ელზა პაპოშვილი
02.07.2024

რა კონფიგურაციით წარდგებიან ამომრჩევლის წინაშე „ერთობის დეკლარაციის“ ირგვლივ გაერთიანებული სუბიექტები, 8 ივლისამდე უნდა გაირკვეს. დეკლარაციას, რომელსაც 6 პარტიამ ხელი ბრიუსელში მოეწერა, ამომრჩეველს დაპირდა, რომ ზუსტად ერთ კვირაში ეტყვიან ვინ ვისთან და რა სახის თანამშრომლობას აპირებენ.   

გაჩნდა მოლოდინი, რომ  „ნაციონალური მოძრაობამ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“, „ახალმა“, „ლელომ“, „დროამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“, რომლებმაც „ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას“ ხელი მოაწერეს, გაერთიანებაზე ან რაიმე სახის თანამშრომლობაზე განცხადება უნდა გააკეთონ. 

თუმცა, ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამის რაიმე კონტურები არ ჩანს და არა აქვს მოლოდინი, რომ 8 ივლისს ოპოზიციის თუნდაც 6 პარტია რამე კონკრეტულზე შეთანხმდებიან. მისი აზრით, დრო ისედაც დაგვიანებულია და რაც უფრო გადადებენ ამის გაკეთებას, ეს მით უფრო „ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმა იქნება.

„ერთიანობის დეკლარაცია“ კი გულისხმობს ერთიანობას როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. „ერთობის დეკლარაციაზე“ ხელის მომწერი პარტიები თანხმდებიან, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა ხმების დაცვას უზრუნველყოფენ, არჩევნების შემდეგ კი ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშესაწყობად მმართველ კოალიციას ჩამოაყალიბებენ და ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე შეთანხმდებიან. 

თუმცა სამშობლოში დაბრუნებული პოლიტიკოსები სულ სხვანაირად საუბრობენ და როგორც მათი განცხადებებიდან გვრჩება შთაბეჭდილება, რაიმე გაერთიანებაზე, ან ერთი რიცხვის გარშემო მათ შემოკრებას არ უნდა ველოდოთ. 

მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ დასავლეთიდან წამოსული დირექტივების გამო, ოპოზიცია იძულებულია რაღაცა გაერთიანებაზე შეთანხმდეს, მაგრამ ყოველ ჯერზე მსგავსი მცდელობა უშედეგოა და პირიქით, მათ რეიტინგს კიდევ უფრო აზიანებს. ურეიტინგო ოპოზიციას არც გაერთიანება და არც გადაჯგუფებები არ უშველის.  

”ერთიანობის ქარტია” არის განაცხადი, რომ ჩვენ არცერთი ფორმით არ დავეხმარებით ბიძინა ივანიშვილს მთავრობის შექმნაში, - ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ ერთობის დეკლარაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დეკლარაციაზე ხელმომწერებმა 8 ივლისამდე უნდა მიიღონ სწორ კონფიგურაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომლითაც ამომრჩევლის წინაშე წარდგებიან.

”ერთიანობის ქარტია” არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი და ქართული პროდასავლური ოპოზიციის წარმატება. ამ დოკუმენტით ბევრი საკითხი არის შეთანხმებული. მთავარი არის შემდეგი, 8 ივლისამდე უნდა მივიღოთ სწორ კონფიგურაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომლითაც წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე. ეს არ არის აუცილებლად ერთი სია, ჩვენ გადაწყვეტილება პასუხისმგებლობიანად და რაციონალურად უნდა მივიღოთ და არა რაიმე პირად გადაწყვეტილებებზე დაფუძნებით. მეორე, ეს არის განაცხადი, რომ ჩვენ არცერთი ფორმით არ დავეხმარებით ბიძინა ივანიშვილს მთავრობის შექმნაში”, - განაცხადა გვარამიამ.  

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიცია აგვიანებს და ეს ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ წიქსვილზე ასხამს წყალს. მისი თქმით, მაისში უკვე უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ რას და როგორ აპირებენ 2024 წლის არჩევნებისთვის. ახლა კი უკვე ივლისია და არ ჩანს იმის არანაირი კონტურები, რომ ისინი რამეზე საბოლოოდ შეჯერდებიან. 

„სამწუხაროდ ოპოზიცია ძალიან აგვიანებს და დიდი ალბათობით 8 ივლისსაც არაფერი იქნება. ფაქტია რომ ამის არანაირი კონტურები არ ჩანს. ოპოზიციის მოქმედებები და განცხადებები ცხადყოფს, რომ ჯერ კიდევ ვერაფერი გადაწყვიტეს. მე იმედი მქონდა, რომ მაისში რაღაცას იტყოდნენ და გავიგებდით საბოლოდ ვინ ვისთან ჯგუფდება, ან რა სახით გადიან არჩევნებზე. ეს ჩამოუყალიბლებობა ყველაზე მეტად მათ აზიანებს, რადგან ოპოზიციური ამომრჩევლის ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვება ძალიან ცუდია. დროის გაწელვა ყველაზე მეტად ცუდად მათზე მოქმედებს. სექტემბერი უკვე ძალიან გვიან იქნება.  

„ამიტომ რაღაცა ხელშესახები უნდა ითქვას. „ოცნებას“ ჰყავს თავისი ამომრჩეველი და ის დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე აუცილებლად მივლენ. ასევე დარწმუნებულია „ნაციონალური მოძრაობა“. ყევლაზე მეტად დანარჩენ ოპოზიციას აქვს პრობლემები. მათ უნდა დაარწმუნონ ე.წ. ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი რომ სახლში არ დარჩნენ და მივიდნენ არჩევნებზე. ხმა მათ მისცენ. სწორედ ამ ტიპის ამომრჩევლის გადაბირებაა მნიშვნელოვანი. ეს დუმილი და გაურკვევლობა ოპოზიციის მხრიდან ამ ამომრჩეველს აბნევს და ისევ ფიქრობს, რომ სახლში დარჩეს. ეს კი ყველაზე მეტად „ოცნებას“ აწყობს. რაც უფრო  ცოტა ხალხი მივა არჩევნებზე,  მათთვის მით უკეთესი იქნება“,-ამბობს ძაბირაძე. 

რაც შეეხება იმას, რატომ ვერ ჩამოყალიბდა აქამდე ოპოზიცია, ძაბირაძე ფიქრობს, რომ ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში ანალიტიკოსი ოპოზიციაში არსებულ ამბიციებს ასახელებს და სიფრთხილეს. მისი აზრით, საერთო სია ნამდვილად წამგებიანია „ნაციოანლურ მოძრაობასთან“ ერთად, თუმცა მის გარშე რაღაცა გადაჯგუფებები უნდა მოხდეს. სხვაგვარად 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ. 

„მე მგონია, რომ ყველაფერი ისევ და ისევ ოპოზიციაში არსებული განწყობების ბრალია. ყველა მიიჩნევს, რომ პირველია და ლიდერობა უნდათ. მათი მიზანი გამოდის რომ „ოცნების“ გაშვება არ არის. მათი ამბიციებია, რომ მოხვდნენ პარლამენტში. სხვაგვარად მმართველ გუნდს ვერ გაუშვებენ, თუკი ნაციონალების გარეშე ოპოზიციის გადაჯგუფება არ მოხდება. ცალ-ცალკე პარტიების არჩევნებზე გასვლა დიდი რისკია. არსებობს 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა. 

ამიტომ არ უნდა დაიკარგოს დრო იმაში ვინ პირველია და ვინ მეორე. არ ვიცი რა კვლევები ჩაატარეს და რა შედეგი მიიღეს, მაგრამ ესე რომ ვერაფერს მიაღწევენ ფაქტია. ან ეს დეკლარაციაზე ხელის მოწერა რად უნდოდათ არ ვიცი. 

„ოპოზიციაში არ არსებობს ლიდერი, რომლის გარშემოც გაერთიანება მოხდებოდა. ესეც დამატებით პრობლემაა. სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება ოპოზიციის გამაერთიანებელი. ის შესაძლოა დასავლეთისკენ ორიენტირი იყოს. სხვა მას არაფერი შეუძლია. ის არ არის, გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის მსგავსი ლიდერი, რომლის გარშემოც კონსოლიდაცია მოხდებოდა. ამიტომ სჯობს დროზე ჩამოყალიბდნენ, თუმაც ამის იმედი ნაკლებად მაქვს“,-ამბობს ძაბირაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×