თამთა ჩაჩანიძე
04.06.2024

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ამუშავებს ლოჯისტიკის სათადარიგო მარშრუტებს რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევისთვის ევროპაში. საუბარია ევროპის ნატოს წევრ ქვეყნების ხუთ პორტზე, სადაც შეიძლება დაბრკოლების გარეშე გადაისროლონ ამერიკული ჯარები და აღჭურვილობა და შემდეგ ეს სახმელეთო კროიდორების მეშვეობით გაივლის ფრონტის ხაზებამდე. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს. რამდენად იზრდება ნატო-რუსეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხე და იკვეთება თუ არა დიდი ომის კონტურები?

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადებები ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ უკრაინაში თავის ჯარების შესაძლო გაგზავნაზე. მოსკოვი ამას განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამს და ასეთი შემთხვევისათვის მკაცრი რეაგირებით იმუქრება.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ნატო-რუსეთის შეიარაღებული დაპირისპირება ახლო მომავალში ნაკლებადაა მოსალოდნელი, რასაც თავისი მიზეზები აქვს. ნატოს მიერ სახმელეთო კორიდორების წინასწარ განსაზღვრაში კი უჩვეულო არაფერია, რადგანაც სამხედროები ყველა შესაძლო სცენარს უნდა განიხილავდნენ და ყველაფრისთვის უნდა იყვნენ მზად.

ბრიტანული „ტელეგრაფი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ნატომ ევროპაში ხუთი სახმელეთო დერეფნის მარშრუტი შეიმუშავა, რათა რუსეთთან დიდი ომის შეთხვევაში აშშ-ის არმიის პირადი შემადგენლობა და ჯავშანტექნიკა ფრონტზე სწრაფად გადაისროლონ, მარშრუტების უმრავლესობა უკრაინასა და მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთამდე მიდის.

წყაროს ცნობით, ამერიკული ჯარისა და აღჭურვილობის გადასროლა მოსალოდნელია ჯერ ნორვეგიის, ნიდერლანდების, იტალიის, საბერძნეთის და თურქეთის პორტებში, იქიდან კი სახმელეთო დერეფნები შემდეგნაირად გაივლის:

- შვედეთსა და ფინეთზე რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ საზღვრამდე;

- გერმანიასა და პოლონეთზე ბელარუსამდე;

- სლოვენიასა და ხორვატიაზე უნგრეთსა და უკრაინამდე;

- ბულგარეთსა და რუმინეთზე დნესტრისპირეთამდე;

- თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით ოდესის (უკრაინა) მიმართულებით.

გამოცემის ცნობით, ამ მარშრუტებით გადაადგილებაზე ჯარებს და ჯავშანტექნიკას „მწვანე შუქი" აქვთ ანთებული, რადგან მათ არც ადგილობრივი კანონმდებლობით შეექმნებათ რაიმე სახის შეზღუდვები და ტვირთის დაუბრკოლებლად გადატანასაც შეძლებენ.

ამასთან, ყოფილა შემთხვევები, როცა ალიანსის ჯარების განლაგებას ბიუროკრატიული პროცედურები აფერხებდა. მაგალითად საფრანგეთის მთავრობა ჩიოდა მსგავს პრობლემაზე რუმინეთში ტანკების გაგზავნის მცდელობისას.

ნატოს სამხედრო ლოგისტიკური ცენტრის მეთაური გენერალ ლეიტენანტი ალექსანდრ ზოლფრანკი „ტელეგრაფთან" ამბობს, რომ მთავარი ლოკაცია მაინც ნიდერლანდებში როტერდამის პორტია, საიდანაც ჯარები „რკინიგზის საშუალებით წავლენ ფრონტის ხაზზე". თუმცა გენერალი მიიჩნევს, რომ ნიდერლანდების, გერმანიისა და ბალტიის პორტები შეიძლება რუსეთის იერიშებისგან დაცული არ აღმოჩნდეს, ამიტომაც განიხილება ალტერნატიული ვარიანტებიც.

ზოლფრანკის თქმით, გეგმები ისეა შემუშავებული, რომ „არსებობდეს აუცილებელი სტაბილურობა, საიმედოობა და რეზერვების ჭარბი რაოდენობა".

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ დღეის მოცემულობით ნატო-რუსეთის ომის საფრთხე ჯერჯერობით არ არის, რადგან რუსეთს რამდენიმე ფრონტზე ომის წარმოების საშუალება არ აქვს.

„ნატო-რუსეთის ომის კონტურები არ იკვეთება. რუსეთს ახლა იმის თავი არ აქვს, რომ ნატოს ეომოს. უკრაინასთან ვერ გაურკვევია სიტუაცია და როგორ გგონიათ, მიატოვებს უკრაინას და ნატოსთან დაიწყებს ომს?! ამ ეტაპზე და ამ ვითარებაში ეს გამორიცხულია", - გნაცხადა გენერალმა კაპანაძე.

კითხვაზე, მაშინ რას ნიშნავს ნატო-ში ასეთი გეგმის შემუშავება, კაპანაძემ გვითხრა, რომ მსგავს სცენარებზე ალიანსში სულ მუშაობენ.

„სამხედრობმა რა უნდა აკეთონ? მათ სცენარები უნდა ამუშაონ და ყველა ვარიანტში, ყველა სცენარის განვითარებისთვის მზად უნდა იყვნენ. ნატო სწავლებებს ყოველთვის ატარებდა, სადაც მანძილები ყოველთვის უნდა იყოს გათვლილი, ლოჯისტიკური საკომუნიკაციო ხაზები უნდა იყოს მომზადებული იმისთვის, რომ საჭირო შემთხვევისთვის ძალები გადაისროლონ.

„რუსეთს შეუძლია ნატოს იმ პირობით შეუტიოს, რომ გაანებოს უკრაინას თავი და ბელარუსიდან შეეცადოს რაღაცის გაკეთებას ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის მიმართულებით, რაც ჩემში ძალიან დიდ ეჭვს იწვევს. ჯერჯერობით ასეთი საფრთხე არაა და სამხედროები იმისთვის არიან, რომ განიხილონ და მოემზადოს სხვადასხვა ვარიანტებისთვის", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×