ნატალია ჯვარიძე
14.06.2024

„ოცნებამ" საარჩევნო სიაზე მუშაობა უკვე დაიწყო. პირველ ნომრად ვის დაასახელებენ, ამაზე მოსაზრებები განსხვავებულია. მედიაში ვრცელდება ცნობები, თითქოს პირველ ნომრად სიაში ირაკლი ღარიბაშვილია, თუმცა ანალიტიკოსები, რომლებსაც „რეზონანსი" ესაუბრა, ან პრემიერ კობახიძის კანდიდატურას ასახელებენ ან, არც მეტი არც ნაკლები, თავად ბიძინა ივანიშვილის.

„წესით, პირველ ნომრად ირაკლი კობახიძე უნდა წარდგეს, რადგან ჩვენ სისტემას ეგ ხაზები თვალსაჩინოდ აქვს, რომ პროპორციულ სისტემაში პარტიის თავმჯდომარე თუ გავა, მერე ის უნდა იყოს პრემიერი და ამავე დროს წარდგენილი სიის პირველი ნომერიც უნდა იყოს. ამ წესით ცხოვრობს ევროპაც და თუ ჩვენც ამ სტანდარტებს გავიმეორებთ, მაშინ პირველ ნომრად კობახიძე უნდა იყოს და მასვე უნდა ჰქონდეს პრემიერად მოსვლის პერსპექტივა. ამავე დროს ის პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოს. რა თქმა უნდა, თუ სტანდარტს გავყვებით", - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ცნობებს იმაზე, თითქოს „ოცნებამ" საარჩევნო სიის შედგენა უკვე დაიწყო და სიის პირველი ნომერი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება, ოპოზიციური „მთავარი არხი" ავრცელებს. მამუკა მდინარაძე დეპუტატი აღარ იქნება და შეიძლება გენპროკურორად გადაიყვანონ. ასევე, ჩანაცვლდებიან დავით მათიკაშვილი, არჩილ თალაკვაძე, რიმა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლ ზარქუა, დიტო სამხარაძე, ნინო წილოსანი, ელისო ბოლქვაძე და ალუდა ღუდუშაური. სიის მიღმა დარჩენილი დეპუტატები ჯერჯერობით უცნობია.

ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს კი მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი წარსდგება პირველ ნომრად, თუმცა რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელოდება.

„პრინციპში „ოცნების" სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება, იმიტომ ეს მისი არჩევნებია. ამ მთავრობას ვინც ხმას აძლევს, ეს ნიშნავს, რომ მხარს მხარს მას უჭერს და ამას დიდი მნიშვნელბა არ აქვს. მართალი გითხრათ, არ ვიცი ვინ იქნება მათ სიაში და დიდად არც მაინტერესებს. ოცნების სიაში ერთადერთი საინტერესო ის იქნებოდა თუ აბსოლუტურად სხვა ხალხს შეიყვანდნენ. ისე, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. სულ ახლებიც რომ შეიყვანოს, არც ეს მგონია რამე სიახლის მომტანი. თუ ესენი ხელისუფლებაში დარჩნენ, სრულიად მეორეხარისხოვანი მგონია, თუ ვინ ჩაიწერება „ოცნების" სიაში", - აცხადებს დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×