ნატალია ჯვარიძე
25.08.2026

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ამბობს, რომ სკანდალი „ოცნების" იმიჯს დააზიანებს, თუმცა პოლიტიკურ სურათს არსებითად მაინც ვერ შეცვლის. მისი აზრით, შიდა დაპირისპირებები როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში გადამწყვეტი არ იქნება.

რამაზ საყვარელიძე: ვერ ვიტყოდი, რომ ახალი ბრალის წაყენება შურისძიებაა, რადგან მოვლენები დროში იმდენად ახლოს მოხდა, რომ სამართლებრივ სტრუქტურას - პროკურატურასა თუ სასამართლოს, ასე მოკლე დროში საქმის მომზადება და წარდგენა, სავარაუდოდ, გაუჭირდებოდა.

ჩემნაირი გამოცდილი თვალისთვის უფრო დამაჯერებელი ის ვერსია ჩანს, რომ ღარიბაშვილმა წინასწარ იცოდა, რას ამზადებდნენ მის წინააღმდეგ. ამიტომ ხმაურიანი განცხადებებითა და განგაშის ატეხით სცადა პროცესის შეჩერება.

  • „ნებისმიერი შიდა დაპირისპირება თუ პროტესტი აზიანებს მმართველი პარტიის იმიჯს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - მმართველი პარტიის მიმართ უარყოფითად განწყობილ ადამიანებს ეს ინფორმაცია პოზიციას უფრო გაუმძაფრებს, ხოლო დადებითად განწყობილების აზრს ვერ შეცვლის."

ეს ვერსია უფრო დამაჯერებელია იმის გამოც, რომ ამის ნიშნები თავად ღარიბაშვილის წერილებშიც ჩანს. ის წერს, რომ „ვიღაცას სურს, კიდევ უფრო დაანგრიოს ჩემი ოჯახი და ცხოვრებაო". ლოგიკურად შეიძლება იგულისხმებოდეს, რომ პატიმრობის ვადის გაზრდა მისთვის დამანგრეველია, რაც რეალურადაც ასეა - 5 და 15 წელი განსხვავებული ვადებია.

მეორე მხრივ, ამ წერილებში წამოყენებული ბრძოლის იდეა და ბოლოს გაკეთებული განცხადება, რომ „მე მაინც ვიბრძოლებ", ცოტა გაუგებარია. პირველ წერილში აქცენტი უფრო ივანიშვილზე კეთდებოდა და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი სწორედ მასთან ბრძოლისთვის ემზადებოდა. მოგვიანებით კი, აქცენტმა კობახიძეზე გადაინაცვლა, ხოლო ივანიშვილი თითქოს გვერდზე დარჩა.

ამიტომ, უფრო ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პატიმრობის ვადის გაზრდის გამო შექმნილი ემოციური კრიზისის ფონზე გაკეთდა ეს განცხადებები. მათ ლოგიკურ სურათს თუ დავაკვირდებით, ჩანს, რომ წერილების უკან ემოციები დგას და არა გააზრებული გეგმა.

„რეზონანსი": თქვენი აზრით, გავლენას ახდენს ღარიბაშვილის სკანდალი მმართველი პარტიის იმიჯზე?

რ.ს: რა თქმა უნდა, ნებისმიერი შიდა დაპირისპირება თუ პროტესტი აზიანებს მმართველი პარტიის იმიჯს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - მმართველი პარტიის მიმართ უარყოფითად განწყობილ ადამიანებს ეს ინფორმაცია პოზიციას უფრო გაუმძაფრებს, ხოლო დადებითად განწყობილების აზრს ვერ შეცვლის. ჩვენ ისე ვართ მოწყობილნი, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენს პოზიციას ემთხვევა, უფრო გვამახსოვრდება და გვამყარებს მასში.

შესაბამისად, ეს პროცესი უფრო გააძლიერებს „ოცნების" მიმართ უარყოფითად განწყობილებს, ხოლო თავად პარტიის მხარდამჭერთა ბირთვს დიდ ზიანს ვერ მიაყენებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ღარიბაშვილი „ოცნების" ფიგურებიდან ერთ-ერთი დადებითად აღქმული ლიდერი იყო საზოგადოებაში - როგორც ნეიტრალურ, ისე მმართველი გუნდის მომხრეებში. ვფიქრობ, ეს ფაქტორი „ოცნებამ" არ გაითვალისწინა, როდესაც ეს საქმე წამოიწყო. თუმცა, მეორე მხრივ, არც ღარიბაშვილს უარყვია კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა. ამიტომ, საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, ჰქონდათ თუ არა მორალური უფლება, დაემალათ ეს ფაქტი. მათთვის, შესაძლოა, უფრო მომგებიანიც ყოფილიყო ამის დაფარვა, მაგრამ ვიმეორებ, ნეიტრალურ ადამიანებში ღარიბაშვილის ფიგურა მაინც პოზიტიურად აღიქმებოდა.

„რ": შემოდგომა ახლოვდება და პოლიტიკურ ველზე ასეთი სიტუაციაა - ერთ მხარეს „ნაციონალური მოძრაობა" და „ახლები" არიან, რომლებსაც საკმაოდ დიდი დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები აქვთ. მეორე მხარეს კი ღარიბაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები. აქედან გამომდინარე, რას უნდა ველოდოთ შემოდგომაზე?

რ.ს: ჩანს, რომ ასეთი შიდა დაპირისპირებები გადამწყვეტ გავლენას ვერ ახდენს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. ოპოზიციაში დაპირისპირება იმავე ფიგურებს შორის ხდება, რომლებიც ადრე ერთად იყვნენ. თუ ადრე მათი ერთად ყოფნა მიუღებელი იყო ქართველი ამომრჩევლისთვის ხელისუფლების გასამარჯვებლად, ახლა ცალ-ცალკე ყოფნით კიდევ უფრო მიუღებლები გახდებიან. ასეთი დაშლა გავლენას ახდენს მხოლოდ უშუალოდ ოპოზიციური პლატფორმის მხარდამჭერთა ერთიანობაზე, მაგრამ მათ საერთო ოპოზიციურობას არ ცვლის.

ანალოგიურად, ხელისუფლების ბანაკშიც შეიძლება შეიცვალოს დამოკიდებულება უშუალოდ „ოცნების" მიმართ, მაგრამ ის ფაქტი, რომ მათთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობისა" და სააკაშვილის დაბრუნება, უცვლელი დარჩება მიუხედავად იმისა, ივანიშვილის მხარე უკავიათ მათ თუ ღარიბაშვილის.

რეალურად, პოლიტიკური მომავალი იმაზეა აწყობილი, დარჩება „ოცნება" ხელისუფლებაში თუ ამომრჩეველი გაუშვებს მას და მოიყვანს „ნაციონალურ მოძრაობას". მეტი ალტერნატივა, ფაქტობრივად, არ არსებობს და საბოლოო ჯამში პროცესები სწორედ ასე შეფასდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×