რეზონანსი
26.06.2024

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა.

მარეგულირებელში აღნიშნავენ, რომ ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ. სებ-ის თანახმად, გასულ თვეში სესხების წლიური ზრდა დაჩქარდა.

„საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. 2024 წლის მაისის მონაცემებით, ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ. 2024 წლის მაისში სესხების წლიური ზრდა, გასულ პერიოდთან შედარებით, დაჩქარდა და გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით 19% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნესსესხების ზრდით არის განპირობებული. თუმცა საყურადღებოა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ზრდის დინამიკა, რომელიც ასწრებს საკრედიტო აქტივობის საერთო ტენდენციას. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპის დაჩქარება ნაწილობრივ ვადიანობის შეზღუდვის ცვლილების საბაზო ეფექტმა განაპირობა. ეროვნული ბანკი განაგრძობს ბაზრის დინამიკაზე დაკვირვებას და გარემოებების მიხედვით მიიღებს შემდგომ გადაწყვეტილებას.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა. 2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს ქვემოთ ნარჩუნდება. არსებული დინამიკა განაპირობა სესხების მშპ-თან ფარდობის გასულ კვარტალთან შედარებით დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნებამ, რაც, თავის მხრივ, წლის პირველი კვარტალისთვის სეზონურად დამახასიათებელი შედარებით დაბალი საკრედიტო აქტივობისა და მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი ზრდის ასახვაა. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული ტენდენციების შენარჩუნებისა და ეკონომიკური ზრდის ეტაპობრივი ნორმალიზების ფონზე, სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი მიმდინარე წელს დაიხურება. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს", - აღნიშნულია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2024 წლის 25 სექტემბერს გაიმართება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×