თუ გაცვლითი კურსი 2.80-ს ზემოთ დარჩა, პროდუქციის გაძვირებას მასობრივი ხასიათი ექნება
ქეთო გოგოხია
10.06.2024

ლარის კურსის გაუფასურება სამომხმარებლო ბაზარს უკვე დაეტყო. პროდუქციის გაძვირებისთვის რეალური საფუძველი გაჩნდა და ტენდენციაც დაიწყო. თითქმის ყველა ძირითადი პროდუქტის ღირებულება მცირედით გაიზარდა, განსაკუთრებით იმპორტული პროდუქცია, როგორიცაა შაქარი, ფქვილი, მცენარეული ზეთი და სხვა. მოიმატა საწვავის ფასმაც. ამ მხრივ ლარის კურსის გავლენა უფრო მყისიერია და არ არის გამორიცხული, ტენდენცია გაგრძელდეს, მით უმეტეს, ახალი წონასწორობის ნიშნული ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული და შესაძლებელია, კურსი 2,90-იან ზღვარს მიუახლოვდეს.

ამ შემთხვევაში, ფასის ზრდა იმპორტულთან ერთად, უკვე ადგილობრივ ნაწარმსაც დაეტყობა. ნედლეული დიდწილად უცხოურია და სავალუტო ცვლილება ამ მხრივ ფასებზეც ადეკვატურად იმოქმედებს. მართალია, მწარმოებლები ჯერჯერობით ცვლილებას არ ჩქარობენ, თუმცა 2,85-ზე მაღალი კურსის შემთხვევაში, გარკვეული ზომების მიღება მათაც მოუწევთ.

მოლო დრომდე მოლოდინი იყო, რომ ლარის კურსი გეზს გამყარებისკენ აიღებდა. დღეს უკვე  2,85-იან ნიშნულს გადასცდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური დაძაბულობა ოდნავ ჩაცხრა და თითქოს ლარის გამყარებაც უნდა დაწყებულიყო, პირიქით, გაუფასურება გაგრძელდა, რაც სამომხმარებლო ბაზარსაც დაეტყო. იმპორტიორები უკვე ღიად აცხადებენ, რომ  გაძვირების რეალური საფუძველი არსებობს.

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, რომ თუკი ლარი დოლართან მიმართებაში 2.80 ლარიან ნიშნულზე დარჩება, კომპანიებს ფასების დაკორექტირება მოუწევთ. როგორც ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ აღნიშნა, ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი მერყეობა ბიზნესზე ცუდად აისახება და იმ შემთხვევაში, თუკი ლარი გაუფასურებას გააგრძელებს, ეს უკვე უშუალოდ პროდუქციის ღირებულებაზე აისახება.

„ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში როგორ გაუფასურდა ლარი, მოგვიანებით, რყევა შემცირდა, თუმცა ქვეყანაში ვითარება არასტაბილურია. საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა და ნებისმიერი დაძაბულობა უარყოფითად აისახება ბიზნესზე. შეიძლება ბაზარზე მყისიერი გაძვირება არ ვნახოთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ყველაფერი იმოქმედებს ფასებზე. ასევე ხაზგასასმელია, რომ გაძვირებულია ნავთობპროდუქტებიც, რაც ასევე აისახება პროდუქციის თვითღირებულებაზე.

კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ფასი შეინარჩუნონ, თუმცა თუკი ლარი კრიტიკულ ნიშნულს გადაცდება და დოლართან მიმართებაში 2.80-იან ნიშნულზე დარჩება, მაშინ მოსალოდნელია რიგი პროდუქტების გაძვირება. შედარებით უფრო სწრაფად მოხდება პირველადი მოხმარების საქონელზე ფასსი ზრდა, 1-2 თვის შემდეგ კი უკვე ისეთ პროდუქციაზე, რომლის მარაგიც აქვთ კომპანიებს“, - განაცხადა ივა ჭყონიამ "ბიემთან" საუბრისას.

დისტრიბუტორთა პოზიციას იზიარებენ იმპორტიორებიც. კომპანია ,,დუს" ხელმძღვანელის დავით გოგიჩაიშვილის თქმით, დისტრიბუციის მოგების მარჟა ძალიან დაბალია და რადგან ამ ფაქტორს ლარის გაუფასურებაც ემატება, არსებული ფასების შენარჩუნება შეიძლება რეალურად გაჭირდეს. 

,,სავალუტო რყევა ძალიან გვაზარალებს, გაუფასურება იმდენად არ მოქმედებს, როგორც ხშირი რყევა. გრძელვადიან პროექტებზე საუბარი ფაქტობრივად შეუძლებელია. რეალიზაციის კუთხით ისედაც არ არის სახარბიელო მდგომარეობა, მცირე გაძვირებაც კი აისახება მოთხოვნაზე. ამიტომ უკიდურეს სიტუაციაში ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზეც რთულ პროცესს გავდივართ, ვინაიდან კურსი უფასურდება და ფასების დაჭერა გვიჭირს. ჯერჯერობით ვინარჩუნებთ პროდუქტის ფასს და არ ვაძვირებთ, მაგრამ როდემდე შევძლებთ ამას ვარაუდი გამიჭირდება", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" გოგიჩაიშვილმა.

ჯერჯერობით პროდუქცია არ გაუძვირებიათ ადგილობრივ მწარმოებლებს, თუმცა 2,80-იანი ნიშნული ბიზნესისთვის უკვე ის ზღვარია, როცა საფასპო პოლიტიკის გადახედვაზე ფიქრი უნდა დაიწყონ.

როგორც კომპანია ,,ბუმის" ფინანსური დირექტორი ბესარიონ ურუმაშვილი აცხადებს, იმედია, აქამდ ეარ მივა საქმე, ვინაიდან არ არის გამორიცხული, სავალურო ბაზარზე სპეკულაციურ პროცესებს ჰქონდეს ადგილი, რაც დროთა განმავლობაში დარეგულირდება.

,,ბოლო პერიოდის განმავლობაში სავალუტო ბაზარზე არსებული სიტუაცია აშკარად მოწმობს, რომ ხელოვნური ჩარევებია, რაც ლარს აუფასურებს. ეს არ იქნება ხანგრძლივი პროცესი, ამიტომ არ გვინდა ვიჩქაროთ და ფასებს ჯერჯერობით არ ვეხებით. ცხადია, ნედლეულის ნაწილი გაგვიძვირდა, ზოგადად, ხარჯი გაზრდილია და ეს ლოგიკურიცაა ასეთ მდგომარეობაში. 2,80-იანი კურსის შემთხვევაში ფასებს არ შვეხებით, მაგრამ ამ მაჩვენებელს თუ გადასცდება ლარი და ქვემოთ აღარ ჩამოვა, გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. იმედია, აქამდე არ მივა საქმე და ფასების გადახედვა არ დაგვჭირდება", - განაცხადა ურუმაშვილმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

სამომხმარებლო ფასების ზრდაზე საუყბრობენ ეკონომისტებიც, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურების პირობებში, როცა ტრანსპორტირებაც ძვირდება და საერთაშორისო ბაზრებზე არასტაბილურობის ნიშნებია, გაძვირების დიდი ალბათობაა.

გაცვლითი კურსის გავლენაზე ისაუბრა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ეკონომისტმა პაატა შეშელიძემ, რომლის თქმითაც, პრობლემას ქმნის არა მხოლოდ ლარის გაუფასურება, არამედ ლოგისტიკა და ასევე ალტერნატიულ ბაზრებზე წვდომის შეზღუდვა, რაც ფასებზეც აისახება

,,ერთი მხრივ, პრობლემაა ლარის კურსი, მეორე მხრივ, საერთაშორისო დონეზე ჯერჯერობით ისევ  მაღალი ფასებია. ამას განაპირობებს ლოგისტიკის სიძვირე, მოთხოვნის გაზრდა და სხვა. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა მაღალი ფასები  გვაწუხებს, უნდა დავსვათ კითხვა, ხომ არ არის რაიმე რეზერვი, რომ საქონელი ალტერნატიული გზით მივიღოთ, შეგვიძლია თუ არა, რომელიმე პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შემოვიტანოთ, რამდენად გვაქვს ამის შესაძლებლობა და ა.შ. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს პირველ რიგში და ყველაფერი გაკეთდეს ლარის კურსის დასასტაბილურებლად, რაც საბოლოოდ სამომხმარებლო ფასებზეც მოახდენს გავლენას და მოსახლეობის მდგომარეობას მეტ-ნაკლებად შეამსუბუქებს. 

მესმის, რომ ინფლაციაა მთელ მსოფლიოში, მაგრამ ფასების ასეთი მაღალი ნიშნული, როგორიც საქართველოშია, არც რეგიონის ქვეყნებშია და არც ევროპაში. პრობლემა არასწორი მონეტარული პოლიტიკით არის გამოწვეული. ეროვნული ბანკი უფრო მეტი პასუხისმგებლობით რომ ეკიდებოდეს ამ საკითხს, დღეს გაცილებით დაბალი ინფლაცია გვექნებოდა და ფასების კლებაც მეტ-ნაკლებად შესაძლებელი გახდებოდა.  ცალკე პრობლემაა ოლიგოპოლია, რაც ეკონომიკურ სტაბილურობას ძირს უთხის და მოსახლეობის კეთილდღეობას უფრო და უფრო აუარესებს", - განუცხადა შეშელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს".

შეგახსენებთ, რომ  ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი მერყეობა გამჭვირვალობის კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ დაიწყო. ბოლო მონაცემებით, 1 დოლარი უკვე 2,86 ლარის ღირს. დევალვაციის შესაჩერებლად მიმდინარე ეროვნულმა ბანკმა ორი სავალუტო აუქციონი ჩაატარა და მთლიანობაში 108.7 მლნ დოლარი გაყიდა, მაგრამ სამეს ამანც ვერ უშველა. ჯერჯერობით სავალუტო ბაზარზე სტაბილურობის არანაირი ნიშანი არ გამოკვეთილა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×