რეზონანსი
09.06.2024

თბილისში ახალაშენებული კორპუსი ინგრევა - მერიამ მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია გამოაცხადა და 60-მდე ოჯახი დროებით თავშესაფარში გადაიყვანა. საცხოვრებელი კორპუსი ვაშლიჯვარში მდებარეობს. ნებართვა 2016 წელს გაიცა და მშენებლობა 5 წლის წინ დასრულდა, თუმცა შენობა ამ დრომდე არ ჩაბარებულა ანუ ექსპლუატაციაში ოფიციალურად მიღებული არაა.

ახალაშენებულ კორპუსს ნაპრალები გაუჩნდა, ჩამოინგრა ფასადი, ბზარები გაჩნდა ბინებშიც. მოსახლეობა მშენებელ კომპანიას ადანაშაულებს.

მშენებელი კომპანია "თორია", მისი წარმომადგენელი კი კომპანიის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. უკვე ცნობილია ექსპერტიზის დასკვნაც. სამხარაულის ბიურომ დაადგინა, რომ კორპუსი ავარიულია და იქ ცხოვრება იკრძალება.

ყვითელი ლენტები, შესაბამისი სამსახურები, ნაპრალები სართულებს შორის - ასე გამოიყურება ახლა არზაყან ემუხვარის 9 ნომერი, მრავალ ბინიანი კორპუსი ვაშლიჯვარში. დახეთქილი კედლები კიდევ უფრო თვალსაჩინოა შიდა სივრცეებში. ექსპერტიზით უკვე დადასტურდა, რომ შენობა ავარიულია და გამაგრებამდე ცხოვრება იკრძალება. ამ მდგომარეობაში ახალა 60 ოჯახია, უმრავლესობას ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვი.

ამავე კორპუსში ცხოვრობს მისი მშენებელიც, ის სატელევიზიო ინტერვიუს არ თანხმდება, სატელეფონო საუბრისას კი კომპანიის პასუხისმგებლობას უარყოფს.

მშენებელი საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა ჯერ კიდევ ექსპერტიზის დასკვნამდე, სწორედ ნგრევის საფრთხის გათვალისწინებით, გამგეობამ სასწრაფო ევაკუაციის და ოჯახების დროებით საცხოვრებლებში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ახლა კომპანია ვალდებულია გაამაგროს ავარიული კორპუსი, შემდეგ კიდევ ერთხელ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს იქნება თუ არა უსაფრთხო მასში ცხოვრება. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მერიის მიერ კორპუსის ჩაბარება.

2019 წელს, როდესაც კომპანიამ ამ საცხოვრებლის მშენებლობა დაასრულა, ექსპლუატაციაში შესვლამდე საცხოვრებელში შესახლება კანონდარღვევად არ ითვლებოდა, თუმცა რისკების შემცირების მიზნით 2021 წელს კანონმდებლობა შეიცვალა.

ახლა დედაქალაქის მერიაც და ავარიული კორპუსის მაცხოვრებლებიც, კომპანიისგან ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან. 60 ოჯახისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია რა დროით დარჩებიან საცხოვრებლის გარეშე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×