თამთა ჩაჩანიძე
17.06.2024

ოპოზიცია ერთიან სიაზე ვერ თანხმდება და ფლანგზე ალტერნატიულ იდეებზე მსჯელობა მიდის თუ როგორ შეიძლება არჩევნებზე გავიდნენ ისე, რომ არც ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს და პარტიებს, რომელსაც 5%-იანი ბარიერის დაძლევის პერსპექტივა არ აქვს, ბორტს მიღმა არ დარჩეს. ნაწილი ანალიტიკოსებისა ფიქრობს, რომ დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობიდან გამოსავალი 3-4 პოლიტიკურ ცენტრად გადაჯგუფებაა. ნაწილი კი ფიქრობს, რომ შესაძლოა მოულოდნელი ალიანსებიც კი ვიხილოთ.

„საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ „ლელოსთან" ალიანსი არ გამორიცხა და ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს უდაოდ ერთ-ერთი ცენტრი შეიძლება იყოს იმ 3-4 პლატფორმიდან. ამასთან, „ევროპული საქართველოც" იწყებს კომუნიკაციას ისეთ პარტიებთან, ვისაც მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლების ალტერნატივა არაა ენმ. ენმ კი ჯერჯერობით ძველი სახითაა წარმოდგენილი „სტრატეგია აღმაშენებელთან". ჯერ უცნობია „ახალის" გეგმები ამ მხრივ. ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ წინასაარჩევნოდ აქტიურდებიან პატარა პოლიტიკური ჯგუფებიც.

თუმცაღა, მაგალითად „გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ამბოს, რომ პარტია ვერავის „იხდენს" პოლიტიკურ სპექტრში და არჩევნებზე მარტო გასვლა ურჩევნია.

„ჩვენ ვერავის ვიხდენთ ამ პოლიტიკურ სპექტრში და შესაბამისად, ვფიქრობ, ცალკე 36 ნომრით გავალთ არჩევნებზე," - აღნიშნა ხვიჩიამ.

რა პროცესები იწყება ოპოზიციაში

17 ივნისს, ელენე ხოშტარიას პარტია „დროას" ალექსი(ბუკა) პეტრიაშვილი შეუერთდა, აღნიშნული გადაწყვეტილება, მან საზოგადოებას ხოშტარიასა და ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძესთან ერთად ბრიფინგზე გააცნო. მისი შეფასებით, დღეს გადამწყვეტი ბრძოლაა და ფიქრობს, რომ პოლიტიკურ ველზე ახალი ცენტრი შეიქმნება, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს „დიდ გამარჯვებაში".

„დღეს არის გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა და ამ ბრძოლაში ყველა გაერთიანებული უნდა ვიყოთ, რათა საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე დავაბრუნოთ. ამიტომ, საქართველოში უნდა შეიცვალოს ხელისუფლება 26 ოქტომბერს, არჩევნების გზით, რომ საქართველომ შეძლოს რეფორმების განხორციელება, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოამზადებს ვადამდელი არჩევნებისთვის.

„დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა პოლიტიკურ სივრცეში. ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ამ ბრძოლაში და ჩემთვის პატივია, გადაწყვეტილება, რომ ვუერთდები პოლიტიკური პარტია „დროას" გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებს და ადამიანებს. „დროასთან" და „გირჩი-მეტი თავისუფლებასთან" ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კიდევ ბევრ ადამიანთან ერთად შევძლებთ ძლიერი ცენტრის შექმნას, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს ამ დიდ გამარჯვებაში", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ამასთან, „ევროპული საქართველო" საარჩევნო დემოკრატიული ცენტრის შექმნის ამოცანით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. როგორც პარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია მოქალაქეთა უმრავლესობა ხედავდეს, რომ „ივანიშვილის რეჟიმის ალტერნატივა არ არის დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობა".

„ბოლო სამი თვის განმავლობაში მიმდინარე სახალხო პროტესტმა და საზოგადოების რეაქციამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობას რეჟიმისთვის პოლიტიკური განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს განწყობა 2024 წლის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობის მიერ ოპოზიციური პარტიების ძლიერ მხარდაჭერაში გადაიზარდოს, იმისათვის, რომ მზად ვიყოთ ჩვენი თავისუფალი არჩევანის დასაცავად და მოღალატეებისთვის ძალაუფლების ჩამოსართმევად.

„ამასთან, რეჟიმის დამარცხების შემდეგ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ივანიშვილის მიერ ქართული სახელმწიფოსთვის მიყენებული უდიდესი ზიანის გამოსწორება და ქვეყნის უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის კრიტიკულად აუცილებელი, სამართლიანი და დემოკრატიული სისტემის დასაფუძნებლად სწრაფი ნაბიჯების გადადგმა.

„როგორც რეჟიმის ცვლილების, ისე შემდგომი სისტემური გარდაქმნის ამოცანებისთვის, საკვანძოა, მოქალაქეთა უმრავლესობა ხედავდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმის ალტერნატივა არ არის დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობა" , სადაც არ არსებობს დემოკრატიული ტრადიცია; სადაც არ არსებობს ანგარიშვალდებულება ამომრჩეველთან და გუნდთან; სადაც ბელადი სააკაშვილის და ჩრდილოვანი მმართველი კეზერაშვილის ახირებებით წყდება ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, პარტიის ლიდერების ჩანაცვლების და გადანაცვლების ჩათვლით", - აღნიშნულია განცხადებაში.

„ევროპული საქართველოს" აზრით, იმისთვის, რომ ამომრჩევლის რაციონალურ წუხილს უპასუხონ და მათი ენერგია ცვლილებების ენერგიად იქცეს, მოქალაქეების დარწმუნება სჭირდებათ, რომ „ხელისუფლების ალტერნატივას არა ანტიდემოკრატიული ძალა, არამედ დემოკრატიული გაერთიანება წარმოადგენს, რომლის წევრებიც ოლიგარქიულ, ანტიდემოკრატიულ თამაშის წესებს მკაფიოდ უარყოფენ".

„ამ გარემოებებში, სწორ ნაბიჯად მიგვაჩნია ისეთი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის შექმნა, რომელიც ერთი მხრივ რუსულ რეჟიმს დაამარცხებს, ხოლო მეორე მხრივ - სწრაფად იმოქმედებს იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომელთა ნაწილიც პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ "ქართულ ქარტიაშია" წარმოდგენილი.

ამიტომ, „ევროპული საქართველო" იწყებს კონსულტაციების პროცესს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირების ამოცანით, რომელიც დაამარცხებს რუსულ რეჟიმს და მას დემოკრატიული, ევროპული ალტერნატივით ჩაანაცვლებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ პარტია „საქართველოსთის" ყველაზე ახლო პოლიტიკური ძალა „ლელოა" და პარტია ღიაა ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა პოლიტიკური ძალიდან, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე არსებობს, ჩვენთვის ყველაზე ახლო „ლელოა". მათ მაგივრად გადაწყვეტილებას მე ხომ ვერ მივიღებ. გაერთიანებამდე სანამ მიხვალ, ელემენტარული თანამშრომლობა ხომ უნდა იყოს. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვესმის, რომ ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები.

„არჩევნებს თავი რომ დავანებოთ, ქვეყნის ევროპული მომავალი არის დასაცავი. დიდ გლობალურ გაერთიანებაზე რომ საუბრობენ, ერთიან სიებზე და ა.შ, ეს ჩემს ღიმილს იწვევს ხოლმე. გუშინ დაშლილი პარტიები ვერ ნახულობენ ერთმანეთთან საერთო ენას, მერე იქიდან რაღაც კითხვებს ან პრეტენზიებს მე რომ მისვამენ, ამაზე ღიმილის მეტს ვერაფერს ვპასუხობ", - განაცხადა გახარიამ „პალიტრანიუსთან".

რა შესაძლო ალიანსები შეიძლება ვიხილოთ ოპოზიციურ ველზე

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღევანდელი ოპოზიციური ელიტა უნდა გადაჯგუფდეს წარსული „პოლიტიკური ცოდვების" გათვალისწინებით.

„დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი და მისი ელიტა კარგა ხანია, მინიუმ ოცი წელია ქართულ პოლიტიკაშია და ცოდვილი წარსულის სიმძიმე ყველას აქვს, ამიტომ თუ გადაჯგუფება ხდება, უნდა მოხდეს სწორედ ამ ცოდვების გათვალისწინებით, ეფექტი მხოლოდ მაშინ ექნება. ელექტორატი სამი დიდი ნაწილისგან შედგება - „ქართული ოცნება", ენმ და მესამე, რომელიც ამ ორიდან არცერთი არ უნდა.

„როცა „ცოდვებზე" ვლაპარაკობ, ძირითადად მესამე ჯგუფის ელექტორატი მყავს მხედველობაში. დღეს ოპოზიციის ამოცანაა, რომ ეს ელექტორატი სრულიად აითვისოს, ეს ძირითადად ოპოზიციური ხმებია და დაჯგუფება ამის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, ყოველგვარი მინარევების გარეშე. „ქართულ ოცნებას" თავისი ამომრჩეველი ჰყავს და იქიდან ამომრჩეველი რომ წამოიყვანო, ამას სხვა ფენომენი და სხვანაირი ლიდერი სჭირდება, რომელიც ყველასთვის მისაღებია და რომელიც მთელ ოპიზიციურ სპექტრს გააერთიანებს, ასეთი ლიდერი დღეს ოპოზიციაში არაა.

„სალომე ზურაბიშვილი შეიძლება მხოლოდ საგარეო ორიენტეციის ლიდერად შეიძლება განვიხილოთ, რომ ის და მისი ქარტია პროდასავლური მიმართულების გამომხატველია, მაგრამ ზურაბიშვილი იმ ფუნქციას ვერ აიღებს თავის თავზე, რომელიც თავის დროზე გამსახურდიამ, სააკაშვილმა და მერე ივანიშვილმა შეასრულა. ამის პოლიტიკური რესურსი მას არ აქვს.

„ისეთი ლიდერი, რომელიც მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს გააერთიანებს, დღეს არ ჩანს. შესაბამისად, გადაჯგუფება ძველი ცოდვების და არსებული ელექტორალური გაყოფის საფუძველზე უნდა მოხდეს. ერთი ჯგუფი იქნება ენმ, „სტრატეგია აღმაშენებელი" და კიდევ ვინმეს თუ სურს, ხაბეიშვილის გადადგომის შემდეგ, შეიძლება გაჩნდეს მიუმხრობელი ჯგუფი გოცირიძე-დეკანოიძის შემდაგენლობით, ანუ ენმ-დან წამოსული პოლიტიკური ჯგუფები.

„კარგი იქნება თუ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა" მთლიანად აღდგება თავის ფარგლებში, მაგრამ როგორც ჩანს ასე არ მოხერხდება, რადგან აქ მხოლოდ ხაბეიშვილი კი არა სააკაშვილიცაა და ეს ვერ მოხდება, ამიტომ მეორე ჯგუფი ალბათ „ახლები" იქნებიან. ანუ ორ ჯგუფად გაყოფილი „ნაცმოძრაობა" - ერთი სააკაშვილის, მეორე გვარამია-მელიას ლიდერობით და ამ ორ ჯგუფზე უნდა გადანაწილდეს ხოშტარიას „დროა", „გირჩი-მეტი თავისუფლება", „ევროპული საქართველო" და კიდევ თუ რომელიმე ცალკეულ პირებს სურთ. ეს იქნება „ნაცმოძრაობის" ყოფილი ამომრჩევლის სრული დაბრუნება.

„რაც შეეხება „არანაციონალურ" ფრონტს, აქ არის მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი ჯგუფი, ესაა გახარია და „ლელო", როცა მინარევებზე ვსაუბრობ, ეს ჯგუფი უნდა ეცადოს, რომ ამ მინარევების გარეშე რაღაც გაერთიანება შექმნას, აქ არიან მიუმხრობლები საპარლამენტო ოპოზიციიდან. ყველაზე კარგი იქნება გახარიას და „ლელოს" ერთიანი ბლოკის შექმნა, პლიუს ანა დოლიძე, ალეკო ელისაშილი და სხვა ოპოზიციური ჯგუფი პარლამენტიდან, ეს იქნება იდეალური, მაგრამ გახარიას პატარა ბავშვივით ამოჩემებული აქვს, რომ ის მარტო გავა და შესაბამისად, „ლელო" რა ნაბიჯს გადადგამს, ამაზეა დამოკიდებული - თუ შეძლებს, რომ „ნაციონალური" წარსულისგან დამძიმებული ხალხისგან შექმნას ბლოკი, მაშინ მასსა და გახარიას შორის კონკურენცია იქნება, დიდი ალბათობით, „ლელო" გახარიას ჩაძირავს და ბორტს მიღმა დატოვებს. ეს მთლად კარგი არაა, რადგან ასეთ შემთხვევაში გახარია 2-3%-ს მაინც აიღებს და ეს დაკარგული ხმებია. თუ პირიქით მოხდება და გახარია შეძლებს ამ ჯგუფებთან მოლაპარაკებას და თავისკენ წამოყვანას, მაშინ ის პირიქით „ლელოს" ჩაძირავს და ხაზარაძის პარტიას არჩევანი არ ექნება",- განაცხადა ანალიტიკოსმა.

მისი აზრით, ერთიანი სია „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს.

„ერთიაი სია „ქართულ ოცნებას" აწყობს - ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ამომრჩეველი დაიკარგება, ისინი არჩევნებზე ან საერთოდ არ წავლენ, ან თუ წავლენ, ამ ერთიან სიას ხმას არ მისცემს და მოძებნის სხვას, მაგალითად ხვიჩია სთავაზობს „გირჩს". როგორც ალტერნატივას თუ ერთიანი სია გაკეთდება.

„სხვათა შორის, ხვიჩიას ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, ესეც ისე არაა, როგორც მას უნდა და ზოგადად მგონია, რომ ამ კრიტიკულ და კრიზისულ სიტუაციაში, პოლიტიკური ძალა, რომელსაც გარანტირებული არ აქვს ბარიერის გადალახვა, საუბარი აქვს ქვეყნის მომავალზე და არა პირად ამბიციებზე, არჩევნებში მონაწილეობაზე საერთოდ უარი უნდა თქვას, დღეს ეს მგონია პატრიოტიზმი და ვნახოთ რა იქნება",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციაში ისეთი სიტუაციაა, რომ „ყველაფერი მოსულა" და არაა გამორიცხული, რომ მოულოდნელი გადაჯგუფებებიც ვიხილოთ.

„გამოსავლის მიზნით, ეგენი ყველა - ყველასთან შეიძლება იყოს. ვინმეს წარმოედგინა, რომ „ლელო" და გახარია შეიძლებოდა ერთად ყოფილიყვნენ?! მახსოვს გახარიას თვალთხარიას ეძახდნენ და აქეთ გახარიამ შესთავაზა ალიანსი. აქ უთავმოყვარეობაა, სადაც ყველაფერი მოსულია ამ ე.წ. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის, ამდენად ეშმაკიც კი ვერ იწინასწარმეტყველებს ვინ ვისთან იქნება.

„მანამდე ვინმეს წარმოედგინა, რომ გახარია „ნაცებთან" ითანამშრომლებდა, როცა ოთხ საკრებულოში კოალიცია ჰქონდათ შეკრული?! ერთი ცნობილი გამოთქმაა - „ვისი ვიოლინო, ვის როლაიშია" თავადაც არ იციან. მაგათში დიდი აჯაფსანდალია შექმნილი.

„ერთიან სიაზე იმიტომ არ თანხმდებიან, რომ მათ ამბიციები აქვთ, ამათ ადგილები აიტერესებთ ვინ პირველ ადგილზე იქნება და ვინ მეორეზე, თორემ რომელ იდეზეა საუბარი, როცა ვიღაც ორჯერგანათხოვარი მამაკაცად წოდებული ჩამოდის საქართველოში, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, ქართულ სახელმწიფოს ლანძღავს და არცერთი მათგანი ხმას არ იღებს, იქვე დგანან ისინი.

„რომელ იდეაზეა ლაპარაკი, როცა მსოფლიო ისტორიაში გაუგონარი ფაქტი ხდება - დამოუკიდბელი ქვეყნის ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს ასანქცირებს უცხო ქვეყანა იმისათვის, რომ ქვეყანაში კანონი მიიღო და ესენი ამას მიეასლმებიან, ამის შემდეგ ამათთან რაიმეზე ლაპარაკი შეიძლება?!"- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×