რეზონანსი
18.05.2024

ვეტოს დადება იყო ერთადერთი გამოსავალი, რათა პასუხისმგებლობა აიღოს „ქართულმა ოცნებამ" - ერთადერთი რამ დარჩა, რომ მათ სცადონ ვეტოს დაძლევა, რასაც მოჰყვება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობა და საერთაშორისო პარტნიორების მკვეთრი ნაბიჯები,- ამის შესახებ „ლელოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონის გარშემო და ევროინტეგრაციის პროცესში საბოტაჟზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„ვეტოს დადება იყო ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა აიღოს „ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონის გარშემო, საბოტაჟზე ევროინტეგრაციის პროცესში იმიტომ, რომ მათ შექმნეს ეს წინაპირობა მას შემდეგ რაც გაიტანეს ეს კანონი საქართველოს პარლამენტიდან ერთი წლის წინ. შემდეგ სრულიად ძალადობრივად, არაორგანიზებულად, პირობის დარღვევით, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების წინააღმდეგ, შემოაბრუნეს რუსული კანონი. ერთადერთი რამ დარჩა, რომ მათ სცადონ ვეტოს დაძლევა, რასაც მოჰყვება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობა და მეორე - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო და მკვეთრი ნაბიჯები, განცხადებები და კონკრეტული ქმედებები. გაფრთხილება მრავალგზის გაკეთებულია ამ საკითხებზე - იქნება ეს პერსონალური სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლებზე, 83 დეპუტატზე და მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე, რომლებიც ცდილობენ, რომ საკუთარი შვილები დასავლურ ქვეყნებში ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს ქვეყანა და აქ მყოფი ახალგაზრდები რუსულ ჭაობში ჩაითრიონ. ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

რაც შეეხება მიმდინარე აქციებს, კუპრაძის თქმით, პროტესტს ერთიანობა და მუდმივობა სჭირდება.

„პროტესტს ყოველთვის გადამწყვეტი ძალა აქვს. ამ პროტესტს სჭირდება პირველი - ერთიანობა და მეორე - მუდმივობა, რუტინულობა, რათა ცვლილებების იმედი იყოს. ასე მოხდა მარტის მოვლენების დროს, როდესაც თითქოსდა ხელისუფლების უკან დახევას არავინ ელოდა, მაგრამ ხელისუფლებას მოუწია უკან დახევა. ასე მოხდება ნებისმიერ პროცესში, თუ იქნება ერთიანობა და მოქალაქეები შევძლებთ რუტინულად, დაუღალავად პროტესტის გამართვას. ამ პროცესში პოლიტიკური პარტიების როლი მნიშვნელოვანია. ეს არ უნდა იყოს დომინანტი პოზიცია სამოქალაქო ჯგუფებზე, რომლებიც აქციაზე დგანან, თუმცა ჩვენ, „ლელო" ყველა აქციას ვესწრებით, ვცდილობთ ტექნიკურ უზრუნველყოფას. ვცდილობთ, მოქალაქეები იყვნენ დაცულები. უზრუნველვყოფთ იურიდიულ მხარდაჭერას იმ პირებისთვის, ვისზეც სამართლებრივი საქმეები აღძრა „ქართულმა ოცნებამ". პარალელურად, ვიბრძვით საპარლამენტო პროცესში და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მათ ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ფაქტობრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რას გამოიწვევს რუსული კანონი ჩვენს ქვეყანაში და რომ არსებობდეს მათი მხრიდან მკაფიო პოზიციების გამოხატვის აუცილებლობა და შესაძლებლობა რუსული კანონის მიღების ფარგლებში", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×