თამთა ჩაჩანიძე
26.06.2024

„გავლენების კანონთან" დაკავშირებული დასავლეთის კრიტიკის მიუხედავად, საქართველო ნატოს ვაშინგტონის 9-11 ივლისის სამიტზე მიიწვიეს, თუმცა, საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მიწვევა პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ჯერ არ მიუღია. ვინ წარადგენს სამიტზე საქართველოს, ჯერჯერობით უცნობია. ოპოზიციაში არც იმას გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიხილოთ, თუმცა ამ საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია დუმს. მიწვევის შესახებ არაფერს ამბობს არც საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ანალიტიკოსები ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს მიწვევას დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ალიანსთან ურთიერთობაში მანევრის სივრცე დაუტოვეს. მათი შეფასებით, ახლა მნიშვნელოვანია ვინ წარადგენს სამიტზე ქვეყანას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ატლანტიკურმა საბჭომ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ოფიციალურად აირჩია. რუტე მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საქართველოს მიმართ ნატოს პოლიტიკა ამით არ შეიცვლენა, რადგან რუტე იენს სტოლტენბერგის გზას გააგრძელებს.

რა პროცესები მიდის ნატოში

ჩრდილო ატლანტიკურმა ორგანიზაციამ საქართველო 9-11 ივლისის ვაშინგტონის სამიტზე მიიწვია. აშშ-ის სახელწიფო მდივნის თანაშემწის ევრპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების მიუხედავად, საქართველოს მიწვევა მაინც გაეგზავნა.

პრესკონფერენციაზე ობრაიენმა დაგმო „ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული ეს კანონი და განაცხადა, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, კანონი კი ამის ხელის შემსლელი ფაქტორია.

„ჩვენ გვინდა მათ გაიგონ, რომ გზა, რომელსაც ისინი („ქართული ონება") დაადგგნენ და რიტორიკა, რომელსაც დასავლეთის მიმართ იყენებენ, არ შეესაბამება იმას, რაც საქართველოს მოსახლეობის 80%-ს სურს... ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება ნათლად ავუხსნათ, რომ ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა უარი თქვან", - განაცხადა ობრაიენმა.

მისივე თქმით, 9-11 ივლისის ვაშინგტონის სამიტზე საქართველოსთან ერთად ნატოს ყველა პარტნიორია მიწვეული. სამიტზე სამი ძირითადი საკითხი უნდა განიხილონ - „ალიანსის ჯანმრთელობა, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში პარტნიორობა და უკრაინის წარმატების უზრუნველყოფა". სამიტი ნატოს 75 წლისთავს ეძღვნება.

ამის პარალელურად, 26 ივნისს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ოფიციალურად აირჩია. რუტე მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება. მოქმედ გენმდივან იენს სტოლტენბერგს თანამდებობეზე ყოფნის ვადა ზუსტად ამ დროს ეწურება.

ახალი გენმდივანი სტოლტენბერგის მემკვიდრედ აცხადებს თავს და ამბობს, რომ მისი ათწლიანი მღვაწეობით აღფრთოვანებული იყო.

„ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივია. ალიანსი ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედია და ასეც დარჩება. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობაა, რომელსაც უმნიშვნელოდ არ მივიჩნევ. მადლობა ყველა მოკავშირეს ნდობის გამოცხადებისთვის. მოუთმენლად ველი ოქტომბერს, რათა მოვალეობის შესრულება ენერგიულად დავიწყო, როგორც იენს სტოლტენბერგის მემკვიდრემ, რომელიც გასული 10 წლის განმავლობაში ნატო-ს გამორჩეულად ხელმძღვანელობდა და რომლითაც მე ყოველთვის დიდად აღფრთოვანებული ვიყავი", - განაცხადა მარკ რუტემ.

ამის პარალელურად გაირკვა, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს ნატოს ერთობლივ სამხედრო წვრთნებში, რომელიც ამ დღეებში დაიწყება და 5 ივლისამდე გასტანს. საუბარია საზღვაო წვრთნებზე „სი ბრიზ", რომელიც, როგორც წესი, ყოველწლიურად შავ ზღვაზე ტარდებოდა. თუმცა, 2021 წლის შემდეგ, უკრაინაშ ომის დაწყების გამო, აღარ გამართულა. ახლა „სი ბრიზ 2024" შოტლანდიაში ჩატარდება.

რა ცვლილებებია მოსალოდნელი ნატო-საქართველოს ურთიერთობაში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის აზრით, საქართველო ნატო-სთან ასე ახლოს ჯერ არასდროს ყოფილა.

„ყოველთვის საუბრობენ იმაზე, რომ ნატო შორდება საქართველოს და მთავარი კონტრიბუტორები ვართ ამ დროს ნატოსთან მიმართებაში არაწევრ ქვეყნებს შორის. სისხლი გავიღეთ, რამდენიმე ათეული ადამიანი დავკარგეთ, რამდენიმე ასეული ადამიანი შშმ პირი გახდა მშიდობისთვის ბრძოლაში ნატოს ჯარების მხარდამხარ. საქართველო დღეს როგორც არის ნატოსთან ახლოს, და ეს ნატოს გენერალურმა მდივანმაც აღნიშნა, არასდროს ყოფილა. შესაბამისად, ჩვენ ჩვენს გზას ვადგავართ, ჩვენი გზა არის საქართველოს კონსტიტუციით გასაზღვრული", - განაცხადა მდინარაძემ.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მოწვევა ვაშინგტონის სამიტიდან ნიშნავს, რომ ოფიციალურ თბილისს საქართველო-ნატოს ურთიერთიბაში მანევრის სივრცე დატოვებული აქვს. მისი თქმით, პირველ რიგში ისაა საინტერესო, თუ საქართველოდან ვინ დაესწრება სამიტს.

„ჯერ, პირველ რიგში, საინტერესოა ის, ქართული მხარე თუ მიდის. თუმცა დიდ გარღვევებს არაფერს არ ველოდები, ეს არის ალბათ უბრალოდ იმის ჩვენებაა, რომ ურთიერთობაში მანევრის სივრცე დატოვებული აქვს საქართველოს.

„აბსოლუტურად არანაირად არ აისახება საქართველოს-ნატოს ურთიერთიბაზე ახალი გენმდივნის დანიშვნა. წინა რითი იყო ცუდი?! საქართველოს მიმართ დადებითად იყო განწყობილი და თან ნატოს გენმდივანი არაა ის პიროვნება, რომ იქ მარტო წყვეტს საკითხებს.

„სი ბრიზ"-ის ლოკაციის შეცვლის მიზეზი ისაა, რომ საომარი მოქმედებები მიდის და იქ (შავ ზღვაში) კიდევ დამატებითი სწავლების ჩატარებას უსაფრთხოდ არ სთვლიან. შესაბამისად, გადაიტანეს შოტლანდიაში. საქართველოდან შსს-ს სანაპირო დაცვის მცირე კონტინგენტი მონაწილეობდა ხოლმე. ჩვენ რომ საზღვაო ძალები არ გვყავს, წინა ხელისუფლების დიდი „დამსახურებაა" და მის აღდგენაზე ახალი ხელისუფლების მონდომებაც არ ჩანს და ფაქტიურად, სიმბოლურად ვმონაწილეობდით", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ საქართველოს მიწვევა სამიტზე პოზიტიური მოვლენაა და დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ წარადგენს ქვეყანას. მისივე აზრით, სავარაუდოდ, ეს იქნება დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით. მაისაია დასძენს, რომ ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს ხელისუფლების მისამართით შესაძლოა კრიტიკა წამოვიდეს.

„საქართველო ნატოს სამიტზე მიიწვიეს, როგორც ალიანსის ჯერ კიდევ სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც გაფართოების პოლიტიკის ფორმატში მოიაზრება. სამ ქვეყანაზეა საუბარი - ბოსნია-ჰერცოგოვინა, უკრაინა და საქართველო. არ გამოვრიცხავ, რომ სამიტზე ჩვენი ხელისუფლების მიმსამართით საკმაოდ კრიტიკული შენიშვნები წამოვიდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ვინ წარადგენს საქართველოს. ვფიქრობ, რომ ისევ საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავა და ამით შემოიფარგლებიან. ორი დღის წინ („ოცნებისგან") საუბარი იყო, რომ ჩვენ გადავდივართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაზეო.

„ის, რომ საქართველო ნატოს სამიტზე მიიწვიეს, დიდი და პოზიტიური მოვლენაა. ამით ჩანს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო-ნატოს ურთიერთობები ვითარდება. ნატოს, ევროკავშირისგან განსხვავებით, ჩვენი ხელისუფლების მისამართით ძალიან მწვავე კრიტიკა რომ არ დაუფიქსირებია, ეს ამ ეტაპისთვის კარგია. კიდევ დაგვრჩა შანსი, რომ ეს მიმართულება განვავითაროთ.

„ნატო პოლიტიკური გაერთიანება არაა, როგორიცაა ევროკავშირი და ის სხვა პრინციპებზეა აგებული. ბოსნია-ჰერცოგოვინაც არ გამოირჩევა დემოკრატიული პრინციპებით, მაგრამ დღეს მაპ-ის სტატუსი აქვს", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

რა შეეხება ახალ გენმდივანს, მაისაიას აზრით, რუტეს არჩევით საქართველოსთან დაკავშირებით სიტუაცია დიდად არ შეიცვლება, რადგან რუტე სტოლტენბერგის პოლიტიკას გააგრძელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×