ელზა პაპოშვილი
04.07.2024

პრემიერი ირაკლი კობახიძე აშშ-ს პოლიტიკის და ურთიერთობის გადატვირთვას სთავაზობს. მისი თქმით, რამდენიმე წელია, ორ ქვეყანას შორის  ურთიერთობები დაზიანდა, თუმცა ოპტიმისტურად არის განწყობილი და შემხვედრ ნაბიჯებს  ელოდება. 

რა პასუხი აქვს ამაზე შტატების ადმინისტრაციას, ჯერჯერობით უცნობია. ამერიკის საელჩოში მიღებაზე სიტყვით გამოსულმა ელჩმა თბილისში განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს. რობინ დანიგანმა თქვა, რომ მის ქვეყანას თითოეულ ქართველთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს, რათა მხარი ღია და წარმატებულ საქართველოს დაუჭირონ. 

მან ასევე დაამატა, რომ „დღეს, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს, ვხედავთ მათ, ვინც ნერგავს შიშს  და ვინც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებს" -  ამ სიტყვებით მან საელჩოში მისულ სტუმრებს მიმართა. ამ მიმართვას ისმენდა ოცნების ხელისუფლებაც. 

საქართველოს არასდროს შეურცხვენია თავი პარტნიორულ ურთიერთობაში, პასუხობენ „ოცნებაში“, ამბობენ, რომ „აშშ-სთან თანამშრომლობის შესანიშნავი გამოცდილება გვაქვს და ზუსტად ასეთ თანამშრომლობას ვესწრაფვით“-ო. 

„აშშ ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მსოფლიოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ დღეს, რასაც ჰქვია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე,“ – თქვა აშშ-ის საელჩოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისულმა კობახიძემ.

„მინდა, მივულოცო აშშ-ს, ამერიკელ ხალხს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს დღევანდელი დღე, დამოუკიდებლობის დღე. ზოგადად, აშშ ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მსოფლიოს მასშტაბით, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ დღეს, რასაც ჰქვია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს დღე ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ ჩვენი სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. იყო რამდენიმე წელი, რამაც დააზიანა ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის, თუმცა მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, „რა იქნებოდა შემხვედრი ნაბიჯები“, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა: „არ მინდა, კონკრეტიკაში შევიდე, თუმცა ვფიქრობ, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ისეთი შემხვედრი ნაბიჯები ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც თვისებრივად გააჯანსაღებს ურთიერთობებს, რაც ასე სჭირდება ორივე ქვეყანას. მე ასე მჯერა, ეს სჭირდება როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს, ორივე ქვეყანას თანაბრად“, - ამბობს პრემიერი.  

„ურთიერთობების გადატვირთვა ნამდვილად მოხდება აშშ-თან, ოღონდ ახალი ხელისუფლების პირობებში, რომელიც არა მხოლოდ აღადგენს ურთიერთობებს, არამედ  საქართველო შეძლებს მიიღოს ისეთი სიკეთეები, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა აშშ-თან, გაღრმავებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები,“ - ამბობს საპასუხოდ ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ურთიერთობის აღდგენის რესურსი არსებობს, თუმცა ვერ ხედავს „ოცნების“ მხრიდან ამ წლების განმავლობაში იმის მცდელობას, რომ ეს გამოყენებული ყოფილიყოს. 

„როგორც აქ აკრედიტირებულ ელჩებთან და საელჩოებთან, ასევე ჩვენი ელჩების მხრიდან აქტიური მუშაობაა საჭირო. ინფორმაციის დროულ მიწოდებაზე უნდა იმუშაონ. ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი და დამაჯერებელი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ფაქტებით იქნება გაჯერებული. უწყვეტ რეჟიმში არის მუშაობა საჭირო. 

„არაობიექტური ინფორმაციის ნიაღვარი  მოდის ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ქვეყანაში არაჟნებთან ერთად შემოიპარა. ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიმართ არნახული ცილისწამება, დეზინფორმაცია და არ მინახავს მსოფლიოს წამყვან გამომცემლობებში თუ ტელევიზიებში ხელისუფლებას ამის საპირისპირო ინფორმაცია გაევრცელებინოს. ამის გაკეთება შესაძლებელია, თანაც ფაქტებით დამოწმებით.

„დასავლეთში არიან მიკერძოებული პუბლიკაციები და პუბლიცისტები. მათთან კომუნიკაცია და მუშაობა საჭიროა, რომ მეორე მხრიდანაც პოზიცია დაფიქსირდეს. ხელისუფლება ამ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ, სულ არის დასავლეთიდან თავდასხმის რეჟიმში და ესენი თავის მართლების რეჟიმში იმოფებიან. ამან ძალიან დააზიანა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია“, - ამბობს მამარაძე.

„დიპლომატურ დონეზე ისეთი რაღაცეები რჩება ყურადღების მიღმა, რაც შემდეგ ქმნის სრულიად სხვანაირ საინფორმაციო ველს და „ოცნება“ არის მხოლოდ თავის მართლების რეჟიმში გადასული. ბრძოლა დეზინფორმაციასთან, რამაც საქართველოს და დასავლეთის ურთიერთობა განსაკუთრებით დააზიანა, შესაძლოა ბევრად უფრო ეფექტური ყოფილიყო. აქამდე ეს არ ყოფილა. პრემიერს მოვუწოდებდი, რომ არჩევნებამდე ეს რესურსი გამოიყენოს. უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, თუნდაც იმ სენატორებთან და ევროპარლამენტარებთან, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი. პოლიტიკაში გაბუტვა და მსგავსი რამ არ შეიძლება. აქ დგას შენი ქვეყნის  ინტერესები და უსაფრთხოების საკითხი. ამიტომ, თუკი პრემიერი ამ მიმართულებით მუშაობას დაიწყებს, ამაზე კარგი არაფერი იქნება“, - ამბობს მამრაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×