებელი. მოლოდინი გვაქვს, რომ 2,5%-ის ფარგლებში იქნება. ვფიქრობ, არა თავად კანონს, არამედ იმ სიტუაციას, რაც შეიქმნა ქვეყანაში მოლოდინიდან გამომდინარე, ჰქონდა გარკვეული გავლენა. თუმცა, ეს გავლენა მოკლევადიანია და ვერ ექნება ფუნდამენტური ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკაზე", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ინფლაციის მაჩვენებელი წინა პერიოდში საკმაოდ დაბალი ანდა ნულთან მიახლოებული იყო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შემდგომი თვეები ინფლაცია არ გაიზრდება და მიზნობრივზე მაღალი არ იქნება. სავარაუდოა, რომ დარჩენილ თვეებში ფასების საერთო ინდექსი 3%-ს თავისუფლად გადააჭარბებს, მაგრამ მას წინ თვეეების დაბალი მაჩვენებელი დააბალანსებს და საშუალო წლიური მაჩვენებელი მიზნობრივზე დაბალი გამოვა.

სწორედ ასეთი მოლოდინი აქვთ სპეციალისტებს. მათი მოსაზრებით, ინფლაცია გაიზრდება და საქართველოს პროდუქციის გაძვირების ახალი ტალღა იქნება. როგორც ეკონომისტმა მერაბ ჯანიაშვილმა განაცხადა, თუ მიმდინარე პროცესი ვერ შეჩერდა, საკვებზე ღირებულება აუცილებლად მოიმატებს.  

„ახალი ამბავი არ არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკა დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქტები, თითქმის ყველაფერი იმპორტირებულია. საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქციითაც კი ვერ უზრუნველყოფს საკუთარ თავს. შესაბამისად, ლარის გაუფასურება ყველა შემთხვევაში აძვირებს იმპორტს. ეს კი იწვევს ფასების ზრდას, მათ შორის საკვებსა და ნავთობპროდუქტებზე. საწვავის გაძვირება კი შემდგომში დაამტებით აძვირებს პროდუქციას. 

ცუდმა მოლოდინმა საკმაოდ სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია ჩვენს სავალუტო ბაზარზე. ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე დოლარი მესამედ გამოიტანა, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გაუფასურდა კურსი. საერთო ჯამში, ამ პროცესების პარალელურად დაახლოებით 20 პუნქტით გაუფასურებული ლარი მივიღეთ, რაც მალე პირდაპირ ფასებზე აისახება. 

ჩვენ რომ ვიყოთ, ძლიერი და ადგილობრივი წარმოების ქვეყანა, მაშინ, კურსის გაუფასურება, პირიქით, სასარგებლოც იქნებოდა, რადგან ექსპორტს შეეწყობოდა ხელი, მაგრამ საქართველო იმპორტზეა ჩამოკიდებული. იმპორტის ექსპორტთან შეფარდება კი არის უარყოფითი და შესაბამისად, ამით  ზარალდება ქვეყანა. ასე რომ, თუ ახლა მიმდინარე პროცესი ვერ შეჩერდა, მაშინ სამომხმარელო ბაზარზე გაძვირება აუცილებლად იქნება“, - განუცხადა „რეზონანსს“ჯანიაშვილმა. 

„უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონის მიღების მცდელობის პროცესში ლარის კურსი საკმაოდ გაუფასურდა და 2.67-იანი ნიშნულიდან 2.87-მდე დაეცა. გამოდის, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 20 პუნქტით გაუფასურდა, რასაც ეროვნული ბანკის ინტერვენციებმაც ვერ შეუშალა ხელი.

16 მაისიდან მოყოლებული, სებ-მა სამი სავალუტო ინტერვენცი განახორციელა. საერთო ჯამშინ,  3-კვირიან პერიოდში, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის 168.7 მლნ დოლარი გაყიდა, შედეგი კი არასახარბიელოა.

ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ თუკი ერთი კვირის მანძილზე ლარამ პოზიციების აღდგენა არ დაიწყო, მაშინ ფასებზე ასახვა გარდაუვალი იქნება. 

„ჯერჯერობით ნარჩუნდება ფასები, მაგრამ კურსი ასე გაუფასურებული ერთი კვირა მაინც თუ დარჩება, საკვების ღირებულებაზე ის აუცილებლად აისახება. მგონია, რომ ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა განახორციელოს ინტერვენციები. სებ-მა ბაზარს სამჯერ მიაწოდა დოლარი, მაგრამ ვნახეთ, რომ შედეგი არ არის. ამიტომ ღონისძიებები დროულად უნდა გატარდეს. საერთოდ, ეს ყველაფერი მაინც დროებითია, რადგან პოლიტიკურმა ამბებმა იქონია მასზე გავლენა.  

ერთი რამ უნდა ითქვას, ქვეყნის საგარეო კურსი ყოველთვის დამოკიდებულია სახელმწიფოს ეკონომიკურ ძლიერებაზე. როდესაც ქვეყანას რომელიმე კავშირის წევრობა სურს, იმ სახელმწიფოებს, რომელიც უკვე ამ ერთობის შემადგენელი ნაწილი არიან, ღირსეული პატრნიორი უნდათ და როცა ეკონომიკურად ქვეყანა სუსტია, შესაძლოა, საერთოდ პარტნიორადაც არ მიგიღონ, თუ მიგიღეს, არ იქნები ანგარიშგასაწევი. ამიტომ, ნებისმიერი პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გააკეთოს ისეთი რამ, რაც ქვეყანას ეკონომიურად დააზარალებს. ჩვენ კი სულ ამას ვხედავთ. თითქოსდა სპეციალურად, ისეთ ნაბიჯებს დგამენ ერთმანეთის ოპონენტები, რაც მთელ საქართველოს აზარალებს“, - განუცხადა „რეზონანსს“ სოსო სიმონიშვილმა. 

მიმდინარე წლის ინფლაციას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2024 წლის იანვარში მისი მაჩვენებელი ნულოვანი იყო, თებერვალში - 0.3%, მარტში - 0.5%, აპრილში - 1.55%, ხოლო მაისში - 2%. გამოდის, რომ წელს ინფლაცია ისედაც მზარდია, რაც, დიდი ალბათობით, მონეტარული პოლიტიკის შერბილების, შემდგომ თვეებში კი გაზრდილი ინფლაცია, ლარის კურსთან იქნება კავშირში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×