თამთა ჩაჩანიძე
17.05.2024

უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთი ომის ყველაზე ცხელი ადგილია, სამხედროები ადასტურებენ, რომ მტერმა ხარკოვისკენ პლაცდარმი თითქმის 70 კმ-ით გააფართოვა და შტურმს ამზადებს სუმის ოლქზე, ამასთან, ოკუპანტები საჰაერო დარტყმებსაც ახორციელებენ აქტიურ ზონებში. ამის საპასუხოდ უკრაინაც აქტიურობს, ვრცელდება ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებულ შეტევაზე კრასნოდარის მხარესა და ყირიმზე, რასაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, რუსული საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „ყირიმის თავზე გაანადგურეს და გადაჭერა მოახერხეს 51 უპილოტო საფრენი აპარატის, კრასნოდარში კი 44". რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ყირიმის და კრასნოდარის გარდა, „ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს ბელგოროდის ოლქში და ერთი - კურსკის ოლქში". ეს შეტევა ჯერ უკრაინულ მხარეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

„რუსეთს შეუძლია სუმის რეგიონს შეუტიოს, ისევე, როგორც უტევს ხარკოვს, ამავდროულად რუსების რესურსი შეზღუდულია და სუმისა და ამ ოლქების აღებას ვერ მოახერხებს", - აცხადებს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი და რეზერვის პოლკოვნიკი პეტრე ჩერნიკი. დასძენს, რომ სუმი რუსეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს და „ახლა არ არის პანიკის დრო იმ მხრივ, რომ თავად სუმზე იქნება შტურმი".

„მათ შეუძლიათ მოაწყონ მსგავსი რამ, რაც ხარკოვის რეგიონშია, გადაისროლონ რამდენიმე ბატალიონი სუმისკენ... მტერი ორივე რეგიონშია, ოლქებს დაახლოებით 750-კილომეტრიანი საზღვარი აქვს რუსეთთან, ეს საკმარისია იმისთვის, რომ სუმში მოაწყოს ის, რაც ახლა ხდება ხარკოვში, მაგრამ საკმარისი რესურსი არ აქვთ იმისთვის, რომ სრულად დაიპყროს ოლქები", განაცხადა უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა.

ამასთან პეტრე ჩერნიკი ამბობს, რომ მტერს უკრაინული ძალების მოშლა სურს, თუმცა მისი თქმით, უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე - ჩასოვ-იარშიც ვერ მიაღწევენ მიზანს.

„პუტინი რუსებს დაჰპირდა, რომ გამარჯვების დღეს - 9 მაისს დონეცკსა და ლუგანსკის ოლქებში ადმინისტრაციულ საზღვრებზე გავიდოდა, მაგრამ ეს ვერ გამოუიდა. მათ მინიმუმ რაღაც შედეგზე გასვლა სჭირდებათ, ხარკოვის რეგიონში შექმნეს პატარა პლაცდარმი და მათმა პროპაგანდამ ისე წარმოაჩინა, რომ თითქმის ბერლინი აიღეს. პროპაგანდა მუდმივად სჭირდებათ, რამაც მუდმივად წარმატებით უნდა კვებოს მსხვილფეხა რქოსანთა მასა",- განაცხადა უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა „ობიზრევატელ უკრაინასთან".

ხარკოვის რეგიონზე შეტევის ფონზე, რუსეთმა სუმის მახლობლად მცირე შემტევითი ნაწილები განათავსა. ეს ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა დაადასტურა. დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი ემზადებოდა ერთდროულად სუმისა და ხარკოვის რეგიონზე თავდასხმისთვის. ამასთან, ბუდანოვმა აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობა არ არის კატასტროფული.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ ხარკოვის ჩრდილოეთით რუსებმა საბრძოლო ზონა თითქმის 70 კმ-ით გააფართოვეს

„მტერმა გააფართოვა აქტიური საბრძოლო ზონა თითქმის 70 კილომეტრით, ამით ის გვაიძულებს გამოვიყენოთ დამატებითი ბრიგადები რეზერვიდან", - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, მტერმა ძირითადი კონცენტრირება მოახდინა სტრელეჩია - ლიპცის მიმართულებით ვოლჩანსკის აღებაზე, ამით კი საშაულება აქვთ მისწვდნენ ბელოკოლოდეცს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა დასძინა, რომ რუსეთმა ამ ოპერაციის მიზნით შექმნ და მნიშვნელოვნად გააძლიერა საოკუპაციო ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი "ჩრდილოეთი", რომელშიც შედიოდნენ მე-6, მე-11 და 44-ე არმიის კორპუსის საბრძოლო ნაწილები.

„მტერმა შეტევა დაგეგმილზე ბევრად ადრე დაიწყო, როდესაც მან შენიშნა ჩვენი ჯარების გადაყვანა, თუმცა მან ვერ შეძლო ჩვენი თავდაცვის გარღვევა", - თქვა სირსკიმ.

ამასთან, სირსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები იაზრებს, რომ წინ მძიმე ბრძოლები იქნება და მტერი ამისთვის ემზადება.

„ასეთ პირობებში, ჩვენ მტრის ჯარების შემდგომი წინსვლა თავიდან უნდა ავიცილოთ, პოზიციების სტაბილურად შეკავებით, საჰაერო თავდასხმებით, საარტილერიო და სატანკო ცეცხლის მიყენებით, რაც მათ მაქსიმალურ დანაკარგებს იწვევს და ასევე შევქმნათ რუსების დამარცხების პირობები სხვადასხვა მიმართულებით", - თქვა სირსკიმ.

რუსები უკრაინას 17 მაისის ღამეს „შაჰედის" ტიპის 20 კამიკაძე დრონით დაესხნენ თავს, უკრაინული საჰაერო ძალების ინფორმაციით, ყველა დრონი გაანადგურეს.

„საზენიტო ბრძოლის შედეგად, მტრის ოცივე „შაჰედი" ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავას, ვინიცას, ოდესისა და მიკოლაივის ოლქებში", - აცხადებენ საჰაერო ძალებში.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ქალაქებიდან პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან გაუშვეს. საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო ძალები, უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები და რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფები.

სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარების ნაწილი უკრაინამ უკვე მიიღო, ნაწილი კი - გზაშია.

„ჩვენ ყველანი აღფრთოვანებული ვართ თქვენი გამძლეობით, სიძლიერით და ლიდერობით. ვიცით, რომ რთული პერიოდია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ დახმარება გზაშია, ზოგი უკვე ჩამოვიდა და კიდევ მეტი გზაშია. ეს შეცვლის სიტუაციას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე", - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, ძლიერი, თავისუფალი და აყვავებული უკრაინა ყველაზე ძლიერი სასჯელი იქნება ვლადიმერ პუტინისთვის.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×