რეზონანსი
16.05.2024

ჯერ არც სანქციებია დაწესებული, არც კონკრეტული გადაწყვეტილებებია დასავლეთის მხრიდან მიღებული და უკვე სერიოზული დარტყმაა საქართველოს ეკონომიკაზე , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ხმამაღლა და მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია.

მისივე მოსაზრებით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის ერთიანობაში - ერთიანობა საზოგადოების, პოლიტიკური სექტორის.

„მხოლოდ ერთ დღეში 60 მილიონი დოლარის დახარჯვა მოუწია ეროვნულ ბანკს იმისათვის, რომ კურსი შეენარჩუნებინა. ინვესტორები უარს ამბობენ ქვეყანაში ინვესტიციებზე, მიმდინარე პროექტებს დიდი საფრთხე ემუქრება, ტურისტული სექტორი მძიმე დარტყმის ქვეშ არის და როგორც ტურისტული სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველოში უქმდება ჯავშნები , სწორედ ეს მოიტანა პირველივე დღეებში „რუსული კანონის" მიღებამ. „რუსული კანონით" „ქართული ოცნება" უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე, ფაქტობრივად, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ცალმხრივად წყვეტს ურთიერთობას და სწორედ იქიდან შემოდინებულ ფინანსური დახმარებები იყო საქართველოს ეკონომიკის მაკროეკონომიკის გარანტი.

ჩვენ ვართ საფრთხის წინაშე, რომ კიდევ უფრო მეტი უმუშევრობა, კიდევ მეტი სიღარიბე, კიდევ უფრო მეტი გაძვირებული ფასები, კიდევ უფრო მეტი პრობლემები იქნება ქვეყანაში, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაარტყამს.

ეს არის ის უმძიმესი რეალობა, რომელმაც დღეიდან დაიწყო შექმნა. მე მოვუწოდებ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომ უფრო ხმამაღლა და მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია. ახლა არის გადამწყვეტი პოზიცია, როდესაც ჩვენ უნდა გადავარჩინოთ საქართველო, ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი ეკონომიკა, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა. გამოსავალი არის ერთიანობაში. ერთიანობა საზოგადოების, პოლიტიკური სექტორის, ერთიანობა ყველაფერში იმისთვის, რომ ეს ურთულესი პერიოდი ერთიანი ძალისხმევით გადავლახოთ.

უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ არც სანქციებია დაწესებული, არც კონკრეტული გადაწყვეტილებებია დასავლეთის მხრიდან მიღებული და უკვე სერიოზული დარტყმაა საქართველოს ეკონომიკაზე. თუ „ქართული ოცნება" ბოლომდე გაიტანს თავისას მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგარეო კურსი კვლავ შემოვატრიალოთ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და აღვადგინოთ პარტნიორობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს უმძიმესი ეკონომიკური კოლაფსი და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა ემუქრება, რომელიც ყველას გააღარიბებს, გამოიწვევს მეტ მიგრაციას , მეტ უმუშევრობას, მეტ სიღარიბეს.

ვწუხვარ, რომ საკუთარი თანამდებობის და ძალაუფლების შენარჩუნების მეტი არაფერი აღელვებს „ქართულ ოცნებას" და ხელისუფლებაში მოკალათებულ დაჯგუფებას",- განაცხადა ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×