ყველანაირი საფრთხე განეიტრალებულია, მაგრამ ლარმა ისევ გადააბიჯა 2.80-იან ნიშნულს და არ არის გამორიცხული, ამ "სიმაღლეზე" დარჩეს
ქეთო გოგოხია
06.06.2024

ლარი სპეკულაციური, პოლიტიკური  და ფსიქოლოგიური  ფაქტორების გავლენის ქვეშ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ვალუტას რეალური წნეხი მოეხსნა და მდგომარეობაც მეტ-ნაკლებად სტაბილურდება, კურსი გაუფასურებას აგრძელებს. გუშინ ,,ბლუმბერგის" პლატფორმაზე კურსი უკვე 2,80-იან ნიშნულს გადასცდა. 6 ივნისს, დღის განმავლობაში ლარი უფრო მაღალი კურსითაც ივაჭრებოდა, რაც სპეკულაციის ნიშნებს აჩენს.პოლიტიკური დაძაბულობის გადავლის შემდეგ, როცა სანქციების თემაც, ფაქტობრივად, მოხსნილია, ლარი სტაბილურობას ვერ დაუბრუნდა, რის მოლოდონიც იყო. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვეღარც გამყარდება.

როგორც ფინანსისტები ვარაუდობენ, სავალუტო ბაზარზე შექმნილი ვითარება სპეკულაციური ფაქტორებით აიხსნება, ასევე აჟიოტაჟით, რაც გამყარების პროცესს ართულებს. ეს ტენდენცია თუ არ შეიცვალა, ლარი გაუფასურებას გააგრძელებს და 2,80-იან ნიშნული შეიძლება მისი ახალი წონასწორობის წერტილად იქცეს, რაზეც ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ამახვილებს  ყურადღებას.

როგორც მან ,,რეზონანსთან" აღნიშნა, ლარი ფსიქოლოგიური ფაქტორისა და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟის გამო გარკვეულ წნეხს განიცდის.

,,მსუბუქ სანქციებს თუ დაემატება პერსონალური სანქციები უკვე ცალკეულ ბიზნესზე, ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება. ჩვენ არ ველოდით ნახტომისებრ ცვლილებას, მაგრამ რა მოლოდინიც იყო, ნაწილობრივ სრულდება. ტურისტული სეზონი ძალაშია, ფულადი შემოდინებებიც სტაბილურია ჯერჯერობით, გააჩნია, რა დინამიკა ექნება უახლოეს პერიოდში, თუ უცხოური ტრანზაქციები კიდევ შემცირდა, უკვე უნდა ველოდოთ 2,90-იან ნიშნულს. ახლა ცდილობენ, რომ 2,80-2,85-იანი ნიშნული დაიჭირონ, ეს ,,ოქროს შუალედია", მოლოდონიც ასეთი გვქონდა, რაზეც ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ პროგნოზი", - განაცხადა ნიკა შენგელიამ და დასძინა, რომ მოსალოდნელია ინფლაციის ზრდაც, რაც დაიწყო კიდეც და პირველ რიგში საწვავის ბაზარზე აისახა.

,,სავალუტო  რყევა უკვე ასახულია საწვავის ფასზე, 5-10 თეთრით გაზრდილია საცალო ქსელში ბენზინისა და დიზელის ფასი. ასევე იმპორტული პროდუქტის ღირებულებაზეც მალე აისახება და შესაბამისად, შემდეგ თვეებში ინფლაციის მაჩვენებელი მაღალი გვექნება", - აღნიშნა ანალიტიკოსმა ,,რეზონანსთან" საუბრისას.

ცხადია, ლარის რყევები უარყოფითად მხოლოდ საწვავის ფასებზე არ აისახება, სპეციალისტები ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ რიგი პროდუქციის გაძვირებაზე, განსაკუთრებით კი იმპორტულ საქონელთან დაკავშირებით.  სანქციებმა, როგორიც არ უნდა იყოს იგი, ასევე  ლარის გაუფასურებამ,  შესაძლოა, მომდევნო თვეებში სამომხმარებლო ბაზარზე ფასების მატება გამოიწვიოს. გარდა იმისა, რომ სანქციები საქართველოს იმიჯს აზარალებს, ის უარყოფით გავლენას მოახდენს ადგილობრივ ბიზნესზე. გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ სიტუაცია არ დარეგულირდა და ეს მდგომარეობა გაგრძელდა, საფრთხის შემცველი იქნება საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის, რომელიც ექსპორტზე გადის ამერიკასა და ევროპაში.

აღმოჩნდა, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ყველაზე მეტად ეროვნული ვალუტა დაზარალდა. შესაძლო სანქციების გახმოვანებისთანავე, ლარმა სერიოზული რყევა განიცადა. თუ მდგომარეობა ვერ დასტაბილურდა და გაურკვევლობა მომავალშიც გაგრძელდება, ამან შეიძლება ფასების ცვლილება გარდაუვალი გახადოს.

ნიკა შენგელიას აზრით, დღესდღეობით ლარი უფასურდება სპეკულაციური ფაქტორების გავლენითაც, რაც დამატებითი წნეხია გაცვლითი კურსისთვის და ამით ბანკები დიდ მოგებას ნახულობენ.

,,საბანკო სექტორი ყოველთვის სარგებლობს ლარის გაუფასურებით, პირველი საბოტაჟი სწორედ აქედან მოდის. სპეციალურად "აწევნენ" ბუმს, ძვირად გაყიდიან დოლარს და იაფად იყიდიან.  საფუძვლიანი ეჭვია, რომ ადგილი აქვს სპეკულაციურ გარიგებებს, ეს სულ ხდებოდა საბანკო სისტემაში და ამის გამკითხავი არავინ არის“, - განაცხადა შენგელიამ.

განსხვავებული მოსაზრებისაა ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ლარი ფსიქოლოგიური პროცესების გამო უფასურდება და ეკონომიკაში პრობლემა ნაკლებად მოსალოდნელია, შესაბამისად, არც კურსს ემუქრება საფრთხე, მით უმეტეს, როცა სანქციების თემა, ფაქტობრივად, მოხსნილია. 

,,ლარის მკვეთრი რყევა მოსალოდნელი იქნებოდა ეკონომიკური სანქციების პირობებში, რაც არ მოხდება. ადრეც ვამბობდი, რომ აქამდე არ მივა საქმე და ეს დადასტურდა კიდეც. არც ჩინოვნიკების მიმართ დაწესებული შეზღუდვაა ისეთი, რომ ლარისთვის წნეხი აღმოჩნდეს. თუ რამე აუფასურებს ლარს, აჟიოტაჟი და ფსიქოლოგიური პროცცესებია, რაც ჯერ კიდევ იგრძნობა. ალბათ, ესეც დროთა განმავლობაში მოგვარდება. არ ველოდები ვითარების დამძიმებას და საფინანსო ბაზარზე რყევებს, ამისთვის სექტორი საკმაოდ მტკიცეა. 

სანქციების ოფიციალურ დონეზე დაწესება მთელ პროცედურას მოიცავს. მით უმეტეს, სებ-ს გააჩნია ბერკეტები, რითაც თავისუფლად შეძლებს გაცვლითი კურსის დარეგულირებას. ლარის კურსის სტაბილურობაზე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორების გავლენა, რაც ჯანსაღი ვითარებაა და ტოვებს იმედს, რომ სავალუტო რყევა დიდხანს არ გაგრძელდება. ინვესტიციების კუთხით, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმშიც სტაბილურობაა. ამიტომ ლარის გაუფასურებაც დროებითი პროცესია, რაზეც აჟიოტაჟმა მოახდინა გავლენა, ესეც გადაივლის", - აღნიშნა ხომიზურაშვილმა ,,რეზონანსთან" საუბრისას.

ფინანსისტი ფიქრობს, რომ ახლა ჩვეულებრივი პროცესი მიმდინარეობს, რასაც ეროვნული ვალუტა სხვადასხვა პერიოდში განიცდის და მისი დღევანდელი მდგომარეობაც კონკრეეტული პრობლემის გამოძახილია, რაც სტაბილურობას მალე დაუბრუნდება.

,,დღესდღეობით ლარი რაიმე ძლიერი ზემოქმედებით  არ უფასურდება, უფრო მაინც განსაზღვრულია ბაზრის აგენტების ქცევებით. ამას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ვერ დავაბრალებთ. ჩვეულებრივი პროცესია, მუდმივად ერთ დონეზე არც ერთი ვალუტა არ არის გაჩერებული. მით უმეტეს, როცა გარკვეული არასტაბილურობაც ახლავს ამ ყველაფერს, მსუბუქი სანქციები, რაზეც უკვე ვისაუბრე, არ არის ისეთი ფაქტორი, რამაც შეიძლება რაც სავალუტო რყევა გამოიწვიოს. პირიქით, იმდენად უმნიშვნელოა, რომ არ შეიძლება სერიოზულ ფაქტორად იქნას აღქმული", - დასძინა ,,რეზონანსთან" ვახტანგ ხომიზურაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×