რეზონანსი
18.05.2024

„როგორც იქნა ოპოზიციურ ველზე, ავად თუ კარგად, „გამჭვირვალობის კანონის" კითხვა დაიწყეს, თუმცა მათთვის დამახასიათებელი გარკვეული დათქმებით", - ამის შესახებ სოციალუ ქსელში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე წერს.

„როგორც იქნა ოპოზიციურ ველზე, ავად თუ კარგად, „გამჭვირვალობის კანონის" კითხვა დაიწყეს, თუმცა მათთვის დამახასიათებელი გარკვეული დათქმებით. მორიგი სპეკულაცია კი ეხება კანონში თითქოსდა ფიზიკური პირების რეგისტრაციის ვალდებულების დამატებას, რაც ტექსტში ფარულად შევიდა.

მართალია, კანონი ამას არც ითვალისწინებდა და არც ახლა ითვალისწინებს (მხოლოდ ორგანიზაციის შემოსავლების/ხარჯების დადგენის მიზნით არის შესაძლებელი ასეთი ინფორმაციის გამოთხოვა და არა ზოგადად, ფიზიკური პირის მიერ ფინანსური დეკლარაციის შევსებისა და მისი დარეგისტრირების მიზნით), თუმცა ეს საკითხი ვფიქრობ აქტუალური იქნება და ოპოზიციური დღის წესრიგიც და საპროტესტო აქციებიც ამაზე იქნება აგებული თუ გავითვალისწინებთ, რომ 4 ივნისს, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებული ტექსტის თანახმად, „საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება". ბუნებრივია, მთავარ საკითხად „რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ" კანონი განიხილება.

ნიშანდობლივია, რომ რადგან ფიზიკურ პირების დავალდებულებაზე ატყდა ერთი ამბავი, თავად ამერიკის შეერთებული შტატების იურისდიქცია საკმაოდ მკაცრია ამ თვალსაზრისით. არა მხოლოდ FARA ითვლება გამჭვირვალობის საკანონმდებლო ბაზისად, არამედ უცხოური ანგარიშების საგადასახადო შესაბამისობის აქტიც (FATCA), რაც არის არანაკლებ მნიშვნელოვანი სამართლებრივი ბაზისი, რათა ებრძოლოს გადასახადებისგან თავის არიდებას ამერიკელი მოქალაქეების მიერ, რომლებსაც აქვთ ანგარიშები და სხვა ფინანსური აქტივები ოფშორში და სხვა ქვეყნებში იმისდა მიუხედავად ცხოვრობთ აშშ-ში თუ სხვა ქვეყნებში.

FATCA-ს მიხედვით, ზოგიერთმა გადასახადის გადამხდელმა, რომლებსაც აქვთ ფინანსური აქტივები შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ, უნდა შეატყობინონ ამ აქტივების სესახებ საერთაშორისო შემოსავლების სამსახურს - IRS-ს სპეციალური ფორმის შევსებით.

აქვე დავამატებდი, რომ ეს კანონი თავისი სადეკლარაციო მოთხოვნებით და ჯარიმებით ფინანსური აქტივების ანგარიშგებაზე უარის გამო, გაცილებით მკაცრია ვიდრე ქართული კანონმდებლობა დეკლარაციების შევსებაზე. FATCA-ს ეს მოთხოვნა ემატება გრძელვადიან მოთხოვნას უცხოური ფინანსური ანგარიშების ანგარიშგების შესახებ უცხოურ ბანკებში (FinCEN ფორმა 114), და ფინანსური ანგარიშების ანგარიშებზე (FBAR). FBAR არის სპეციალური ფორმა, რომელიც უნდა იყოს წარდგენილი აშშ-ს ხაზინაში. FBAR შეიცავს კლიენტების მომსახურე უცხოურ ბანკებს და საგარეო ფინანსურ ანგარიშებს.

FATCA ასევე მოითხოვს ცალკეული უცხოური საფინანსო ინსტიტუტებისაგან უშუალოდ მოახსენონ IRS-ს ინფორმაცია ფინანსური ანგარიშების შესახებ, რომლებსაც ფლობენ აშშ-ის გადასახადის გადამხდელები ან უცხოური სუბიექტები, რომლებშიც აშშ-ს გადასახადის გადამხდელებს აქვთ მნიშვნელოვანი საკუთრების ინტერესი. შევნიშნავ, რომ ამ ინსტიტუტებში შედიან არა მხოლოდ ბანკები, არამედ სხვა ფინანსურ ინსტიტუტებიც, როგორიცაა საინვესტიციო ფონდები, საბროკერო და სადაზღვევო კომპანიები, ასევე არასაფინანსო ინსტიტუტები და კომპანიები.

ანგარიშგების ზღვრები განსხვავდება იმის მიხედვით, წარადგენთ თუ არა ერთობლივი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას. თუ მარტოხელა ხართ ან მეუღლისგან განცალკევებით წარადგენთ, უნდა წარადგინოთ სპეციალიური ფორმით. იმ შემთხვევაში თუ გაქვთ 200,000 აშშ დოლარზე მეტი უცხოური ფინანსური აქტივები წლის ბოლოს და ცხოვრობთ საზღვარგარეთ; ან $50,000-ზე მეტი, თუ თქვენ ცხოვრობთ შეერთებულ შტატებში.

თუ თქვენ მეუღლესთან ერთად წარადგენთ განცხადებას, ეს ზღვრები გაორმაგდება და ასე შემდეგ.

აქედან გამომდინარე, საინტერესოა ქართული ოპოზიციის აღქმებით, ეს კანონი უნდა ჩაითვალოს თუ არა „რუსულ კანონად"?", - წერს ეკონომისტი სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×