ელზა პაპოშვილი
27.05.2024

ბოლო 3 კვირაში საქართველოში 4 ქალი მოკლეს. ბოლო შემთხვევა 23 მაისს სამეგრელოში, სოფელ კორცხელში მოხდა, სადაც ქმარმა ცოლი ჩაქუჩის თავში ჩარტყმით მოკლა. მანამდე 27 წლის კაცმა რუსთავში, ერთ-ერთ სკვერში ყოფილი მეუღლე და ყოფილი სიდედრი სანადირო თობიდან  ჩაცხრილა. 16 მაისს გარდაბანში 23 წლის მამაკაცმა საკუთარი და განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა - ჯერ ავტომობილი დააჯახა, შემდეგ კი უმწეო მდგომაარეობაში მყოფ ქალს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ფემიციდი ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში უდიდესი და სისტემური პრობლემა გახდა. 2024 წლის პირველ ხუთ თვეში ფემიციდის მსხვერპლი 7  ქალი გახდა.    

მკვლელობა ჩაქუჩით

23 მაისს ღამით, ზუგდიდის სოფელ კორცხელში 61 წლის კაცმა ცოლი მიწის ნაკვეთზე შეიტყუა და ჩაქუჩითა და ხელკეტით გაუსწორდა. ექიმებმა 51 წლის ფატიმა კუდავას გადარჩენა ვერ შეძლეს. ის კომატოზურ მდგომარეობაში მეზობლებმა იპოვეს და სასწრაფოში დარეკეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

ცოლის მოკვლის შემდეგ გოჩა შოხაძემ შვილებს დაურეკა და დანაშაულზე მოუყვა, თავად კი მკვლელობის ადგილიდან მიიმალა. ის პოლიციამ 10-საათიანი ძებნის შემდეგ დააკავა. 

მეზობლების ცნობით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტს სისტემატური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ქალს სამართალდამცველებისთვის არასდროს მიუმართავს. 

ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება მთავარი კითხვა - რატომ გაიმეტა 30 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გოჩა ჩოხაძემ მეუღლე სიკვდილისთვის. მოტივზე  „რეზონანსთან“ ადგილობრივებს საუბარი უჭირთ. მათ არ იციან რა მოხდა 23 მაისს ღამე ცოლ-ქმარს შორის. 

„რამე კონფლიქტი ჰქონდათ თუ რა სიტუაციაში იყვნენ, არ ვიცით. უკარგესი ქალი, წყნარი და მშვიდი... რა დაუშავა, რა უნდოდა - წარმოდგენა არ გვაქვს. 

„ღამე მოხდა ეს უბედურება. შვილებისთვის დაურეკავს - ცოლთან ჩხუბი მომივიდა და ძალიან ცუდად არის, მოდით და მოხედეთო. თავად კი ტყეში გაქცეულა. ამათმა დარეკეს  მერე მეზობლებთანაც და შველა ითხოვეს. დავრეკეთ სასწრაფოში. ქალი იყო გათიშული, თავში ჰქონდა ჩაქუჩი ნარტყამი. ჯერ უცემია და მერე ჩაქუჩი ურტყია. 

„30 წელია ერთად ცხოვრობენ. რანაირად გაიმეტა ასე ქალი, ვერ ამოგვიხსნია. ვიცით, რომ ჰქონდათ კონფლიქტი, მაგრამ ამ დონემდე თუ იყო სიტუაცია, არ ვიცოდით“, - ყვება ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“.

ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალის დაზუსტებას, წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელოდებოდა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის გოჩა ჩოხაძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.  

ცოლი და სიდედრის მკვლელობა

22 მაისი რუსთავი, დუმბაძის ქუჩა, 12 საათი და 30  წუთი - ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე სანადირო თოფიდან გასროლილმა 5-მა ტყვიამ 2 ქალის სიცოცხლე შეიწირა. 27 წლის გიორგი ფირაშვილმა რეგისტრირებული სანადირო თოფით მეუღლესა და სიდედრს ესროლა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მეხუთე ტყვია, რომელიც ცოლს მოხვდა, საკონტროლო იყო. გულ-მკერდის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით დედა-შვილი ადგილზე დაიღუპა.

სიძის მიერ მოკლული ქალი 48 წლის ინგა ბეგაშვილია. მას რუსთავში ყველა კარგად იცნობდა, როგორც მშრომელ და სანდო ადამიანს. მარტოხელა დედამ 5 შვილი მძიმე შრომისა და ტანჯვის ფასად გაზარდა. ქალი წლების განმავლობაში ძველ ბაზარში მუშაობდა. ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, თანხმდებოდა ყველაზე მძიმე სამუშაო გრაფიკსა და მცირე ანაზღაურებასაც კი, რომ თან ნაქირავები ბინის თანხა გადაეხადა და თან მცირეწლოვანი ბავშვები გამოეკვება.

ბოლო თვეებში, რაც უფროსი შვილები წამოიზარდნენ და დედას ეხმარებოდნენ, სამსახურს თავი დაანება და შვილიშვილს ზრდიდა. ახალგაზრდა ქალს 4 შვილი დარჩა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.

ამბის დეტალები პირველ სასამართლო სხდომაზე გამჟღავნდა. პროკურორის ცნობით, 27 წლის კაცი 21 წლის მეუღლეზე ქორწინების დღიდან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა, რადგან ცოლს პირად საკუთრებად აღიქვამდა.

„ცოლის მკვლელობის მცდელობა მანამდეც ჰქონდა. 20 მარტს, როცა გიორგიმ ცოლის დახრჩობა სცადა, მარის ექიმის დახმარებაც დასჭირდა. სავარაუდოდ, შიშის გამო კლინიკაში დამალა, რომ მძიმე დაზიანებები საკუთარმა მეუღლემ მიაყენა. შემთხვევით გადარჩა მაშინ. ისე ახრჩობდა, რომ გოგოს პირიდან უკვე სისხლი გადმოსდიოდა თურმე. ამის შემდეგ გადაწყვიტა დედამისმა სახლში წამოყვანა, მაგრამ ყოფილი ქმარი თავს არ ანებებდა. სულ აქ იჯდა, მათთან სახლში. ბავშვს ერთი წუთი მოსვენებას არ აძლევდა. 

„არ ვიცი რა მოხდა კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ. ვარაუდობთ, რომ გოგოს და ბავშვის სახლში წაყვანა შესაძლოა ისევ მოისურვა. ამის გამო მოხდა კონფლიქტი. მანქანიდან იარაღი ამოიღო და ორივე თვალის დახამხამების გარშე დახოცა. პროკურორი ამბობს, რომ ცოლს საკონტროლო ტყვიც კი ესროლა“, - ყვება „რეზონანსთან“ მოკლული ქალების ახლობელი. 

ოჯახის ახლობლებისა და მეზობლების ინფორმაციით, გიორგი ფირაშვილის მშობლები დიდი ხნის წინ დაშორდნენ. 27 წლის კაცს დედასთან ურთიერთობა საერთოდ არ ჰქონდა, რადგან ამას მამა უკრძალავდა. ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებულის დედა მარიამთან და ბავშვთან კომუნიკაციას ცდილობდა, რის გამოც ცოლ-ქმარს შორის მწვავე კონფლიქტიც მოხდა.

სასამართლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ დანაშაულის შესახებ იცოდა როგორც მარიამის ოჯახმა, ასევე გიორგი ფირაშვილის დედამაც, მაგრამ სამართალდამცავი უწყებისთვის არავის მიუმართავს. განგრძობითი და სისტემატური ძალადობის შემდეგ მარიამ სოფრომაძე ოჯახის მოთხოვნით ქმარს დაშორდა  და ბავშვთან ერთად დედის ოჯახში დაბრუნდა. გიორგი ფირაშვილი დაშორებას მიუღებლად მიიჩნევდა და ამის გამო სიდედრისა და ცოლის უფროსი დედმამიშვილების მიმართ ხშირად აგრესიასაც გამოხატავდა.

ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ ფირაშვილმა მეუღლისა და მეუღლის დედის მკვლელობა წინასწარ დაგეგმა და ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად ხელსაყრელ დროს ელოდებოდა. შესაბამისად, პროკურორი დარწმუნებულია, რომ ბრალდებულს ეს დანაშაული აფექტის მდგომარეობაში არ ჩაუდენია.

მკვლელობა „ოჯახის ღირსებისათვის“ 

17 მაისს გარდაბანში 29 წლის ქალი საკუთარმა ძმამ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. 23 წლის მამაკაცი დას ჯერ საკუთარი მანქანით განზრახ დაეჯახა, შემდეგ კი დანით სხეულზე მრავალჯერადი ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის მიზეზი კი ის გახდა, რომ 29 წლის ქალი მეუღლესთან განქორწინებული იყო და მისი ძმა ამას ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა. 

ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, რომ ქალს ქმართან ცხოვრება თავიდანვე არ სურდა და სავარაუდოდ, ის საკუთარი ნების წინააღმდეგ გაათხოვეს. ამის შემდეგ ქალი, მიუხედავად იმის, რომ 2 შვილი ჰყავდა, ქმრის სახლიდან გაიპარა და სხვა მამაკაცს გაყვა ცოლად. სწორედ ამის გამო ძმასთან და მამასთან ურთიერთობა გაუფუჭდა. ისინი ქალის გადაწყვეტილებას პირად შეურაცხყოფად აღიქვამდნენ. ქალს ძმა ემუქრებოდა, თუმცა პოლიციისთვის ამჯერადაც არავის მიუმართავს. 

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ძმა - ნურუ ისმაილოვი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მას დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის დამტკიცების შემთხვევაში, 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კიდევ სამი ტრაგიკული შემთხვევა

2024 წლის პირველ ხუთ თვეში კი ფემიციდის მსხვერპლი კიდევ 3 ქალი გახდა:

9 იანვრის ღამეს, თბილისში, ვარკეთილში 27 წლის ქეთევან ედიბერიძე მისივე ქმარმა მოკლა.

რამდენიმე დღით ადრე, ახალი წლის ღამეს, ბათუმში, ქმარმა მოკლა 36 წლის ირმა ბერიძე.

28 თებერვალს, თბილისთან ახლოს, სოფელ წინუბანში, 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილს 21 წლის ოთარ ცინდელიანმა 59 ჭრილობა მიაყენა დანით. პროკურორის თქმით, ბრალდებულის „ინსტაგრამის“ მიმოწერები ქეთევან ჯავახიშვილთან ადასტურებს, რომ მას გოგო „მიაჩნდა საკუთრებად“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×