რეზონანსი
29.05.2024

ვინაიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ „მოღალატედ" შერაცხული პრეზიდენტი „რუსული კანონის" მხადდაჭერ დეპუტატებს „ორჯონიკიძეებად" მოიხსენიებს, პოლო პარლამენტის წინ ისევ ისმის „რევოლუციური მოწოდებები", თავი ვალდებულად ჩავთვალე, საზოგადოებისთვის მიმემართა. ხელისუფლებისა და ოპოზიციის, აგრეთვე მათი მხარდამჭერების პოლარიზაციის გათვალისწინებით, თავიდანვე ყველასთვის ავტორიტეტული პიროვნების აზრს მოვიშველიებ. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ერთ-ერთ საშობაო ეპისტოლეში ბრძანა, „საერთოდ, უფრო მეტად გვმართებს ანალიტიკური აზროვნების უნარის გამოვლენა, ვიდრე გულის კარნახით სიარული. ჩვენი ყოველი ნაბიჯი აწონილი და გამართლებული უნდა იყოსო!"

ამის შემდეგ, რამდენიმე მოცემულობას ჩამოვაყალიბებ და ანალიზს მკითხველს მივანდობ:

ფაქტია, დამოუკიდებლობის აღდგენიდან უკვე მესამედი საუკუნეა გასული, მაგრამ ე. წ. ევროსტანდარტების შესაბამისი სამართლიანი არჩევნების ჩატარება ვერ ვისწავლეთ („რეიტინგული პოლიტიკოსები" და პრეზიდენტები გაიხსენეთ...), კონსტიტუცია („უზენაესი კანონი") რამდენჯერმე შევცვალეთ, ხოლო „აჯანყება-რევოლუციების" შედეგად ტერიტორიები დავკარგეთ...

დღეს, ისევე ვართ „პოლარიზებულები", როგორც 1991, 2003 სა 2012 წელს და ამჯერად უკვე „რუსული კანონის" გამო ვუპირისპირდებით ერთმანეთს.

არადა, ევროკავშირის წევრობაზე პრეტენზიის მქონე ქართველებმა დამოუკიდებლობის დღე „თავისუფლების" (არჩევანის თავისუფლების...) მოედანზე აღვნიშნეთ, რომელზეც ერთ აღმსარებლობასთან ასოცირებული, ამასთან, ხელისუფლების აზრით, „რუსული წმინდანის" მონუმენტია აღმართული (საქართველოს ახალ სახელმწიფო გერბზე წმინდა გიორგი სხვა „ორიენტაციისაა"...). თან „ხუთჯვრიანი დროშები" ვაფრიალეთ (ფაქტობრივად, პარტიული, ვინაიდან მეცნიერებათა აკადემია თვლის, რომ „არაქართული და უკანონოა!") და, ფაქტობრივად, სააკაშვილის მიერ შერჩეული სახელმწიფო ჰიმნიც გავაჟღერეთ, რომელშიც საქართველო არ არის ნახსენები... სამაგიეროდ, ევროპელებისთვის „სატანის სიმბოლოდ" ცნობილი „ცისკრის ვარსკვლავი", რატომღაც „ორ ზღვას შუა ბრწყინდება", მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით საქართველოს ტერიტორია მხოლოდ 1991 წლის 21 დეკემრის მდგომარეობით გვაქვს განსაზღვრული...

ამასთან, თუ ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოებში ხელისუფლების სამი დამოუკიდებელი შტოა, საქართველოში, ფაქტობრივად, ხუთია... პირველი - უცხოეთიდან დაფინანსებული და პოლიტიკური ამბიციის მქონე „არასამთავრობო ორგანიზაციებია", მეორე - „რეიტინგული (პარტიული) ტელევიზიები" და შემდეგ მოდიან, ფაქტობრივად, პირველი ორი „ხელისუფლების" მიერ მართული (დაკომპლექტებული) საკანონდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებები...

ისევე როგორც უკრაინაში, საქართველოშიც მოქალაქეების რაოდენობაც და შობადობაც, ფაქტობრივად, განახევრდა, ხოლო სოფლები დაიცალა, ვინაიდან გლეხების ნაწილი ემიგრაციაშია, ხოლო ნაწილი დედაქალაქში ეძებს საარსებო წყაროს. არადა, ქართული მიწა უცხოელებზე 1996 წლიდან იყიდება (უკრაინაში 2021-დან), რაც დემოგრაფიულ ვითარებაზეც აისახება...

ვხედავ, რომ რუსეთის, ჩინეთისა და თურქეთის მესვეურებმა (ფაქტობრივად, იმპერატორებმა) გამოძებნეს საერთო ენა და ანგლო-საქსური კავშირის ფორმირების თაობაზეც ვრცელდება ინფორმაცია (აშშ, ინგლისი, ავსტრალია... შეიძლება, ისრაელიც შეიმხანაგონ...). იმის თაობაზეც მსმენია, რომ „სტრატეგიული პარტნიორები", „ისტორიული მეგობრები" და „ოკუპანტები" საქართველოს ტერიტორიული მოწყობის რამდენიმე საკუთარ ვარიანტს განიხილავენ, რამაც ქვეყანა შეიძლება კიდევ უფრო დააქუცმაცოს.

არც ის არის გამორიცხული, მორიგი „რევოლუციის" ან საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული „სამოქალაქო დაპირისპირების" შემთხვევაში, რუსი და თურქი „მშვიდობისმყოფელები" საქართველოს ოკუპაციას მოახდენენ იმ პირობით, რომ ჩინელების ინტერესებს დაიცავენ და მათ ტვირთებს უპრობლემოდ გაატარებენ.

ცხადია, ყველა შემთხვევაში, მეზობელი ქვეყნების მიერ საზღვრების გადმოწევის ან საქართველოს ტერიტორიის სრულად ოკუპაციის ფაქტზე „ევროპელი მეგობრებიც" და „სტრატეგიული პარტნიორებიც" ბევრჯერ „შეშფოთდებიან" ან „აღშფოთდებიან" (შეიძლება, „ღრმა მწუხარებაც გამოხატონ"...), მაგრამ, ნამდვილად აღარაფერი გვეშველება...

დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან განვლილი პერიოდის ანალიზიდან გამომდინარე, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ „რუსული კანონის" მეორედ ინიცირებაც და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხალხის ქუჩაში გამოყვანაც „ვიღაც მესამის" ინტერესებშია და არაფერ სასიკეთოს არ მოგვიტანს...

ცხადია, სხვებზე არანაკლებად მინდა, საქართველო ევროპის ნაწილი იყოს, მაგრამ, როდესაც არც გეოგრაფიული მდებარეობა, არც პოლიტიკური რეალობა და სამართლებრივი კულტურა ამის საშუალებას არ იძლევა, ხოლო მეზობლებად რუსეთი და თურქეთი მყავს, თავის მოტყუება არ მინდა, რის გამოც საერთო საზღვრის მქონე სახელმწიფოებთან ურთიერთობის დალაგება მირჩევნია, რომ საქართველომ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შანსი მაინც შეინარჩუნოს.

იმასაც ვაღიარებ, რომ „რუსული კანონის" მოწინააღმდეგე ახალგაზრდებისგან (ზრდასრულებისგანაც...) განსხვავებით, რომლებსაც არაფრის ეშინიათ, ძალიან მეშინია, ქართველების „პოლარიზაციისა" და „რუსული კანონის" გამო შექმნილი მორიგი „რევოლუციური სიტუაციის" გამოყენებით „ვიღაც მესამის" ინტერესებში, არა მარტო ტერიტორიის მორიგი ნაწილი, არამედ სახელმწიფოებრიობა არ დავკარგოთ...

სწორედ ამის გამო ხელისუფლებას და ოპოზიციას, აგრეთვე მათ მხარდამჭერებს ემოციების დაოკება და საქართველოში ევროპული ტიპის სამართლებრივი სახელმწიფოს ასაშენებლად გაერთიანება მინდა ვთხოვო.

ავთანდილ კახნიაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×