ჩემი უნივერსიტეტის პრობლემები...
რეზონანსი
26.05.2024

ტელევიზიებმა თსუ-ის მეორე კორპუსის წინ სტუდენტების მორიგი დაპირისპირების თაობაზე გაავრცელეს ინფორმაცია. გვაცნობეს, რომ პროფესორი ირაკლი კობახიძე შენობაში უკანა კარიდან „შეპარულა“, ხოლო შენობის დატოვებისას გამართული მუშტი-კრივისა და გინების ამსახველი კადრები პირდაპირ ეთერში გვაყურებინეს... არადა, მერჩივნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს „რუსული კანონის“ მოწინაღმდეგეები რომელიმე დიდ აუდიტორიაში მიეწვია, ხოლო საკონსტიტუციო სამართალში დაგეგმილი ლექციის დასრულების შემდეგ, მათთან სასაუბროდაც გამოეძებნა დრო და ყველა კითხვაზე, ჩვეული აკადემიურობით ეპასუხა... 

გული მეტკინა იმის დანახვაზე, რომ უნივერსიტეტში შესასვლელი კარის ერთ მხარეს პოლიციელები, ხოლო მეორე მხარეს ხელისუფლების მხარდამჭერი სტუდენტები იყვნენ „მობილიზებულები“ და დაცვით გარშემორტყმულმა პორთფელიანმა ლექტორმა ისე ჩაირა მისი მომლოდინე ახალგაზრდების წინ, მათთკენ არ გაუხედავს... ფაქტია ისიც, რომ, როგორც კი, პროფესორი მანქანაში ჩაჯდა, „პოლარიზებულმა“ უნივერსიტეტელებმა სამართლდამცავებისა და ტელეკამერების წინ „ბრძოლა წესების გარეშე“ გამართეს... საზოგადოება იმაშიც დარწმუნდა, „ღირსებით ევროპისკენ“ მიმავალ სტუდენტებს, არა მარტო სამართლის საფუძვლების ცოდნის მხრივ აქვთ პრობლემა... 

არადა, ცოდნის ტაძარს განსაკუთრებული აურა მასში მოღვაწე მამულიშვილებმა მოჰფინეს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ღირსეულად წარმოაჩენდნენ ერის ინტელექტუალურ პოტენციალს და განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდათ ახალგაზრდების პიროვნულ ჩამოყალიბებაშიც. ამასთან, თსუ ყოველთვის იყო არა მარტო განათლების წამყვანი ცენტრი, არამედ ეროვნული მუხტის აქტიურ მატარებელს, ხოლო დედაეკლესიასთან ერთად, ქართული ცნობიერებისა და სახელმწიფოებრიობის მყარ საძირკველსაც წარმოადგენდა. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გასაბჭოებისთანავე რეპრესიები დაიწყო და „ბოლშევიკებმა“ დამფუძნებლები „წითელი პროფესორებით” ჩაანაცვლეს, ფაქტია, პირველი ქართული უნივერსიტეტი ტოტალიტარიზმის წლებშიც კი გადარჩა და სახელმწიფოში ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა (მერე მოდიოდა მეცნიერებათა აკადემია და ეკლესია). 

თსუ-ში პრობლემები 1991 წლის „დემოკრატიული აჯანყების” შემდეგ დაიწყო, როდესაც მთავრობამ პროფესორები „მილიონერებად“ კი აქცია, თუმცა ბევრს ოჯახების გადასარჩენად მოუწია საზღვარგარეთ თავშესაფრის ძიება... „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი „ხუთჯვრიანი დროშები“ უნივერსიტეტის კორპუსებზეც გადმოიფინა, რაც ღვაწლმოსილი მეცნიერების და ქვეყნის ევოლუციური განვითარების მომხრეების თსუ-დან მასობრივი დათხოვნით („ჩარეცხვით“) დასრულდა... მათ ნაცვლად კი აკადემიურ თანამდებობებზე „ნაცმოძრაობის“ პარტიულ-ნომენკლატურული აქტივი დასაქმდა... 

თსუ-ში განხორციელებული „ლომაია-ხუბუას რეფორმის“ თაობაზე მკაფიო წარმოდგენის შესაქმნელად კი ის ფაქტიც კმარა, რომ ავტორიტეტულმა ისტორიკოსებმა საპარტრიარქოს უნივერსიტეტს შეაფარეს თავი, ხოლო იმ პროფესორმა რომელიც უნივერსიტეტში დატოვეს საკუთარი ბროშურაც კი გადამალა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ „5-ჯვრიანი გამოსახულება კათოლიკური სამყაროს ინტეგრაციული სიმბოლოა და ის ჯვაროსნულ ეპოქაში შეიქმნა“... ცხადია, `რევოლუციური~ ხელისუფლებისთვის ისტორიკოსებში ავტორიტეტად ის მიიჩნეოდა, ვინც ფაქტებს მმართველი კლასის სასარგებლოდ ყველაზე მეტად აყალბებდა, ხოლო იურისტებში ის, ვინც პოლიცია-პროკურატურაზე მორგებულ კანონებს „ევროსტანდარტულებად“ მოიხსენიენდა... 

ამასთან, ნაცვლად იმისა, რომ დეპოლიტიზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად გვექცია, თსუ-ში ფაქტობრივად, ხდებოდა პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტობის დაპირისპირებულ ჯგუფებად დაყოფა და კომუნისტებისდროინდელი პარტიული თუ კომკავშირული ორგანიზაციების მსგავსი ე. წ. თვითმმართველობის სტრუქტურების ფორმირება. შედეგად, მმართველმა პარტიამ, ფაქტობრივად, ისეთივე სრული კონტროლი მოიპოვა უნივერსიტეტზე, როგორც ამას კომუნისტები ზეობის წლებში ახერხებდნენ. 

ამავე პერიოდში იწყება ე. წ. სტუდენტური თვითმმათველობის ფორმირებაც, რომელიც ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ახალგაზრდებით დაკომპლექტდა. მათი მორალური სახის შესახებ მკაფიო წარმოდგენას „ერთიანი სტუდენტური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პლაკატი ქმნიდა, რომელზეც სტუდენტები რუსული „ვოდკისა“ და ინგლისურენოვანი უხამსი წარწერებიანი მაისურებით იყვნენ გამოსახულნი. მათ გართობა-სეირნობაზე, ღამის კლუბებში „საუნივერსიტეტო ღონისძიებების“ გამართვაზე თსუ-ის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები გამოიყოფოდა. ფაქტია, „ნაცმოძრაობის“ მესვეურების მიერ მართული თვითმმათველობის აქტივისტები (`ზონდერები“) განსხვავებულად მოაზროვნეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ Dდა არა მარტო სტუდენტებს... 

`ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თსუ-ის გადარჩენის და რეალური რეფორმის გატარების იმედი გამიჩნდა. თუმცა, ფაქტია, რომ ჯერ-ჯერობით ვერც უნივერსიტეტიდან დათხოვნილი ან ნებით წასული პროფესიონალების უკან დაბრუნება მოხერხდა, ვერც გაუქმებული ფაკულტეტების აღდგენა და ვერც სტუდენტური თვითმმართველობის რეალური რეფორმირება. ფაქტია, ვერც იურიდიული ფაკულტეტის პროფესურამ დაიმსახურა საზოგადოების ნდობა (მედიასაშუალებიც ესპერტებად ისევ არასამთავრობო ორგანიზაციების „ახალგაზრდა იურისტებს“ იწვევენ...), სამაგიეროდ, უნივერსიტეტის წინ აღიმართა საეკლესიო ჯვრის მაგვარი რკინის კონსტრუქცია, რომელზეც, ფაქტობრივად, ნაციონალური პარტიული დროსა, თანაც არასწორად არის ჩამოკიდებული...

სამწუხაროა, რომ, როგორც ჩანს, ვითარება არსებითად არ არის შეცვლილი და თსუ, გარდა იმისა, რომ უაღრესად პოლიტიზებულად რჩება, სტუდენტები ისევ პოლარიზებულ ჯგუფებად არიან დაყოფილები და მათი ნაწილი მმართველი პარტიის, ხოლო ნაწილი უხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების „მავნე გავლენას“ განიცდის...

არანაირი გამართლება აქვს იმასაც, რომ, ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი, თსუ იურიდიული ფაკულტეტიც უარს ამბობს სადავო ნორმების განმარტებაზე (არადა, ერთს ოფიციალური, ხოლო მეორეს არაოფიციალური განმარტების ვალდებულება აკისრია...), რაც ხელისუფლებების სამივე შტოში განუკითხაობას და სამართლებრივი ნიჰილიზმის დამკვიდრებას უწყობს ხელს... ფაქტია ისიც, მიუხედავად იმისა, რომ თსუ-ის რექტორს, აგრეთვე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტებს წლის დასაწყისში ვაცნობე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართული სხდომის თაობაზე („ხუთჯვრიანი დროშა არაქართული და უკანონოაო!“ განაცხადეს) და ვთხოვე სახელმწიფო სიმბოლიკასთან მიმართებით მეცნიერების პოზიცია საზოგადოებისთვის გაეცნოთ, დღემდე „დუმილის უფლებას“ იყენებენ, არადა საპროტესტო აქციებზე ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად იყენებენ შინდისფერ დროშას... 

ის, რომ პირველ ქართულ უნივერსიტეტში რეალური რეფორმაა გასატარებელი და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში იურიდიული განათლების მიმართულებითაც სერიოზული პრობლემები შეიქმნა, არავისთვის უნდა იყოს უცხო. ამის გამოა, რომ არა მარტო კანონმდებლობაში, არამედ „უზენაეს კანონშიც“ კი გაუთავებლად შედის ცვლილება–დამატებები, ხოლო სამართლიანი არჩევნებისა და კონკურსების ჩატარება დღემდე ვერ ვისწავლეთ. ფაქტია, რომ მეხუთე პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 წლის წინ გამწესებული ქალბატონი კონკურსზე თსუ-ის წარდგენილ „სამართლის დარგის აღიარებულ სპეციალისტად“ გააცნეს საზოგადოებას, თუმცა, რეალურად, სხვა უნივერსიტეტის მიერ და ისიც, აშკარა კანოდარღვევით იყო წარდგენილი... არადა, არც თსუ-ის მესვეურებს, არც „არასამთავრობოებს“ და არც კონკურსში მონაწილე იურისტებს გამოუთქვამთ პროტესტი...

ვთვლი, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ტემპებზეც და საზოგადოების ზოგადსამართლებრივი კულტურის არასახარბიელო დონეზეც, პირველ რიგში, უნივერსიტეტელი სამართალმცოდნეები ვართ პასუხისმგებელნი. 

ბუნებრივია, რომ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც რექტორის თანამდებობაზე და პროფესორებადაც საკუთარი პოლიტიკური კურსის მხარდამჭერები სჭირდებათ. Mმე კი თსუ-ის მესვეურებად მხოლოდ აღიარებულ მეცნიერებს, პოლიტიკური ამბიციებისგან თავისუფალ, დამოუკიდებლად მოაზროვნე და ქართული ტრადიციების დამცველ პიროვნებებს ვისურვებდი. აქედან გამომდინარე, მეც ვუერთდები მოწოდებას: `ავტონომია უნივერსიტეტს!“. ამასთან, სტუდენტებს ვურჩევდი არ მოექცნენ პოლიტიკოსთა გავლენის ქვეშ, ღირსება არავის შეალახინონ, თავისუფლების ხიბლი სრულად შეიგრძნონ და საქართველოს ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებელად გაერთიანდნენ. 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×