"თუ კერძო სექტორი უკვე მრავალი წელია ამ მეთოდით მუშაობს, მაშინ არასამთავრობოებმაც ჩააბარონ ანგარიში"
გვანცა წულაია
14.05.2024

„უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კერძო სექტორის დიდი ნაწილი უშუალოდ კანონში პრობლემას ვერ ხედავს და არ აქვს იმის განცდა, რომ ამის შემდეგ მათ საქმიანობას რაიმე ტიპის საფრთხე შეექმენა, თუმცა მათივე მოსაზრებით ხელისუფლებამ დაძაბული პოლიტიკური ვითარება უნდა განმუხტოს და ქვეყანაში სიმშვიდე დააბრუნოს.

კერძო სექტორის საქმიანობა გამჭირვალეა, უკვე წლებია ბიზნესს შემოსავლის და ხარჯის ფინანსთა სამინიტროში წარდგენის ვალდებულება გააჩნია, ამიტომ ბიზნესმენები უშუალოდ გამჭირველობაში პრობლემას ვერ ხედავენ. სწორედ ამ ლოგიკას მიჰყვება კერძო სეტორის დიდი ნაწილი, რომ თუკი მათი საქმიანობა გამჭირვალეა, რატომ არ უნდა დაევალოს სხვას იგივე?

გამჭირვალობის მომხერეა მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე და როგორც თავად განაცხადა, მეწარმეები იმას ითხოვენ, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ამისთვის ყველანაირი გზა გამოიძებნოს.

„ზოგადად, ნებისმიერი აქცია და დაძაბული სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი ეკონომიკური გარემოსთვის, რადგან ხალხი გრძელვადიან პერსპექტივაში რაიმე აქტივობის დაგეგმვასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს სვამს, მათ შორის უცხოელი ინვესტორი იქნება, თუ ქართველი ბიზნესმენი. არასტაბილურობის შეგრძნების განცდა, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული, აზიანებს გარემოს.

რაც შეეხება უშუალოდ „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონს, ამ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესში განსხვავებული პოზიცია ნამდვილად არსებობს, თუმცა კერძო სექტორის დიდი ნაწილი და ჩემი პირადი პოზიციაც ასეთია - თუ ყველა ბიზნესი ვალდებულია 2019 წლიდან ფინანსთა სამინიტროს ჩააბაროს ყველა უწყისი, როგორც შემოსავალთან, ისე ხარჯებთან დაკავშირებით, მაშინ ყველა სხვა სუბიექტმაც, მათ შორის არასამთავრობო სექტორმაც იგივე გააკეთოს. ეს მხოლოდ გამჭირვალობას ეხება და დღევანდელი ვერსიით ამაზეა საუბარი. შემდეგ თუ რამე დაემატა ან შეიცვალა, ამაზე ახლა არ ვსაუბრობ.

დღევანდელი ვერსიით, მხოლოდ და მხოლოდ დეკლარირებასა და გამჭვირველობაზეა საუბარი და ბიზნესის დიდი ნაწილი ამას ემხრობა იმ ლოგიკით, რომ თუ კერძო სექტორი უკვე მრავალი წელია ამ მეთოდით მუშაობს, მაშინ არასამთავრობოებმაც ჩააბარონ ანგარიში.

მე პირადად პრემიერმა შეხვედრაზე არ ვყოფილვარ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენებთან შედგა, მაგრამ, როგორც ინფორმაცია მაქვს, მეწარმეთა აზრი იყო ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ. კერძო სექტორიიმას ითხოვს, რომ იყოს მშვიდობა და ამისთვის ყველანაირი ფორმა მოიძებნოს, თუნდაც სხვა კანონი მიიღონ ან სახელი შეცვალონ. ბიზნესი გამოსავალს ყოველთვის იმ კუთხით ეძებს, რომ არ იყოს დაპირისპირება და არეულობა.

უშუალოდ გამჭირვალობის ლოგიკას ბიზნესი ემხრობა, რადგან, როგორც გითხარით, 2019 წლიდან კერძო სექტორი გამჭირვალეა და აბარებს ანგარიშებს შემოსავლებისა და ხარჯების თაობაზე. შესაბამისად, თუკი  სხვებიც ასე იქცევიან, მაშინ, მოდით, ყველამ ჩააბაროს. ეს მიდგომა არსებობს, მაგრამ მხოლოდ მშვიდობის ფონზე. არეულობას არავინ ემხრობა.

რა შეეხება რაიმე სახის დათმობას, ფორმა სიტუაციას შეიძლება ყოველთვის მოერგოს, მაგრამ, ზოგ შემთხვევაში, აქ საუბარი მიდის, რომ რაღაც გამჭირვალე არ იყოს, სადაც შეთანხმება ვერ მოხდება. თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ საქმიანობა იყოს გამჭირვალე, მაგრამ ეს მოხდეს სხვა ფორმით, კი ბატონო, მაშინ, ხელისუფლებამ რაღაც უნდა დათმოს. 

მესამე მოსმენით მიღებულია კანონპროექტი და მგონია, რომ სიტუაცია უფრო დაიძაბება, მაგრამ შემდეგ ჩაცხრება ვითარება. ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრას აქვს დიდი მნიშვნელობა”, - განუცხადა „რეზონანსს” მიხეილ ჭელიძემ.

მშვიდობის დამყარებასა და არეულობის დასრულებაზე მიუთითებენ ბიზნესწარმომადგენლები. კერძო სექტორის ერთი ნაწილის პოზიციით, უშალოდ კანონის ბიზნესსაქმიანობას ხელს არ შეუშლის, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობა ყველა მიმართულებით საფრთხილოა.

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლის საფრთხეს ვერ ხედავს და მისი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრიც, ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს, ცდილობდა ისინი სწორედ ამაში დაერწმუნებინა.

„გონიერი ადამიანები ხომ ვართ - რას ნიშნავს ეს კანონი?! ჩვენი 35-წლიანი წვალება უნდა გადავაყოლოთ ამ კანონს და ჩვენ ახლა წავალთ რუსეთში? მე, ლაშა პაპაშვილი წავალ რუსეთში? რამდენიმე ხნის წინ დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდი, სადაც რომან გოცირიძე, რომელიც 90-იანებში საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილე იყო, 1992-93 წლების კრიზისს იხსენებს - როგორ შემცირდა მაშინ ეკონომიკა, არც გათბობა გვქონდა, არც წყალი, არც პური... ფილმში რომან გოცირიძე ჰყვება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში საქართველოს გაწევრინებისთვის 1 მლნ დოლარი იყო საჭირო, რომელიც არ გვქონდა და ჰოლანდიის მთავრობამ გვაჩუქა... მადლობა ყველას დახმარებისთვის.

მთავრობას ვურჩევდი ხალხისთვის ყურის კარგად გდებას, უნდა უსმინონ ხალხს. პულსზე ხელი ეჭიროთ... თითქმის ყველამ ვუთხარით (პრემიერს), რომ ზედმეტი ძალა არ გამოიყენონ. იქ (აქციებზე) ჩვენი შვილები, დები და ძმები დგანან... ამის კონტროლი ვთხოვეთ. ასევე ვთხოვეთ, რომ (საგარეო კურსი) არ უნდა შეიცვალოს არც ერთი ნაბიჯით, თორემ ყველა იქ მსხდომი მყისიერად დატოვებს ოთახს... ეს გზა გავლილი გვაქვს. ქართველი ერი რუსეთისკენ არ მიტრიალდება“, - განაცხადა გადაცემა „წერტილში“ ლაშა პაპაშვილმა და დასძინა, რომ პასუხისმგებლობა ყოველთვის მთავრობაზე მოდის.

პრემიერის და ბიზნესმენების შეხვედრა წინა კვირის ბოლოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა. შეხვედრაზე მიიწვიეს როგორც გამჭვირვალობის მხარდამჭერი ბიზნესმენები, ასევე ისინიც, ვინც მმართველ პარტიას ამ საკითხის გამო მწვავედ აკრიტიკებს.

აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ დაადასტურა, რომ ბიზნესზე რაიმე სახის ზეწოლა ამ ხელისუფლების პირობებში გამორიცხულია.

„გამორიცხულია ბიზნესზე ზეწოლა. პროტესტის გამო დათმობაზე წასვლა არ ვიცი, მაგრამ ის, რომ კონსტიტუციაში წერია, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ მიდის, ამაზე გარდაუვლადაა საუბარი. ირაკლი კობახიძემ დეკლარირებულად, ჩვენს წინაშე გამოაცხადა, რომ ჩვენი გზა ევროპაშია.

ძირითადი სასაუბრო თემა იყო ის, რომ ბიზნესი უნდა იყოს სტაბილურად; ჩვენ სერიოზული მოთხოვნები არ გვქონია, რადგან მე თვითონ არ მიყვარს მოთხოვნების დაყენება, ყველა ბიზნესმა თავს თვითონ უნდა მოუაროს და გაძლიერდეს, მაგრამ თემა იყო, რომ არჩევნები იქნება გამჭვირვალე და სწორი. განწყობა ისეთი იყო, რომ ბიზნესი უნდა მუშაობდეს წყნარად..

პრემიერ-მინისტრი აპირებს ევროპარლამენტარებთან და ოპონენტებთან საუბარს, რომ კანონის ისეთი საბოლოო შედეგი მიიღოს, რომ ყველასთვის მისაღები იყოს”, - განუცხადა თემურ ჭყონიამ "ბიზნეს მედია ჯორჯიას”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×